იურისტ ანა დოლიძის ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბინები თბილისში, ძვირფასი სამკაულები და ნახატი - რა ქონებას ფლობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი

 

 „ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას“, - ასე განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მას შემდეგ, რაც კოალიციამ „ძლიერი საქართველო“, საარჩევნო გეგმის „ილიას გზა“ პრეზენტაცია გამართა. დიახ, კოალიციაში „ძლიერი საქართველო“, ამ ეტაპზე, გაერთიანებულნი არიან: მამუკა ხაზარაძის „ლელო“, ოპოზიციური გაერთიანება „თავისუფლების მოედანი“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“. „ვერსია“ ანა დოლიძის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ, თუმცა მანამდე, მისი ბიოგრაფია გავიხსენოთ.

 

ანა დოლიძის ბიოგრაფია

ქართველი იურისტი, მეცნიერი და ახლა უკვე მომავალი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე დაიბადა 1979 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2004 წელს მიენიჭა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი (LLM); 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „სასამართლოს მეგობარი საერთაშორისო სამართალში“, მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 2002 წელს გაიარა სტაჟირება ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში; 2002-2003 წწ. - მუშაობდა ორგანიზაცია - SavetheChildren- საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პროგრამის ოფიცერის თანამდებობაზე; 2008-2009 წწ. - იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის Human RightWatch-ის მკვლევარი.

წაკითხული აქვს ლექციები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ნიუ იორკის უნივერსიტეტში, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, ლონდონოს ეკონომიკურ სკოლაში, დიუკის უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში, ქუინსის უნივერსიტეტში (ჩრდილოეთ ირლანდია), გლაზგოს უნივერსიტეტში; გამოქვეყნებული აქვს ორი წიგნი და ოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ანგარიში გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართლის, საერთაშორისო სამართლის საკითხებზე (ინგლისურ და ქართულ ენებზე); მიღებული აქვს მრავალი პროფესიული სტიპენდია და ჯილდო, მათ შორის, ატლანტიკ ბრიუკეს „ახალგაზრდა ევროპელი ლიდერი“ (2009), იყო კორნელის უნივერსიტეტის სრული სადოქტორო სტიპენდიანტი, ატლანტიური აკადემიის, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთბების ცენტრის, კოლუმბიის უნივერსიტეტის და სტენფორდის უნივერსიტეტის, ბრიტანეთის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის მოწვეული მკვლევარი.

2000–2001 წწ. იყო ორგანიზაცია Project Harmony International-ის საქართველოს ოფისში ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი თანამშრომლობის პროგრამის ასისტენტი, შემდეგ - ამავე პროგრამის კოორდინატორი; 2013-2016 წწ. - დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (კანადა); 2015 წლის მაისიდან 2016 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე; 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; 2017 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წლის იანვრიდან დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; 2019 წლის ოქტომბერში დააარსა კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“; 2020 წლის 22 ივნისს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და იმავე წელს, დააფუძნა მოძრაობა „ხალხისთვის“; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი. ანა დოლიძეიურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია.

 

ანა დოლიძის ქონება

საკმაოდ შთამბეჭდავია ანა დოლიძის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლა უკვე ყოფილმა და მაშინ ჯერ კიდევ მოქმედმა წევრმა, სულ ბოლოს, 2021 წლის 27 სექტემბერს შეავსო.

დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ანა დოლიძეს ჰყავს მეუღლე, გიორგი კიზირია და შვილები - ანდრია კაკაბაძე (პირველი ქორწინებიდან) და კრავაი კიზირია. ანა დოლიძს საკუთრებაშია 58 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, რომელიც 2003 წელს შეუძენია, თუმცა ფასი დეკლარაციაში არ მიუთითებია. მისივე საკუთრებაშია 194 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2016 წელს, 140 000 ლარად შეუძენია.

რაც შეეხება მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კიზირიას საკუთრებაშია 476 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები თბილისში, რაც 2020 წელს, 95.2 აშშ დოლარად (?!) შეუძენია... სამწუხაროდ, დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის, ეს რა ტიპის გადასახადია და არც შენიშვნაშია დამატებითი ინფორმაცია მითითებული, ამიტომ ჩვენ ვერ „ვიმკითხავებთ“, თუმცა ფაქტია, ინფორმაცია არასრულია და დაკონკრეტება სჭირდება. კიდევ უფრო საინტერესოა კიზირიას სახელზე რეგისტრირებული 392 კვ. მ. ფართობის ბინაც, რომელიც 2020 წელს, 78.4 აშშ დოლარად (?!) შეიძინა. ინფორმაცია არც ამ შემთხვევაშია დაკონკრეტებული. გარდა ამისა, კიზირიასთვის უჩუქებიათ და შესაბამისად, 12.5%-იან წილს ფლობს 555 კვ. მ. ფართობის ბინაში, თბილისში.

ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ანა დოლიძისთვის მეუღლეს 10 000-დოლარიანი სამკაული, 4 000-ლარიანი ნახატი და 2 000-ევროიანი სამკაული უჩუქებია.

ანა დოლიძე რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, საიდანაც მისი შემოსავალი 11 000 ლარია. მეუღლე, გიორგი კიზირია შპს „ქართული ბაღების“ 50%-იანი წილის მფლობელია, ის აგრეთვე კომპანია „რელიფ ინტერნეიშენალის“ დირექტორიცაა. გიორგი კიზირიას წლიური შემოსავალ 180 000 ლარია, ხოლო ანა დოლიძის წლიური შემოსავალი, უხეში გათვლებით, 85 000 ლარია.

დეკლარაციის მიხედვით, ანა დოლიძის იპოთეკის პროცენტის წლიური გასავალია 36 432 ლარი, ხოლო ანდრია კაკაბაძის სწავლის გადასახადის სახით, 3 000 ლარს იხდის.

 ავტორი; მაკა რუხაძე