დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში, მუნიციპალურ სერვისებსა და ქონების განკარგვაშიდუშეთის მუნიციპალიტეტში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დუშეთის მუნიციპალიტეტით დაინტერესდა. საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2020-2021 წლებს მოიცავს და როგორც მოსალოდნელი იყო, გარკვეული ხარვეზებიც გამოვლინდა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებში, მუნიციპალური სერვისების მიწოდებასა და ქონების განკვარგვაში. დარღვევების გამოვლენის შემდეგ, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა მთელი რიგი რეკომენდაციები შეიმუშავეს, რაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს.

 

ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო ბიუჯეტის გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. შესაბამისად, 2020-2021 წლებში, ამ საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 31% დააკლდა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

„დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 3 711 100 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. 52 შესყიდვის შემთხვევაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ უზრუნველჰყო შესყიდვების პროცესის სწორად წარმართვა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა და მიმწოდებლების შერჩევა სათანადო ბაზრის კვლევის საფუძველზე, მათ შორის, ხუთ შემთხვევაში, ხელშეკრულებები გაუფორმდათ ისეთ მიმწოდებლებს, რომელთა გამოცდილების შესახებ მერია ინფორმაციას არ ფლობდა. აღნიშნულმა კომპანიებმა ვერ შეძლეს სამუშაოების დასრულება და მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიიღო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მერიამ ვერ უზრუნველჰყო სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნების დაცვა; მერიამ მიმწოდებლები შეარჩია და ხელშეკრულებები გააფორმა ისეთ კომპანიებთან, რომელთაც არ ჰქონდათ სათანადო გამოცდილება. შედეგად, 1 868300 ლარის სამუშაოები ვერ შესრულდა, ხელშეკრულებები შეწყდა და მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიიღო დაგეგმილი სარგებელი.

„მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართა ხარვეზებით და დაარღვია მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპი. სატენდერო პირობები მოიცავდა შემზღუდავ და ბუნდოვან მოთხოვნებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვია პოტენციურ მიმწოდებელთა ბაზრის შეზღუდვა და სახელმწიფო შესყიდვების მორგება კონკრეტული მეწარმე სუბიექტის ინტერესებზე. დუშეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველჰყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. პრეტენდენტის არასაკმარისად დასაბუთებული დისკვალიფიკაციის შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა 36700 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა“.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, დუშეთის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 114800 ლარის ღირებულების ისეთი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც არ გამოუყენებია. პროექტების შეძენაზე გაწეული ხარჯი შეიძლება ჩაითვალოს არაეფექტიან ხარჯად. ამასთან, სახელმწიფო მაკონტროლებლები ეჭვობენ, რომ არსებობს რისკი, დროთა განმავლობაში საქონლის საბაზრო ღირებულებისა და სხვადასხვა გარემოების, მათ შორის, ობიექტის მდგომარეობის ცვლილების გამო, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გახდეს შეუსაბამო და კორექტირებისათვის საბიუჯეტო თანხები დამატებით დაიხარჯოს.

„დუშეთის მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველჰყოფს უხარისხოდ შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად ზრდიდა მიწოდების ვადებს და აზიანებდა შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს.მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების, ასევე, შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ, მიმდინარეობს ხარვეზებით. დუშეთის მერიამ ვერ უზრუნველჰყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 466 000 ლარი და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ხელშეკრულების ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ადმინისტრირების პროცესში, დუშეთის მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები. მერიამ მიმწოდებლებს არ დაარიცხა საჯარიმო თანხა - 28400 ლარი, ასევე ვერ უზრუნველჰყო 330300 ლარის დარიცხული პირგასამტეხლოს მიღება. მეტიც, დუშეთის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმა საზოგადოებრივი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების საფუძვლით, თუმცა ვერ უზრუნველჰყო საპროექტო დოკუმენტაციისა და სამუშაოების დროული შესრულება. შესაბამისად, მოსახლეობას ინფრასტრუქტურული სერვისი მიეწოდა დაგვიანებით. 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ შესრულდა 66%-ით, ხოლო 2021 წელს - 69%-ით.

 

ხარვეზები მუნიციპალურ სერვისებსა და ქონების მართვაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტი დაფუძნებულ იურიდიულ პირებს მართავდა ხარვეზებით, კერძოდ, არ იყო დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება; რიგ შემთხვევაში, თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამებოდა.

„მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება; დაწესებული არ არის წყლის გადასახადი, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არაპროდუქტიულად იხარჯება.ქონების განკარგვის პროცესი მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ნაკლოვანებებით: ქონების ნაწილს, შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, იყენებენ არაუფლებამოსილი პირები და ქირას მუნიციპალიტეტს არ უხდიან. მუნიციპალური შპს-ები მათზე უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემულ ქონებას სასყიდლიანი სარგებლობით გასცემენ მუნიციპალიტეტთან შეთანხმების და ქონების გაქირავების რეალური საბაზრო ფასის დადგენის გარეშე“.

