რომელ ევროპულ ქალაქებში დაგიჯდებათ მოგზაურობა და ცხოვრება ყველაზე იაფი?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გამოცემა Time out-ი ევროპის იმ ქალაქებს გვაცნობს, სადაც ცხოვრება და მოგზაურობა ყველაზე იაფია.

რეიტინგში პირველ ადგილს პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი - კრაკოვი იკავებს. ქალაქი არა მხოლოდ სილამაზით, არამედ მდიდარი კულტურითაც გამოირჩევა. კრაკოვი ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანსაა მორგებული და სულაც არ გჭირდებათ კოლოსალური რაოდენობის თანხა იმისთვის, რომ აქ მოგზაურობა დაგეგმოთ. იქ უამრავი იაფი ბარი და რესტორანია, სადაც უგემრიელესი სამზარეულოს დაგემოვნებას ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ. ერთ-ოთახიანი ბინის დაქირავება კი, 77 დოლარიდან შეგიძლიათ.

ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგში მეორე ადგილს ლატვიის დედაქალაქი რიგა იკავებს, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ ქალაქად ითვლება. რიგაში მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ როგორც იაფი საკვები, ასევე ტრანსპორტი და საცხოვრებელიც. Airbnb-ის თანახმად, იქ ბინის დაქირავება 64 დოლარიდან შეგიძლიათ. გარდა ამისა, ქალაქი როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს მრავალ უფასო აქტივობას სთავაზობს. თუ სუფთა ჰაერი და დასვენება თქვენთვის პრიორიტეტია, ქალაქი რეკრეაციული სივრცეების ფართო არჩევანს გთავაზობთ, ხოლო თუ აქტიური დასვენება და თავგადასავლები გხიბლავთ, იცოდეთ, რომ რიგაში სასმელი ნამდვილად ძალიან იაფია.

რეიტინგში მესამე ადგილს, ჩეხეთის ქალაქი ჩესკი-კრუმლოვი იკავებს. ქალაქი ძალიან ჰგავს პრაღას, თუმცა ჩეხეთის დედაქალაქისგან განსხვავებით, მისი მონახულება გაცილებით უფრო ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. თუ ისტორია და კულტურა გაინტერესებთ, ჩესკი-კრუმლოვი ნამდვილად თქვენთვისაა, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი სავსეა ისტორიული ძეგლებით, მუზეუმებითა და სამხატვრო გალერეებით. ის ასევე ღამის ცხოვრებითაც გამორჩეულია. ქალაქში თქვენს ბიუჯეტზე მორგებულ უამრავ ბარს, კლუბსა და რესტორანს აღმოაჩენთ, სადაც გემრიელი კერძებისა და სასმელის დაგემოვნებას შეძლებთ. ჩესკი-კრუმლოვში განთავსება 99 დოლარიდან არის შესაძლებელი.

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქი, რომელიც მოგზაურებს უამრავ საინტერესო თავგადასავალს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს - რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტია, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. ისტორიული არქიტექტურით გამორჩეული ქალაქი სავსეა მუზეუმებით, პარკებით, იაფი სავაჭრო ცენტრებითა და რესტორნებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ნამდვილად ხელმისაწვდომია და მთელი ქალაქის მასშტაბით გადაადგილება ძალიან იაფად არის შესაძლებელი. ბუქარესტში ბინის დაქირავების ფასი 59 დოლარიდან იწყება. ხელმისაწვდომ ფასად იპოვით ასევე სასტუმროებსა და ჰოსტელებსაც.

იაფი ქალაქების რეიტინგში მეხუთე ადგილს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი იკავებს. ბელგრადი ტურისტებს უამრავ საინტერესო სანახაობას სთავაზობს, დაწყებული შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლებით, დამთავრებული ცოცხალი ღამის ცხოვრებით. ქალაქი ასევე სავსეა ისეთი ღირსშესანიშნაობებით, რომელთა მონახულებაც არამხოლოდ ძალიან იაფი, არამედ, ხშირ შემთხვევაში სრულიად უფასოა. მაგალითად, როგორიცაა კალემეგდანის ციხე-სიმაგრის მონახულება, სკადარლიას ბოჰემურ კვარტალში სეირნობა ან ავალას კოშკიდან ხედებით დატკბობა. ქალაქში ყოველდღიურად უამრავი კონცერტი თუ კულტურული ღონისძიება ტარდება, იქ ასევე smokey dive ბარებსა და სუპერ-იაფ რესტორნებსაც მარტივად აღმოაჩენთ. ბელგრადი იაფი საცხოვრებლითაც გამორჩეულია, ბინის დაქირავება სულ რაღაც 51 დოლარიდან არის შესაძლებელი.

რაც შეეხება, ევროპის ყველაზე ბიუჯეტური ქალაქების რეიტინგის ათეულში შემავალ დანარჩენ ქვეყნებს, ესენია:

6. კაუნასი, ლიეტუვა;
7. ზაგრები, ხორვატია;
8. არგოსი, საბერძნეთი;
9. მარსალფორნი, მალტა;
10. სოფია, ბულგარეთი.