რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

220 480 ევროდ გაყიდული  ბინა სტრასბურგში და მიწის ნაკვეთები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

 

გამორჩეულად აქტიური, ხისტი, მკაცრი, შეუვალი - ასეთია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი იყო. ყველაზე ხშირად სწორედ მას აკრიტიკებენ, თავის მხრივ, არც წულუკიანი ერიდება კამათს ოპონენტებთან. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ პოლიტიკური ჭორების სამიზნეც სწორედ თეა წულუკიანია - დაახლოებით, ერთი თვის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წულუკიანის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას აპირებდა, მაგრამ სულ მალე გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ჭორი იყო... როგორც მიხვდით, „ვერსია“ სწორედ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა. თუმცა, ვიდრე დეკლარაციას გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანს ჰყავს მეუღლე - ნუგზარ (ნუგო) კაკულია და ერთი ქალიშვილი - მერი, რომელიც 2017 წელს დაიბადა.

 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, 2023 წლის 31 იანვარს შეავსო. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მინისტრის საკუთრებაშია რამდენიმე მიწის ნაკვეთი, კერძოდ: მიწის ნაკვეთი დიღომში, რომელიც 2005 წელს, ჩუქებით გადაეცა; 2013 წელს, დამატებით შეიძინა 1 000 კვ.მ., რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები და ავტოფარეხი; ასევე, წულუკიანს ჩუქებით გადაეცა 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიაში, 2017 წელს.

თეა წულუკიანის მეუღლის, ნუგზარ კაკულია ფლობს 50 009 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ახალქალაქში, რომელიც 2016 წელს, 7 000 ლარად შეუძენია; ბინას თბილისში, რომელიც 2021 წელს, ჩუქებით გადაეცა და მსუბუქ ავტომანქანა Cayenne-ს, რომელშიც შარშან 12 000 აშშ დოლარად შეუძენია.

ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თეა წულუკიანის შვილის სახელზეა გაფორმებული 1 182 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სამტრედიაში, რომელიც ჩუქებით გადაეცა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, თეა წულუკიანს საქართველოს ბანკში - 637.99 ლარი, ხოლო საბავშვო ანაბარზე - 15 956 ლარი ერიცხებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე, 2022 წელს, ხელფასის სახით, თეა წულუკიანმა 66 000 ლარი მიიღო.

თვალი გადავავლოთ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციასაც, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წლის მარტში, ნუგზარ კაკულიას ჩუქებით გადაეცა 3 607 კვ.მ. ბინა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე. გარდა ამისა, ფლობს 50 009 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ახალქალაქის რაიონში, სოფელ დილისკაში, რომელშიც 2016 წელს, 7 000 ლარი გადაუხდია.

2020 წელს, სამტრედიის რაიონში, სოფელ ტოლებში, 1 182 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წულუკიანის პატარა გოგონასთვის უჩუქებიათ.

2005 წელს, სოფელ დიღომში, თეა წულუკიანს საჩუქრად მიუღია 1 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მის სახელზეა რეგისტრირებული 2017 წელს ნაჩუქარი 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში.

2020 წელს, ნუგზარ კაკულიამ მსუბუქი ავტომანქანა BMW Sedan 535 L შეიძინა, რომელშიც 10 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების დროს, თეა წულუკიანს საქართველოს ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 3 305 ლარი, საბავშვო ანაბარზე კი - 12 348 ლარი.

ნუგზარ კაკულიას საქართველოს ბანკის საბარათე ანგარიშზე ჰქონდა 2 497 ლარი. სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა-პროგრამების განვითარების დარგში, კონსულტანტის პოზიციაზე, ერთი წლის განმავლობაში,  ნუგზარ კაკულიას ხელფასის სახით 35 167 ლარი მიუღია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე, 2021 წლის 22 მარტიდან 31 დეკემბრამდე, ხელფასის სახით, თეა წულუკიანმა 46 904 ლარი მიიღო. საქართველოს პარლამენტის აპარატში, პარლამენტის წევრობისა და კომიტეტის თავჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს, 2021 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში,  წულუკიანს 11 607 ლარი მიუღია.

მინისტრს სამომხმარებლო სესხიც ჰქონია, 62 400 აშშ დოლარის ოდენობით. თეა წულუკიანს რამდენიმე სესხი გაუერთიანებია და 2020 წელს, საქართველოს ბანკიდან 56 140 ლარი მიუღია, რომლის გადახდის ბოლო ვადაა 2030 წელი.

2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ისიც ირკვევა, რომ თეა წულუკიანს სტრასბურგის ბინა გაუყიდია, ბინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი - 220 480 ევრო, ანაბრის სახით შეუტანია ბანკში.

სამომხმარებლო სესხი - 34 000 ლარის ოდენობით, ნუგზარ კაკულიასაც ჰქონია, რომლის გადახდის ბოლო ვადა 2031 წელია. გარდა ამისა, მინისტრის მეუღლეს მშობლებისგან, საჩუქრის სახით, ბინა მიუღია, რომლის საბაზრო ღირებულება 30 000 აშშ დოლარია.

დეკლარაციიდან იმასაც ვიგებთ, რომ წულუკიანს, ნათესავის მიერ, მის სასარგებლოდ აღებული სესხის გადაფარვაში 8 261 აშშ დოლარი გადაუხდია.

რაც შეეხება სწავლის გადასახადს, 2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ამ მიზნით, თეა წულუკიანს 11 724 ლარი დაუხარჯავს.

 

ავტორი: მაკა რუხაძე