"სოკარი" და "ვისოლი" გეგმავენ, საწვავის ფასის გამო დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივრონ

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ხუთი მსხვილი ბენზინგასამართი კომპანიიდან ორი - "სოკარი" და "ვისოლი" - გეგმავენ სასამართლოს მიმართონ. კომპანიები არ ეთანხმებიან სააგენტოს გადაწყვეტილებას 2022 წლის მარტ-აგვისტოში საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების გამო სანქცირებაზე.

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ მედიისთვის ცნობილი გახდა დღეს, 18 აგვისტოს. დაჯარიმებულ "გალფს", "რომპეტროლსა" და "ლუკოილს" პოზიცია ჯერ არ გაუჟღერებიათ.

"მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ დადგენილი ჯარიმის ოდენობა მინიმალურია, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლო ინსტანციებს, რადგან ცალსახად არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით იმ შინაარს, რომელიც მოცემულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში", - აცხადებენ "ვისოლში" და დამატებით განმარტავენ, რომ "2022 წლის პირველ 8 თვეში ნავთობპროდუქტების ბაზარი გამოირჩეოდა გაზრდილი ტურბულენტობით, რასაც რეგიონში შექმნილი ობიექტური ფაქტორები ედო საფუძვლად".

კონკურენციის სააგენტოს პოზიციას არ ეთანხმებიან "სოკარშიც":

"იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა ჩვენი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა და სამართლიან შედეგს მივაღწევთ".

გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების გამო კონკურენციის სააგენტომ 5 უმსხვილესი ბენზინგასამართი კომპანია დააჯარიმა.

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ - 450 590 ლარით;
სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 693 576 ლარით;
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ - 1 073 859 ლარით;
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ - 718 986 ლარით;
შპს „რომპეტროლ საქართველო“ - 987 886 ლარით.

"მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საავტომობილო საწვავის ბაზარი, მოკვლევის პერიოდისათვის, ხასიათდებოდა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან განსახილველ პროდუქტზე იდენტური ფასწარმოქმნით, რის გამოც ერთმანეთის მიმართ ადგილი არ ჰქონია ფასისმიერ კონკურენციას. აღნიშნულის შედეგად ზიანი მიადგა როგორც შესაბამის ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, ასევე საბოლოო მომხმარებელს. სამომხმარებლო ზიანი გამოიხატა იმაში, რომ ფაქტობრივად გაიაფებული პროდუქტის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, კომპანიათა ამგვარი ქმედებების შედეგად, მომხმარებლებს უწევდათ დაუსაბუთებლად და არსებითად გაძვირებული ფასის გადახდა", - აღნიშნავს კონკურენციის სააგენტო.
სააგენტომ რამდენიმე გარემოება დაადგინა:

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ("გალფი"), შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ("რომპეტროლი"), შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ ("ლუკოილი"), სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ("ვისოლი") და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ ("სოკარი") მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების საწვავი ჰქონდათ, თუმცა კომპანიების საცალო საფასო პოლიტიკა იყო იდენტური და პროდუქტის თვითღირებულების ცვლილება არ აისახებოდა ბენზინგასამართ სადგურებზე;
"რომპეტროლს" საცალო ბაზარზე გაჰქონდა მაღალი თვითღირებულების საწვავი, ხოლო იაფიანს საბითუმო ბაზარზე კონკურენტს აწვდიდა;
ხუთივე კომპანიის წარმომადგენლებს შორის იყო აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია.
2022 წლის აპრილში, როცა საქართველოში საწვავის ფასის ზრდა უკვე თვალშისაცემი იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი". მან მაშინ იმპორტიორებს მოუწოდა, შეემცირებინათ ფასები. რამდენიმე თვის შემდეგ კი კონკურენციის სააგენტომ მისი დავალებით ბაზარზე საწვავის ფასების შესწავლა დაიწყო.

წყარო: radiotavisupleba.ge