საქართველოში საკლუბო ფეხბურთი მკვდარია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფეხბურთში, ევროთასების შესარჩევი ეტაპი გახურდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული კლუბებისთვის უკვე დასრულებულია. მართალია, გათამაშების მესამე ეტაპზე „იბერია 1999“ კი გამოდის, მაგრამ თბილისურმა კლუბმა პირველი შეხვედრა შინ წააგო და უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ვერც სტუმრად, საპასუხო მატჩში ივარგებს.

რა სჭირს ქართულ საკლუბო ფეხბურთს? პირველ რიგში ის, რომ, პრაქტიკულად, ყველას ჰყავს არაერთი ისეთი ლეგიონერი, რომელიც საშუალო დონისაა. ვერ გაიგეს ქართულმა კლუბებმა, რომ თუ ადამიანი ფერადკანიანია, აუცილებლად ფეხბურთელი ვერ იქნება და ვერც ბრაზილიის პასპორტია იმის გარანტი, რომ მისი მფლობელი ფეხბურთს თამაშობს. ჰოდა, ჩამოგვყავს ეგზოტიკური შეფერილობის მამაკაცები, რომლეებსაც ვაიძულებთ, ფეხბურთი ითამაშონ, მაგრამ არ იციან. სამაგიეროდ, სოლიდურ ხელფასებს იღებენ (ქართული საზომებით, 5-6 ათასი დოლარი აშკარად სოლიდურია, მით უმეტეს, თუ ფეხბურთის თამაში არ იცი და არც არავინ გთხოვს) და გზას უკეტავენ პერსპექტიულ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებმაც, შესაძლოა, დიდი ფეხბურთი ითამაშონ, მაგრამ საამისო შანსი, უბრალოდ, არ ეძლევათ. არადა, სწორი მიდგომით, სწორი მუშაობით, შედეგის მიღწევა აშკარად შეიძლება და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. ავიღოთ სომხური და აზერბაიჯანული კლუბები. არ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლები ჯგუფურ ეტაპებზე, ლამის, მუდმივად თამაშობენ, ახლაც კი, როცა საქართველს ყველა წარმომადგენელი გამოეთიშა ევროთასებს, მათ სამ-სამი კლუბი შერჩათ. საქმეშია ფარერული გუნდი, ლუქსემბურგის გუნდი ანუ ქვეყნების, რომელთა ნაკრებებს კი არ მოვუგებთ, ბურთს თავზე გადავახევთ, მაგრამ საკლუბო დონეზე გვჯაბნიან.

ლეგიონერების ჩამოყვანის გარდა, ერთგვარ მოდად შემოვიდა ისიც, რომ გუნდს აუცილებლად უცხოელი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს და მნიშვნელობა არ აქვს, ამ სპეციალისტს აქვს თუ არა შესაბამისი კვალიფიკაცია. აგერ, გორის „დილას“ პორტუგალიელ მწვრთნელზე ამბობდნენ, კარგიაო, მაგრამ ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, ის სომხურმა კლუბმა გადაიბირა, სამჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა და ისიც წავიდა. „დილა“ ევროთასებზე არ არის, ის სომხური კლუბი კი დღემდე ასპარეზობს.

სად არის გამოსავალი? ფეხბურთში მხოლოდ ფულის ჩადება არ კმარა. იმისთვის, რომ შედეგი გვქონდეს, აუცილებელია კვალიფიციური მწვრთნელი და კვალიფიციური ფეხბურთელები, არ არის აუცილებელი, კარგად რომ ითამაშო, აუცილებლად ფერადკანიანი იყო. გვახსოვს ისეთებიც, ვითომ სინჯებზე რომ ჩამოდიოდნენ და მერე „ზაპრავკაზე“ ჩამსხმელად რომ მუშაობდნენ. ახლაც, ლეგიონერთა 95% უბრალოდ გასაგდებია, მაგრამ... იმასაც ამბობენ, ასე ფულს ათეთრებენო და რა გითხრათ აბა, რაც დაზუსტებით არ ვიცით.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე