რატომ გახდა „ბილაინი“ „სელფი“ და რატომ იყიდა კომპანიის აქციები ხვიჩა მაქაცარიამ

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე სიახლეა. უფრო ზუსტად, კომპანია „ბილაინმა“ სახელი შეიცვალა და 5 აპრილიდან, საკუთარ აბონენტებს „სელფის“ სახელით ემსახურება.  საკმარისია beeline.ge-ზე შეხვიდეთ და ახალ ვებგვერდზე - cellfie.ge - ავტომატურად გადამისამართდებით.

„ჩვენ გვესმის, რომ ამ ცვლილებამ შეიძლება ბევრი კითხვა გაგიჩინოთ. გარწმუნებთ, ახალ ბრენდზე გადასვლა არ შეგიქმნით დისკომფორტს. თქვენგან არ იქნება საჭირო რამე მოქმედების შესრულება - თქვენივე ნომრით და ჩართული მომსახურებებით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობთ“, - ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ვერსია“ დაინტერესდა, რას ნიშნავს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე განხორციელებული ეს ცვლილება, ან რატომ გადაირქვა „ბილაინმა“ სახელი. თუმცა, ვიდრე დეტალურ ინფორმაციას გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბილაინს“, რომელსაც ახლა „სელფი“ ჰქვია, შპს „ვიონი საქართველო“ ფლობს. „ვიონი საქართველოს მესაკუთრეები კი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები არიან.

 

ახალი ბრენდი - „სელფი“

„ბილაინის“ ვებგვერდიდან „სელფზე“ ავტომატურ რეჟიმში გადასვლისთანავე ვიგებთ, რომ ესაა ახალი ქართული ბრენდი, რომელიც აერთიანებს „ადგილობრივ ტელეკომინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალწლიან გამოცდილებას, მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკასა და ციფრული ტანსფორმაციის წარმატებულ ისტორიას“.მნიშვნელოვანია, რომ „სელფის“ მთავარი იდეა აბონენტის გვერდში ყოფნაა მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ ვითარებაში:

„ბრენდის მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ, განაპირობებს ახალი შესაძლებლობების მიცემას, პროფესიული და პერსონალური მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის. „სელფის“ შექმნა განაპირობა კომპანიის მიერ ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ და უნარმა, რომ 1.3 მილიონ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით. „სელფის“ მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ტექნოლოგიური განვითარებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი აღმოჩნდეს“.

„სელფი მობაილის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ბერიშვილის განცხადებით, „სელფი“ ერგება თითოეულ მის მომხმარებელს და შესაძლებლობას აძლევს, რომსრულად  გამოხატოს საკუთარი თავი:

„მოხარული ვარ, მომხმარებელს წარვუდგინო ჩვენი ახალი ბრენდი - „სელფი“, რომლითაც დღეიდან ვიწყებთ ოპერირებას. ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა, მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას. შეიძლება ითქვას, რომ „სელფის“ მეშვეობით, მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან „სელფი“ აბონენტს ერთდროულად სთავაზობს ყველაფერს, რაც მას სჭირდება: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს“.

ვასილ ბერიშვილის განცხადებით,ინოვაციასა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციასთან ერთად, უცვლელიაკომპანიის მთავარი ღირებულება - ყოველთვის მისცესსაკუთარ მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზება და მასზე მორგებული მომსახურება.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, მობილური ოპერატორების წილი ასეა გადანაწილებული: „მაგთიკომი“ - 42%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო „ვიონი საქართველო“ ანუ „ბილაინი“ - 25%.

 

რუსეთ-უკრაინის ომი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი

მართალია, ოფიციალურად ეს ვერსია არ დასტურდება, მაგრამ ირიბად, „ბილაინის“ რებრენდინგი რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ირიბად იმიტომ, რომ ქართველმა ბიზნესმენმა, რომელმაც 2022 წლის მაისში, „ბილაინის“ 100%-იანი წილი შეიძინა, განაცხადა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არაფერ შუაშია, ამ კომპანიის შეძენა ბევრად უფრო ადრე მქონდა გადაწყვეტილი და მოლაპარაკებებიც დიდი ხნის წინ დაიწყოო. თუმცა, ასეა, თუ ისე, „ბილაინის“ მფლობელი ერთი წლის წინ, მაისში შეიცვალა, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ზუსტად სამ თვეში, თუ უფრო მეტად დავკონკრეტდებით, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მიერ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კვლდაკვალ.

ზუსტად ერთი წლის წინ, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სიაში რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი მოხვდა, რომელსაც კომპანია „ბილაინი“ უკავშირდებოდა, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მსხვილი გარიგება დასრულდა. კერძოდ, ხმა გავრცელდა, რომ „ბილაინის“ აქციების 100%-იანი წილი ქართველმა ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ შეიძინა. რაც შეეხება კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, უწყებამ ამ გარიგებაში საეჭვო ვერაფერი შენიშნა და „ბილაინის“ანუ „ვიონი საქართველოს“ გაყიდვის ნებართვა ოფიციალურად გასცა.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, „ვიონი საქართველოს“ორი მფლობელი კომპანია ჰყავს: Watertrail Industries- 71%და Investico Alliance- 29%; ორივე ეს კომპანია ანუ Watertrail Industries და Investico Allianceოფშორულ ზონაში, უფრო ზუსტად, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. ხვიჩა მაქაცარიამ ორივე ამ კომპანიის 100%-100%-იანი წილების შეძენა გადაწყვიტა.

