როგორ ცდილობდა ქმარი ცოლის ბიზნესის გაკოტრებას

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ბიზნესი - მაგიური სიტყვა, რომელიც ყველას მოსწონს და სიტყვა, რომლის გაგონებაზეცნებისმიერი მზად არის, რამე იდეა წამოაყენოს,მოიფიქროს, ინვესტორს შესთავაზოს და ყველა დარწმუნებულია, რომ მისი იდეა უტყუარია, რომ აუცილებლად გაამართლებს, რომ... რომ... სინამდვილეში კი, ერთეულებს უმართლებს, იმ ერთეულებს, რომელთა ისტორიებს ვკითხულობთ, ზოგს ეს ისტორიები მოსწონს, ზოგს შურს, ზოგი ფიქრობს, რომ იმ დროსა და გარემოში მასაც გაუმართლებდა, მაგრამ იმ დროს სხვაგან იყო.რეალურად კი, ბიზნესს ცოდნა სჭირდება, ფიქრი, გათვლა, ზომიერი რისკი და ზომიერი გამართლება.

 

ახლაცაა და ადრეც იყო ქიმწმენდა - იმას, რასაც შინ ვერ რეცხავთ, მიგაქვთ ქიმწმენდაში (პალტო, ქურთუკი, პიჯაკი) და იქ წმენდენ, თუმცა სხვაობა ამ ქიმწმენდებშიცაა, ვიღაცამ იცის, ვიღაცამ - არა და გაწმენდის ნაცვლად, ლაქებს ტოვებს, ან ქსოვილს ისე თელავს, ჩაცმა აღარ მოგინდება.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ქიმწმენდისთვის არავის ეცალა. რა პალტოებისა და ლაბადების გაწმენდა, ხალხს პურის ფული უჭირდა, იმ პურის, რომლის რიგშიც 10-12 საათი დგომაჩვეულებრივი ამბავი იყო. ჰო, ახლანდელმა თაობამ არ იცის, თორემ 90-იანებში გვიხაროდა ყველაფერი - შუქის მოსვლა, წყლის მოსვლა, გაზი, პურის ყიდვა... ტრანსპორტი სანატრელი იყო და ბენზინის რიგები ხომ, საერთოდ, ნუღარ იტყვით - თუ სადმე ბენზინი იყო, მაშინვე თავდებოდა. მერე კი, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ნელ-ნელა სახელმწიფოს დავემსგავსეთ. მერე რა, რომ პენსია 7 ლარი იყო, ერთ ადგილზე არ იდგა ქვეყანა, იგრძნობოდა, რომ წინ მივდიოდით, ნელი ნაბიჯებით, ტაატით, მაგრამ მაინც წინ. მერე იყო 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ და პირველი რამდენიმე წელი, მართლაც, წინსვლა, თუმცა ისევ ნელ-ნელა ყველაფერი დიქტატურაში გადაიზარდა და საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, სადამდეც მივედით.

აი, სწორედ მაშინ, როცა წინსვლა დიდი ნაბიჯებით დავიწყეთ, უკვე პოლიციად გადაქცეულ მილიციაში,ასე, 40 წლამდე ქალი მივიდა და გამომძიებელთან შეხვედრა ითხოვა.

„როცა ქვეყანა დაინგრა, ქიმწმენდაში ვმუშაობდი,რიგით სპეციალისტად. მერე, ის ჩვენი ობიექტი არავის უნდოდა. დაახლოებით, ხუთი წლის წინ გავიარე, ვნახე, ისევ ისე იყო მიგდებული, სახელმწიფოსგან გამოვისყიდე და ავამუშავე. საქმე ძალიან კარგად წავიდა, ფეხზე დავდექი და ახლა ყველაფერი თავზე მნგრევა. მეორე თვეა, უკმაყოფილო კლიენტებს ვერ ავუდივარ. ვიღაც, წმენდის დროს, რაღაც სითხეს ურევს და ის სითხე ყველა სახის ქსოვილსა თუ ტყავს ისე ალაქავებს,შეცვლა აღარ შემიძლია. გარდა იმისა, რომ გაფუჭებული ტანსაცმლის ფასს ვანაზღაურებ, სახელიც გაუტყდა ჩემს საწარმოს და კლიენტი სულ უფრო ნააკლებია. გთხოვთ, დამეხმარეთ და ახლავე გეტყვით, რომ ეჭვი ერთ ძველ ტექნოლოგზე მაქვს, ჩემთან მუშაობდა თავის დროზე, აქ მოვიყვანე და რეალურად, მას მოჰყვნენ კლიენტები, მაგრამ მგონია, რომ ძალიან დაბერდა, რომ რაღაც ეშლება, მაგრამ ჯიუტობს, მე არაფერ შუაში ვარო“, -განაცხადა ქალმა.

