II კვარტალში ვიზიტორებმა საქართველოში ₾3.4 მილიარდი დახარჯეს - საქსტატი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 57.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.5 მილიონი იყო. წლიური ზრდა 58.7%-ია.

აპრილ-ივნისში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი, 290.8 ათასი თურქეთიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.4%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (366.1 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (320.8 ათასი) და სომხეთის (214.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 6.1%-ით შემცირდა და 2 292 ლარი იყო.

არარეზიდენტმა ვიზიტორებმა ყველაზე მეტი თანხა განთავსებაში, საყიდლებში, ასევე საკვებსა და სასმელში დახარჯეს.

3 თვეში ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა (709.3 ათასი ვიზიტი) და აჭარაში (661.8 ათასი ვიზიტი).

აღსანიშნავია, რომ II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (51.5%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

საქსტატის თანახმად, ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.8 ღამე შეადგინა. ვიზიტების 73.9% განმეორებითი ხასიათის იყო.