რა ღონისძიებებს გეგმავს საქართველოს მთავრობა გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიმე დღის წინ, ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა კახეთის მუნიციპალიტეტები - თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი საგრძნობლად დააზიანა. განადგურდა ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები, თუმცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო კომპანია კახელი ფერმერებისა და გლეხებისგან დაზიანებულ ყურძენს აუცილებლად ჩაიბარებს. ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ხედვა აქვს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის განვითარების ნაწილში. „ვერსია“ აგრძელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის დეტალურ განხილვას, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის 1 ივლისს წარსდგა. ამჯერად, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა განვიხილოთ.  

სოფლის მეურნეობა

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული - 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 10.5%-ით აღემატება. მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც 2022 წლის მონაცემებით, 173 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1.7 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1.01 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 284 მილიონი ლარია.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში გაიცა 857 მილიონ ლარამდე ღირებულების 14 000-ზე მეტი სესხი, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 160 მილიონ ლარზე მეტია. პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, 3 000 ჰა-ზე მეტი ხეხილის ბაღი გაშენდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამა მოიცავს სეტყვის საწინააღმდეგო, წვეთოვანი სისტემებისა და ჭის ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობასაც.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ეგიდით, საანგარიშო პერიოდში, 44 ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო ინვესტიციის ოდენობა 57 მილიონ ლარს აჭარბებს. 2022 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალი საწარმოს შექმნის ან უკვე არსებული საწარმოს გაფართოება-გადაიარაღების თანადაფინანსებას. ამჟამად დაფინანსებულია 45 ბენეფიციარი - 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით, სადაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 17 მილიონ ლარზე მეტია. პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, ხელშეკრულება გაფორმდა 16 ბენეფიციართან“, - ვკითხულობთ პრემიერის ანგარიშში.

საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობას. 2023 წელს, სპეციალურად კოოპერატივებისათვის, ამოქმედდა „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ -  სახელმწიფოს მხრიდან, ღირებულების 50%-იანი საგრანტო დაფინანსებით, რისთვისაც გამოიყო 10 მილიონი ლარი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალური პროგრამებით, ჯამში ისარგებლა 26-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, ინვესტიციამ გადააჭარბა 7 მლნ ლარს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება, დაახლოებით, 5 მილიონი ლარი იყო. კოოპერატივებმა ისარგებლეს შემნახველი საწარმოების, მეფუტკრეობის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით.

„გრძელდება აგროდაზღვევის პროგრამის, როგორც ფერმერთა შემოსავლების დაცვის ინსტრუმენტის, განხორციელება. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მევენახე ფერმერები 50%-ის ნაცვლად, 70%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 4 ათასზე მეტი სადაზღვევო პოლისი გაიცა“.

2022 წელს ასევე დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, 0.25-იდან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარ მიწაზე განსაზღვრულია 300 ლარით - აგრობარათზე დარიცხული 300 ქულით. ქულების გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად, სპეციალიზებულ მაღაზიებში. პროგრამის ფარგლებში, 300 000-მდე ბენეფიციარმა მიიღო 35 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თხილის პირველადი წარმოების სტიმულირების მიზნით, 2022 წლის ნოემბერში დაიწყო „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“. ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, ერთ ჰექტარზე, 500-ლარიან დახმარებას იღებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 ათასამდე ბენეფიციარის 45 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში.

„აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ღვინის მარკეტინგული ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატებში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ამავე ქვეყნებში ჩატარდა დეგუსტაცია-სემინარები, მოეწყო ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში, კონკურსები, ფესტივალები, განხორციელდა სატელევიზო და რადიო-რეკლამირება, სოციალური მედიის აქტივობები. ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც მიზნობრივ ღონისძიებებს განხორციელებს აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ღვინის წარმოების მიმართულებით ისტორიული შედეგები დაფიქსირდა. საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულ იქნა 103 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“.

რაც მთავარია, გრძელდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და გარემოს დაცვის სფეროების ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმით გათვალისწინებულ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. საანგარიშო პერიოდში, მიღებულ იქნა 17 საკანონმდებლო აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. გარემოს დაცვის 10 სტანდარტი კი თვისობრივად დაუახლოვდა ევროპულ მოთხოვნებს.

