ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდათ

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 30 000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი სწავლას იმავე უმაღლეს სასწავლებელში შეძლებს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერის ინიციატივას პოპულისტური უწოდეს და ეს გადაწყვეტილება ექს-პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირების გადაფარვად მონათლეს. სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულეს, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში, სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. საუბარია, დაახლოებით, 40 მილიონ ლარზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

 

გადაწყვეტილება, რომელმაც მინიმუმ 30 000 ოჯახი გაახარა, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა:

„მინდა, შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს, ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. მე მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით, 30 000-მდე სტუდენტს, ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვს სტატუსი და ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება. სურვილის შემთხვევაში, მათ შეეძლებათ, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

მისივე განცხადებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, დაახლოებით, 40 მილიონ ლარამდე დავალიანება დაუგროვდათ. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზევე, საჯაროდ მიმართა განათლებისა და ფინანსთა  მინისტრებს, რომ დაუყოვნებლივ, იმ დღესვე დაეწყოთ კომუნიკაცია, რათა ეს პრობლემა დროის უმოკლეს ვადაში მოგვარდეს.

სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა:

„იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ და შეუერთდებიან სტუდენტებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, სამინისტროები შეიმუშავებენ საჭირო რეგულაციებს, რათა შეიქმნას შესაბამისი პირობები სტუდენტებისთვის დაგროვებული დავალიანების გასანულებლად.

მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვა პრობლემას წარმოადგენდა – ხშირად ფინანსური დავალიანების გამო, სტუდენტები იჩერებდნენ სტატუსს. დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში ასეთი, საქართველოს მოქალაქე, დაახლოებით, 30 000-მდე სტუდენტია, რომელთაც ახალი გადაწყვეტილების შედეგად, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ“.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულება ერთადერთი გადაწყვეტილება არ არის, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სტუდენტებს ეხებათ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამჟამად მოქმედი პროგრამით, დაახლოებით, 2 500 სტუდენტი 150-ლარიან სტიპენდიას იღებს. ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის მინისტრებს სტიპენდიის გაორმაგება დაავალა და ამიერიდან, 150 ლარის ლარის ნაცვლად, დაახლოებით, 5 000-მდე წარჩინებული სტუდენტი 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, ეს თანხა სიმბოლურია, მაგრამ როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ერთგვარი ჟესტი და წარჩინებული სტუდენტები დაფასება.

„გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთი, დადებითი და პოზიტიური ინფორმაცია გავუზიარო ჩვენს სტუდენტებს. მოგეხსენებათ, სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. პირველი, მინდა, გამოვყო ჩვენი განათლების საერთაშორისო ცენტრი. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ უკვე წლებია, ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს, დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი, 1 000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ მათ. ასევე, შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარი ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას, - ეს არის განსხვავება ჩვენს შორის. რეალურად, ჩვენ 1 000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან, ზოგი ბრუნდება, ზოგი არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ, კერძო სტრუქტურებში საქმდებიან და ეს ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა. ამ პროექტს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ, ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით“.

 

ავტორი: მაკა რუხაძე