საქმე ცოტა უცნაური კი იყო, მაგრამ გამოძიებას სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა ემოქმედა. პირველ რიგში, სწორედ ის ვეტერანი თანამშრომელი დაჰკითხეს, რომელზეც ეჭვი ქიმწმენდის მეპატრონეს ჰქონდა.როცა კაცმა ძალოვნების ვიზიტის მიზეზი გაიგო, სახე შეეცვალა და ბოლო ხმაზე აყვირდა.

„თქვენ ხომ არ გაგიჟდით? 46 წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული, არასოდეს არაფერი შემშლია. მარტო საქართველოში კი არა, მთელ საბჭოთა კავშირში ვერ მონახავთ ადამიანს, რომელიც ამ საქმეში მაჯობებს. იმ ქალს მტერი ჰყავს და ვინ მტრობს, მე არ ვიცი. აგერ, ახალი გოგო რომ მიიღო, ეგ ადრე სხვა ქიმწმენდაში მუშაობდა, იქნებ, კონკურენტია, იქნებ, შემოგზავნილია“, - ყვიროდა კაცი.

საინტერესო ის გახლდათ, რომ იმ გოგოზე თავად ქიმწმენდის დირექტორს სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი და ეს საეჭვო გახლდათ. ამიტომ, ისე, რომ დირექტორისთვის არაფერი უთქვამთ, გოგონას თვალთვალი დაიწყეს და იმავე საღამოს შედეგიც დაიდო - გოგო სხვა ქიმწმენდის მფლობელს შეხვდა, თუმცა მათ შორის დაძაბული საუბარი წარიმართა. ახლოს მდგომ ოპერმუშაკს კარგად ესმოდა, როგორ ითხოვდა გოგო ფულს და თუ არ მიიღებდა, ყველაფრის თქმით იმუქრებოდა. სამართალდამცავებმა ჩათვალეს, რომ საქმე გახსნილი იყო და როგორც კი გოგო მამაკაცს დაშორდა, მაშინვე აიყვანეს.

„ხსნარი? რა ხსნარი? იმ ქიმწმენდიდან იმიტომ წამოვედი, რომ მისი მფლობელის ცოლი ეჭვიანობდა.ვაღიარებ, იმ კაცთან ურთიერთობა მქონდა, ორსულად ვარ, დამპირდა, ფულს მოგცემ და აბორტი გაიკეთეო, მე კი აბორტის გაკეთება არ მინდა, ბავშვი უნდა გავაჩინო. ამისთვის კი ფული მჭირდება. ბინა სადაც მაქვს ნააქირავები, გვერდით, ახლოში, პატარა ოთახი იყიდება, იაფად. დამპირდა, გიყიდიო და ისინიც მელოდებიან, თუ სამ დღეში, ფულს არ მივიტან, ბინას გაყიდიან და ისევ ნაქირავებში დავრჩები. რაც შეეხება ხსნარს, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება ასხამდეს, ან რატომ უნდა ასხამდეს“, - განაცხადა გოგონამ.

ძალოვნებმა ერთმანეთს გადახედეს, მიხვდნენ, საქმეს ასე მარტივად ვერ გახსნიდნენ და ამიტომ, ქიმწმენდის დირექტორს სთხოვეს, ჩვენი ერთი თანამშრომელი დამლაგებლად აიყვანე, ყველაფერს თვალ-ყური რომ მიადევნოსო. რა თქმა უნდა, დირექტორი დათანხმდა და მეორე დღეს, პოლიციის ახალგაზრდა ლეიტენანტი გულმოდგინედ ხვეტდა ქიმწმენდის ტერიტორიას. ყველაფრის მიუხედავად, ის განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ იმ ვეტერან თანამშრომელს აქცევდა, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა ტანისამოსთანაც, საწმენდ ქვაბთანაც და სპეციალურ ხსნარებსაც თავად აზავებდა. ორდღიანი დაკვირვების შემდეგ, „დამლაგებელმა“ თქვა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც ხსნარებს ეხება, სწორედ ის მოხუცი კაცია, სხვა, ხსნარებთან არავინ შემინიშნავსო და შეცდომაც სწორედ აქ დაუშვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ახალბედა ლეიტენანტმა ხსნარებთან კიდევ დაინახა ერთი ადამიანი, მაგრამ თავად, დამოუკიდებლად ჩათვალა, რომ ის დანაშაულს არ ჩაიდენდა. მანამდე კი, სამართალდამცავებმა ისევ მოხუცი დაჰკითხეს.