 

გარემოს დაცვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2022 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა“, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტს წარმოადგენს და ხუთი წლის მანძილზე, მიზნად ისახავს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული გარემოსდაცვითი პრინციპების განხორციელების ხელშეწყობას.

„2022 წლის 1 ივლისს, ამოქმედდა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და ჩამოყალიბდა ევროპული დირექტივის შესაბამისი, სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სამართლებრივი სისტემა. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი პირი ვალდებულია, დაზიანებული ტერიტორია აღადგინოს ზიანის მიყენებამდე არსებულ მდგომარეობაში (ნაცვლად, მიყენებული ზიანის მონეტარული ანაზღაურებისა). ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით, 2022 წელს, დასრულდა ქალაქ რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომლის აქტივობებიც შესრულებულია 85%-ზე მეტით, რის შედეგადაც შემცირდა ქალაქში მყარი ნივთიერებებით დაბინძურების დონე. თუმცა, ადგილზე პრობლემები ჯერ ისევ რჩება, ამიტომ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, ასევე ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, შემუშავდა ჰაერის ხარისხის მართვის ახალი სამოქმედო გეგმის პროექტი და მიმდინარეობს მისი განხილვები. ევროკავშირის მხარდაჭერით, დაწყებულია ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება თბილისისთვის“.

საქართველოში, ავტომობილების პარკის გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების მიზნით, მომზადდა ტექნიკური რეგლამენტის პროექტი - ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ. ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს საქართველოში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გაფრქვევების Euro-5 სტანდარტის დანერგვას.

„ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემების გაფართოების მიზნით, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დაინერგა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის, კადმიუმის, დარიშხანის, ნიკელისა და ბენზაპირენის უწყვეტი მონიტორინგი. ამ ანალიზების ჩატარებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამ მიიღო ISO სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია. 2022 წელს შეძენილ იქნა კიდევ ოთხი ახალი ხელსაწყო, რომლებიც მიმდინარე წელს დამონტაჟდება. ამასთან, დამონტაჟდა და გაიმართა 38 ერთეული ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგური. აქედან 20 მეტეოროლოგიური და 18 ჰიდროლოგიური სადგური დამონტაჟდა გურიაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში“.

წელს, 3 აგვისტოს, შოვში დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა. სხვათა შორის, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს და ეს პრემიერის ანგარიშშიცაა ასახული. კერძოდ, შოვის ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე, 1 ივლისს, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის მიმართულებით, მდინარეთა 11 აუზში დასრულდა საფრთხეების რუკების მომზადებისთვის საჭირო ტოპოგრაფიულ-ჰიდრომეტრული სამუშაოები. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საფრთხეების რუკების მომზადების, ამინდისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების დანერგვის პროცესი.

„2022 წელს, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით. შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები რაჭაში, შიდა ქართლსა და ზემო იმერეთში. 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკებისა და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, სრულდება 3D განათების მოწყობის სამუშაოები მარტვილის კანიონისა და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ამ ადგილებს ვიზიტორებისთვის. საქართველოს ეროვნულ პარკებში, ვიზიტორთა უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის, შეიქმნა პირველი მობილური აპლიკაცია. წალკის კანიონზე უნიკალური ეკოტურისტული კომპლექსი გაიხსნა. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს, ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 53%-ით - 902 010 ვიზიტორი. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დაცული ტერიტორიების ფართობი 116.7 ათასი ჰექტარით გაიზარდა და ამჟამად შეადგენს 912 ათასზე მეტ ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 13%-ია“.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოდერნიზების კუთხით, მისი მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაღალი სანდოობის მქონე უწყებად ჩამოსაყალიბებლად. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურები სრულად აღიჭურვა სამხრე კამერებით, ვიდეო-რეგისტრატორებით, საველე პლანშეტებითა და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებებით (დრონები, ფოტო-ხაფანგები, ციფრული კავშირგაბმულობის სისტემები და სხვა). მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოსდაცვითი ინსპექტირების მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით, რათა ინსპექტირების პროცესი გახდეს უფრო ეფექტიანი და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს, რეგულირების ობიექტების ინსპექტირების რაოდენობა გაიზარდა 70%-ით.

ავტორი: მაკა რუხაძე