რა ფუნქციას ასრულებს ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკაში და რა პერსპექტივები აქვს მას მსოფლიო ახალი გადანაწილების კონტექსტში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი ცვლის ან მომავალში შეცვლის მსოფლიო პოლიტიკურ ან ეკონომიკურ წესრიგს, ცდებით. პოლიტოლოგებისა და ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, არც მეტი და არც ნაკლები, ამერიკასა და ჩინეთს შორის გლობალური პირველობისთვის მიმდინარე ბრძოლა გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი მოვლენა.

 ფაქტია,  რომ ახლა რუსული საფრთხე ბევრად უფრო აქტუალურია არა მარტო დასავლეთისთვის, არამედ საქართველოსთვის, მაგრამ ამერიკა-ჩინეთს შორის პაექრობა ჩვენი ქვეყნისთვისაც გადამწყვეტი მოვლენაა. მეტიც, საერთაშორისო ექსპერტებს შორის, დიდი ხანია, მუსირებს აზრთა სხვადასხვაობა - ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, აშშ და რუსეთიც კი გარიგდნენ, თუმცა იგივე ექსპერტების დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას უტოპიურს უწოდებს.

 ნაწილს მიაჩნია, რომ ჩინეთის წინააღმდეგ, დასავლეთი უნდა დაუზავდეს რუსეთს. თუმცა ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ექსპერტთა უდიდესი ნაწილი, რადგან მათი მოსაზრებით, არასათანადოდ აფასებენ რუსეთს და იმ ზარალს, რომელიც შეიძლება მოგვაყენოს მაშინაც კი, როცა უკრაინაში შეჭრის გამო, თავად სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში იძირება. რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ძირს უთხრის დასავლურ ფასეულობებს, ამიტომ აუცილებელია მასთან წინააღმდეგობა საქმით და არა მხოლოდ სანქციებით.

 საინტერესოა, რა ფუნქციას ასრულებს ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკაში და რა პერსპექტივები აქვს მას? რამდენად ობიექტურია ექსპერტთა მოსაზრებები გლობალური ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში? „ვერსია“ ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, თემურ ბასილიას აშშ-ში დაუკავშირდა:

 „როდესაც გვინდა, ვისაუბროთ ჩინეთის როლზე გლობალურ ეკონომიკაში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ გასული საუკუნის 70-ან წლებამდე, იგი იყო ინდუსტიულად სუსტად განვითარებული, აგრარული ქვეყანა.

 საქმეში ჩაუხედავი ხალხისთვის, ალბათ, უცნაურად შეიძლება ჩანდეს, რომ 70-იანი წლებიდან დაწყებულ ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობას საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა, რომელმაც გამოაცხადა დათბობის პოლიტიკა ჩინეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მიმართ. სწორედ რიჩარდ ნიქსონის ამ პოლიტიკის შედეგად შეძლო ჩინეთმა, მიეღო ახალი ტექნოლოგიები შეერთებული შტატებიდან, რამაც შემდეგში ხელი შეუწყო, რომ ჩინეთში წარმოებული პროდუქცია შესულიყო შეერთებული შტატების ბაზარზე. რამდენადაც, ჩინეთში სამუშაო ძალა საკმაოდ იაფი იყო, პრაქტიკულად, ჩინეთი გახდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იაფფასიანი პროდუქციის შეტანის წყარო.

 მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, იყო მცდელობა, ეს მიდგომა შეცვლილიყო, მათ შორის, ამერიკული კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ ჩინეთში, დაბრუნებულიყვნენ შეერთებულ შტატებში, რეალურად, ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება. საბოლოო ჯამში, როგორც არ უნდა შეფუთონ, ან წარმოაჩინონ ჩინეთის როლი სხვადასხვა დაინტერესებულმა პირებმა, დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკაში, ჩინეთი უდიდეს წილადაა დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. ეს არის რეალობა“.

 ცხადია, „ვერსია“ დაინტერესდა, როგორ და რა ფორმით აისახება საქართველოზე ჩინეთის ეკონომიკური გაძლიერება, რომელზეც თემურ ბასილიამ გვიპასუხა, რომ საქართველომ აუცილებად უნდა ითანამშრომლოს ჩინეთთან, უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანასთან კარგი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს საქართველოში არა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროგაერთიანებას, არამედ, თურქეთსა და რუსეთსაც კი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პარტნიორები არიან.

 „ვერსიის“ კითხვაზე, შეძლებს ჩინეთი აშშ-ს ჩაჩოჩებას, თემურ ბასილიამ გვიპასუხა:

„რა თქმა უნდა, დღეისთვის ჩინეთის ეკონომიკა საკმაოდ არის წასული წინ, მაგრამ შორეულ თვალსაწიერშიც კი, ჩინეთი ვერ შეძლებს შეერთებული შტატების არა თუ ჩანაცვლებას, არამედ, მასთან მიახლოებასაც კი!“

საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, გამორიცხული არაა, რუსეთი და აშშ ერთმანეთს გაურიგდნენ კიდეც, ჩინეთის წინააღმდეგ და ამ მოსაზრებას უკრაინელი ექსპერტებიც იზიარებენ. „ვერსია“ დაინტერესდა, რამდენად საფუძვლიანია ასეთი მოსაზრება და თუ ასე მოხდება, უნდა ველოდოთ თუ არა „ახალ მსოფლიო წესრიგს“, რაზეც თემურ ბასილიამ გვიპასუხა:

„არ ვიცი, რომელ უკრაინელ ექპერტებზეა საუბარი, თუმცა ძალიან კარგად ვიცი, შეერთებულ შტატებში ბევრი გავლენიანი პირი ფიქრობს, რომ უკრაინა არ უნდა დამარცხდეს რუსეთთან ომში, თუმცა არც რუსეთი უნდა დამარცხდეს იმ ფორმით, რომ მან ვერ შეძლოს ჩინეთის დაბალანსება.

 მესმის, რომ შესაძლოა, საქართველოში ბევრს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ამერიკის თვალსაზრისით, გარკვეულწილად, რუსეთი აბალანსებდა ჩინეთს, შემაკავებელ როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს ამ მიმართულებით. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ რუსეთმა მომავალშიც უნდა შეასრულოს ეს როლი, რადგან თუ ამჟამინდელი ბალანსი დაირღვევა, ეს გამოიწვევს ჩინეთის გაძლიერებას, რაც ნამდვილად არ არის შეერთებული შტატების ინტერესებში“.

ავტორი: მაკა რუხაძე