„რა გინდათ, თავი მოვიკლა?! ამ სიბერეში, გინდათ,სახელი გამიტეხოთ?! მთელი ცხოვრება პატიოსნად ვიშრომე, პატიოსნად ვემსახურე იმ საქმეს, რომელიც ვიცი და ახლა მეუბნებით, რომ ვითომ მე რაღაცას სპეციალურად ვაკეთებ, ვიღაცის ბიზნესი რომ ჩავაგდო. იმას რატომ არ ფიქრობთ, რომ ამ ბიზნესის ჩავარდნით, მეც უმუშევარი ვრჩები და გამოდის, სიბერეში ჩემი თავის მტერი გავხდი? იქ არ ეძებთ, ბატონებო, სადაც უნდა ეძებდეთ. რატომ არ დაჰკითხეთ დირექტორის ქმარი? ყოველ საღამოს საამქროშია, თან მუდმივად ხსნარებთან ტრიალებს. ეგებ, მას სურს, რომ ცოლის ბიზნესი ჩავარდეს, აბა, მე რა ვიცი, ვის ოჯახში რა ხდება? იქნებ, ერთმანეთს შორდებიან“, - განაცხადა კაცმა.

გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს. მათ თანამშრომელ „დამლაგებელს“, დირექტორის ქმარზე სიტყვაც არ ჰქონდა ნაათქვამი და ამიტომ, მას დაუძახეს.

„კი, ის კაცი ყოველ საღამოს საამქროშია, ხსნარებთანაც ხშირად მიდის, მაგრამ ის ხომ დირექტორის ქმარია და რაში უნდა აწყობდესხსნარების არევა და რამეს დამატება? ასე, ხომ,ცოლის ბიზნესი ჩავარდება და ისიც იზარალებს“, -თქვა ლეიტენანტმა და... ახსნა-განმარტებითი ბარათის დაწერის გარდა, არც საყვედური ასცდა.ძალოვნებმა დირექტორის მეუღლის თვალთვალი დაიწყეს და მალევე მიხვდნენ, რომ დამნაშავე სწორედ ის იყო. მამაკაცი საამქროში ჯიბეში დამალული ბოთლით შედიოდა, იქიდან გამოსული კი, უკვე ცარიელ ბოთლს ნაგვის ურნაში აგდებდა. ახლა,მთავარი იმის დადგენა იყო, თუ რატომ იქცეოდა კაცი ასე და ამისთვის მისი ფაქტზე დაჭერა გახლდათ საჭირო. ამიტომ, ის მაშინ დააკავეს, როცა საამქროში შესვლას აპირებდა და ჯიბეში ქიმიური ხსნარით სავსე ბოთლი უნახეს. სახელდახელო დაკითხვა ქიმწმენდის დირექტორის კაბინეტში შედგა. თავად ქალი მომხდარით გაოგნებული იყო და ქმრისგან ახსნა-განმარტებების გაკეთებას მოუთმენლად ელოდა.

„ჩვენი ოცნება ბავშვი იყო, შვილი წლების განმავლობააში არ გვიჩნდებოდა. აი, მერე, როცა შვილი გვეყოლა, ცოლის ოცნება საკუთარი საქმე გახლდათ და ჩემი ფულით ვუყიდე ის საამქრო, სადაც თავად მუშაობდა. აქ შევცდი, მას შემდეგ, მე ცოლი დავკარგე, ბავშვმა - დედა და მას ძიძა ზრდის. გაიხსენე, როდის იყავი ბოლოს, ჩვენთან ერთად,სადმე დასასვენებლად? გაიხსენე, ბოლოს როდის ისეირნე ჩვენთან ერთად საღამოს, ან დილით? ბოლოს როდის გეჭირა ხელში ჩვენი საოცნებო შვილი და ბოლოს როდის მითხარი, რომ გიყვარვარ? ამიტომ არ მინდა, გქონდეს შენი საქმე, ამიტომ ვაფუჭებდი ყველაფერს, რომ ოჯახში დამებრუნებინე“, -განაცხადა კაცმა და ქალს უკვე არაფერი ესმოდა, ცრემლეები ღაპაღუპით მოსდიოდა.

 

 

ავტორი:  ბათო ჯაფარიძე