თუ კიდევ უფრო მეტად ჩავუღრმავდებით, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს - Watertrail Industries-სა და Investico Alliance-სს„ვიონ ჯორჯია ჰოლდინგს B.V“ ფლობს, რომელიც კორპორაცია Veon-ის ნაწილია. თავის მხრივ, Veon-ი ნიდერლანდებში დაფუძნებული კორპორაციაა. მნიშვნელოვანია, რომ„ვიონი ჯგუფის“ აქციათა 43.8% საფონდო ბირჟაზე, თავისუფალ ვაჭრობაშია, 47.9%-ს ფლობს სანქცირებული ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილი კომპანია Letter One.

2022 წლის 5 მაისს, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ჩათვალა, რომ:

„ხვიჩა მაქაცარიას მიერ, აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან“.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ფლობსრესტორნებს, სასტუმროებს, სამშენებლო და „რითეილ“ (სავაჭრო) კომპანიებს, ან საკმაოდ სოლიდურ წილებს ამ ბაზრებზე არსებულ კომპანიებში. კერძოდ,ხვიჩა მაქაცარია ფლობს წილებს „თელასში“, „თბილისი მოლსა“ და საქართველოს ლატარიის ეროვნულ კომპანიაში. გარდა ამისა,მაქცარია CBS ჯგუფის დამფუძნებელია.

 

ტრანზაქციის დეტალები

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, „ბილაინის“ 100%-იანი წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით, 2022 წლის აპრილში მიმართა.  თავის მხრივ, „კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ კომპანია „ვიონ ჯორჯია ჰოლდინგ B.V“-ის კუთვნილ Watertrail Industries-სა და Investico Alliance-ის 100%-100%-იანი წილების გასხვისების თანხმობა გასცა:

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომუნიკაციების კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

კანონმდებლობის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე/შეძენაზე, ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება ტრანზაქციის გამოკვლევის თაობაზე და საქმის წარმოება დაიწყოს.

საკითხის შესწავლის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

რატომ შეიძინა ხვიჩა მაქაცარიამ „ბილაინის“ 100%-იანი აქტივი? - ამ კითხვას „ბი ემ ჯი TV“-ის ეთერში, თავადCBS ჯგუფის დამფუძნებელმა უპასუხა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, სატელეკომუნიკაციო ბიზნესის საქართველოში განვითარებასურდა:

„დიდი ხნის განმავლობაში, ამ კომპანიაში („ბილაინი“) მინორიტარულ წილს ვფლობდი. მართალია, კომპანიის განვითარების შესახებ ჩემი ხედვები მქონდა, მაგრამამ კომპანიაზე არანაირი გავლენა არ მქონდა, რადგან მინორიტარი ვიყავი. მე ჩემი ხედვა მქონდა, მათ - თავისი. მათთვის ეს ექსპერიმენტული რაღაც იყო, ჩემთვის კი ბიზნესი იყო საქართველოში და სულ სხვა ხედვა მქონდა. ბოლოს და ბოლოს, დავარწმუნეთ, რომ ეს კომპანია ჩვენ უნდა გვეყიდა“.

CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორის, თამარ გახარიას განცხადებით, მოლაპარაკების პროცესს უამრავი გარდამტეხი პერიოდი ახლდა, რომელიც საერთაშორისო არბიტრაჟშიც კი გადაიზარდა. საბოლოოდ, ყველაფერი CBS ჯგუფის სურვილის მიხედვით დასრულდა.

„ჩვენი პორტფელი, რომელიც გაერთიანებულია ძირითადი აქციონერის ქვეშ, მუდმივად ცვალებადია. ეს პროცესი არ იწყება და არ სრულდება, კომპანიების შემადგენლობა იცვლება იმ თვალსაზრისით, რომ ვყიდით და ვყიდულობთ კიდეც. 2022 წელს,ჩვენი მიმართულებები პრიორიტეტების მიხედვით დავყავით, რაც ბიზნესის რამდენიმე სფეროს - ენერგეტიკასადა ტელეკომს მოიცავდა“, -აღნიშნა თამარ გახარიამ.

რატომ გადაერქვა „ბილაინს“ სახელი? ხვიჩა მაქაცარიას განცხადებით, კომპანიის რებრენდინგი ჯერ კიდევ შარშან დაიგეგმა. მისი თქმით, 2023 წელს, „ბილაინთან“ დაკავშირებით, საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ: პირველი და უმთავრესი მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა, მეორე - ქსელის გაფართოება და მესამე - რებრენდინგი.მაქაცარიასვე თქმით,CBS ჯგუფი ამ გეგმებს „თიბისი ბანკთან“ პარტნიორობით შეასრულებს.

ავტორი-მაკა რუხაძე