სოფო ჯაფარიძის ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბინები და მიწის ნაკვეთები თბილისში, ბაკურიანში, საგურამოსა და ბათუმში

ის ახლა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი გახლავთ. ამის მიუხედავად, სოფო ჯაფარიძე ფართო აუდიტორიამ პანდემიის დროს, სოციალური პლატფორმით - „მედგიდი“ გაიცნო, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით,სხვადასხვა ადამიანებიპროფესიონალი ექიმებისგან საჭირო რჩევებს იღებდნენ. „ვერსია“, სწორედ სოფო ჯაფარიძის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ.

 

თუმცა, ვიდრე პროფესიით ექიმისა და ახლა უკვე პოლიტიკოსის დეკლარაციას განვიხილავთ, შეგახსნებთ, რომ სოფო ჯაფარიძე ექიმების ოჯახში გაიზარდა. ერთ-ერთ ინტერვიუში, თავადვე განაცხადა, რომ დედისა და მამის მხრიდან ოთხი თაობა, ყველა ექიმი იყო და ვერც კი წარმოედგინა, თუ ამის გარდა, სხვა პროფესიაც არსებობდა. სოფო ჯაფარიძის ბაბუა - ვახტანგ ყიფიანი, თავის დროზე, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ...

კიდევ ერთი დეტალი, რაც სოფო ჯაფარიძეს უკავშირდება, „პოსტივის“ინფორმაციაა, რომელზე დაყრდნობითაც ირკვევა, რომ გაზაფხულზე, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილი ფულით,მან მადრიდში ბინა იყიდა. ამის დასტურად, სოფო ჯაფარიძე და მისი მეუღლე- გიორგი ჭოლაძე, 7 მაისს, მადრიდში იმყოფებოდნენ, - ვკითხულობთ „პოსტივის“ ინფორმაციაში.

ახლა ვნახოთ, ოფიციალურად რა ქონებას ფლობს სოფო ჯაფარიძე. ქონებრივი დეკლარაცია, რომელსაც დღეს განვიხილავთ, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატმა 2024 წლის 30 აპრილს შეავსო. დეკლარაციაში მითითებულია, რომ სოფოს და მის მეუღლეს ჰყავთ სამი ვაჟი - ვანო, ზუკა და ვახტანგ ჭოლაძეები.

დეკლარაციის მიხედვით, სოფო ჯაფარიძის 100%-იან საკუთრებაშია 56.8 კვ.მ. ფართობის ბინა ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, რომელიც 2017 წელს, 4 500 ლარად შეუძენია. სოფო ჯაფარიძის 100%-იან საკუთრებაშია 120 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, საგურამოში - ეს მიწის ნაკვეთი 2021 წელს, 60 000 ლარად შეუძენია. გარდა ამისა, სოფო ჯაფარიძის 100%-იან საკუთრებაშია 45 კვ.მ. ფართობის ბინა ბათუმში, რომელიც 2020 წელს, 60 000 ლარად შეიძინა.

თუ ფიქრობთ, რომ სოფო ჯაფარიძის უძრავი ქონება ამით ამოიწურა, ძალიან ცდებით. მის 100%-იან საკუთრებაშია 1 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, კატო მიქელაძის ქუჩაზე, რომელიც 2016 წელს, 100 000 ლარად შეუძენია. სოფო ჯაფარიძის 100%-იან საკუთრებაშია კიდევ ერთი, 611 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, რომელიც 2016 წელს, 200 000 ლარად შეუძენია. გარდა ამისა, სოფო ჯაფარიძის 100%-იან საკუთრებაშია 33 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, ვაკეში, ილო მოსაშვილის ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს, 100 000 ლარად შეუძენია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სოფო ჯაფარიძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი „ვოლკსვაგენი“, რომელიც 2022 წელს, 35 000 აშშ დოლარად შეუძენია. მისი მეუღლის, გიორგი ჭოლაძის საკუთრებაშია ორი მსუბუქი ავტომობილი - „ტოიოტა“, რომელიც 2015 წელს, 45 000 აშშ დოლარად უყიდია და „რენჯროვერი“, რომელშიც 2022 წელს, 60 000 აშშ დოლარი გადაუხდია.

ქონებრივი დეკლარაციიდან ისიც ირკვევა, რომ გიორგი ჭოლაძე სს „დიდუბის ავტოვაგზლის“ აქციების 27.8%-ის მფლობელია და აქედან მისი ყოველთვიური შემოსავალი 5 000 ლარია.

გარდა ამისა, სოფო ჯაფარიძეს თიბისი ბანკში აქვს ანაბარი, რომლის ანგარიშზე ირიცხება 350 000 ლარი. იქვე განმარტებულია, რომ ესაა ქონებით გაყიდული შემოსავალი და დანაზოგი.

სოფო ჯაფარიძის, როგორც დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის წლიური შემოსავალი 46 696 ლარია; როგორც შპს „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარი დიაგნოზის“ წამყვანის წლიური ანაზღაურება - 19 028 ლარი. სოფო ჯაფარიძე სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიწვეეული პედაგოგია და მისი ყოველთვიური შემოსავალი 426 ლარია.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ სოფო ჯაფარიძე ბინის გაქირავების საშუალებით, თვეში 800 აშშ დოლარს იღებს; მისი მეუღლის, როგორც „დიდუბის ავტოვაგზლის“ აქციონერის წლიური შემოსავალი კი 50 000 ლარია.

 ავტორი: მაკა რუხაძე