2022 წელს საქართველოში $2.1 მილიარდის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა - საქსტატი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ 98 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9%-ით აღემატება.

ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - რეინვესტირებისა და სააქციო კაპიტალის მაჩვენებლების მატებით.

გასულ წელს სააქციო კაპიტალის მოცულობა 697 მლნ დოლარი იყო. რაც შეეხება რეინვესტირებას, მისმა წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 65.7% შეადგინა (1 მლრდ 378 მლნ დოლარი). ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები ნაკლებად შემოდის და უკვე არსებული ინვესტორების მიერ ხდება მიღებული შემოსავლების/მოგების ხელმეორედ დაბანდება.

2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 538 მლნ დოლარი შეადგინა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკური სექტორების მიხედვით:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი - 538 მლნ დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.6%);
უძრავი ქონების სექტორი - 366.5 მლნ დოლარი (17.5%);
წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სექტორი - 197.2 მლნ დოლარი (9.4%).
საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების პირველი სამეული ასე ჩამოყალიბდა: გაერთიანებული სამეფო - 437 მლნ დოლარი (მთლიანი უცხოური ინვესტიციების 20.8%), ესპანეთი - 360.5 მლნ დოლარი (17.2%) და ნიდერლანდები - 196.2 მლნ დოლარი (9.4%). ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა, თუმცა კერძო სექტორის თუ ექსპერტების ნაწილი საინვესტიციო გარემოს გაუარესებასა და არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს, რაც ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს. ასეთ გამოწვევებს შორის სახელდება სასამართლო სისტემა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობა, შესაბამის სექტორთან კომუნიკაციის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ბიუროკრატიული ბარიერები, ჩაშლილი საინვესტიციო პროექტები, რომელთა გამოც მთავრობა საარბიტრაჟო დავებშია და ა.შ.