დუშეთის მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

„მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალიტეტის დადგენილებით განსაზღვრულ ოდენობას. მუნიციპალიტეტში დანერგილი კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვას, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.2020-2021 წლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტმა საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, 111800 ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, დუშეთის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით, 20 000 ლარის საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მერია ვალდებული იყო, პირველ რიგში, გამოეყენებინა საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ხარვეზები საბიუჯეტო პროცესში

დუშეთის მერიაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო პროცესი წარიმართა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზით. დაინტერესებულ პირებს არ მიეწოდათ ინფორმაცია პროგრამების შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ, არ შესრულდა საკანონმდებლო მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მოხელეთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფისთვის.

„კონტროლის სუსტი მექანიზმების გამო, მერიამ ვერ უზრუნველჰყო უნებართვო მშენებლობის ფაქტების დადგენა და სათანადო რეაგირება. შედეგად, უნებართვო მშენებლობის ფაქტები მერიამ დაგვიანებით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ ვერ გამოავლინა და მშენებლობის შეჩერების მიზნით არ განახორციელა სათანადო რეაგირება. გარდა ამისა, 2020-2021 წლებში, მუნიციპალიტეტს ემსახურებოდა ბანკი, რომელიც ანგარიშზე ფულადი რესურსების განთავსების სანაცვლოდ, ურიცხავდა სარგებელს. მერიამ არ ჩაატარა ბაზრის კვლევა საბანკო მომსახურების საუკეთესო შეთავაზების გამოსავლენად, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტს მოუტანდა დამატებით ფინანსურ სარგებელს“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, დუშეთის მერია ვერ უზრუნველჰყოფდა საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო 111600ლარის მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.

„შიდა აუდიტის სამსახურს სათანადოდ არ შეუსწავლია ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, არ გამოუვლენია სისტემური ხასიათის რისკები და მათი აღმოფხვრის მიზნით არ გაუცია შესაბამისი რეკომენდაციები. შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველჰყო მერიის საქმიანობის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვისა და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა“.

 

რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც დარღვევები გამოავლინეს, სახელმწიფო აუდიტორებმა გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რომლებიც დუშეთის მუნიციპალიტეტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს. გთავაზობთ ამ რეკომენდაციებს, მცირეოდენი შემოკლებით:

„დუშეთის მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შემოსულობების სათანადო პროგნოზირება და ბიუჯეტში მყისიერი ასახვა. ამასთან, ბიუჯეტის განწერისას, შეიმუშაოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველჰყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას. მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც მოქმედი სტანდარტების დაცვით, დეტალურად გაიწერება სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას“.

სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაციით, დუშეთის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, უნდა დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რათა უზრუნველჰყოს ბაზრის სათანადო კვლევა. მერიამ ბაზრის კვლევის პროცესი უნდა წარმართოს იმგვარად, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას შეექმნას მაქსიმალურად სრულყოფილი სურათი ბაზარზე არსებული შემოთავაზებებისა და პოტენციური მიმწოდებლების შესახებ, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს შესყიდვების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრას საბაზრო ღირებულების შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას, გამოცდილი/კვალიფიციური მიმწოდებლების შერჩევასა და შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების დაცვას.

„დუშეთის მერიამ უნდა შეიმუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების წესი და უნდა განსაზღვროს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი პროდუქტის შეძენას; აღნიშნული უზრუნველჰყოფს ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოებისა და რეალური ვადების განსაზღვრას და გააუმჯობესებს საბიუჯეტო ასიგნებების გეგმურ და თანაბარ ხარჯვას. ამასთან, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში, საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, პროექტის ავტორის და საექსპერტო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას; მათ შორის, შეისწავლოს პროექტის პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად დასრულებას, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას“.

გარდა ამისა, დუშეთის მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით,უნდა შეიმუშაოს ქონების მართვის სტრატეგია და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქონების მონიტორინგისა და განკარგვის გაუმჯობესებას, ქონების თვითნებურად დაკავების თავიდან აცილებას ან/და დროულად გამოვლენას. მერიამ უნდა განახორციელოს შესაბამისი რეაგირება მუნიციპალური ქონების არაუფლებამოსილი პირების მიერ გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური ქონების მართვის პროცესის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. ამასთან, მუნიციპალური ქონების დაზიანების შემთხვევაში, შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა უნდა დაადგინონ მიყენებული ზარალის ოდენობა და გაატარონ სათანადო ღონისძიებები მის ასანაზღაურებლად.

 

ავტორი-მაკა რუხაძე