სამი ოქრო და საქართველომ მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ზემოდან დახედა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოეთი - 1.5 მილიარდი, თურქეთი - 80 მილიონი, მექსიკა - 113 მილიონი, კოლუმბია - 50 მილიონი, მალაიზია - 30 მილიონი, პერუ - 30 მილიონი, ჩრდილოეთ კორეა - 30 მილიონი, კოტ დივუარი - 30 მილიონი - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოსახლეობაც საქართველოსას, ყველაზე ცოტა, ათჯერ აღემატება და რომლებსაც ამ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი არ ღირსებიათ. ჰო, ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა ოქროს გემო ვერ გაიგეს და ჩვენ, პატარა ქვეყნის ამაყმა შვილებმა, მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ - You know, 300 Aragveli?

ცოტა არ იყოს, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ მეტიც შეგვეძლო და თან როგორ შეგვეძლო. არავის ეგონა, რომ მრისხანე მეტოქის მიუხედავად, ფინალს წააგებდა ტატო გრიგალაშვილი და ასევე არავის ეგონა, რომ ფინალში საუცხოოდ მოჭიდავე ილია სულამანიძე, გამოუცდელობის გამო, 12 წამში ორ გაფრთხილებას მიიღებდა. ისინი ვერცხლს დასჯერდნენ, მაგრამ ისეთი ასაკი აქვთ, რომ ოქროსთვის აუცილეებლად გაიწევენ და გაიწევენ ზუსტად ისე, როგორც ეს გენო პეტრიაშვილმა გააკეთა. ჰო, ქოროებზე საუბაარი, სწორედ პეტროთი დავიწყოთ.

გასულ ოლიმპიადაზე, ფინალში საუცხოოდ მოჭიდავე გენომ, შეხვედრა სამ წამში დათმო, მოულოდნელი ილეთი მიიღო მეტოქისგან და ეს იყო ყველაზე მწარე მარცხი მის კარიერაში. იმდენად მწარე, რომ მას შემდეგ, გენო ფინალებამდე მიდიოდა და.. ვეღარ იგებდა. ჰო, ევროპისა და მსოფლიოს ჩვენი ჩემპიონი, თითქოს, დაკომპლექსდა და აგერ, ისევ ოლიმპიადა, ისევ ფინალი და... თითქოს, ისევ ის დრამატული სცანარი, მაგრამ არა - პეტრიაშვილს ძველი გამოცდილება მწარედ ახსოვდა და მოიგო, მოიგო კარიერის ყველაზე დიდი ტურნირი და როგორ შეიძლება, ცრემლი არ წამოგივიდეს, როცა პეტრიაშვილმა პირველივე კომენტარში იკითხა, ნეტავ, მამაჩემი ცოცხალიაო? ცალკე წიგნი დაიწერება პეტრიაშვილის დაჯილდოვების ცერემონიალზე. გენო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იდგა, ბრინჯაოს მედალი კი ამავე წონაში, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილმა აიღო და როცა ქართული დროშა ასწიეს და ჩვენი ჰიმნი დაუკრეს, გენოს მსგავსად, მკერდზე ხელი მეშვილდიშვილმაც მიიდო და ჰიმნს აჰყვა.

იმავე დღეს, ოლიმპიადაზე ჰიმნი ლაშა ტალახაძის პატივსაცემად დაუკრეს და დაუკრეს ზედიზედ მესამედ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ტალახაძე პირველია, ვინც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო და მაშინვე თქვა, მეოთხედაც შევეცდებიო. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ლაშას მოგება გაუჭირდა, მაგრამ რეალურად, ჩვენს მძლეთამძლეს ტრავმა ჰქონდა, ერთი წელი ამ ტრავმის გამო, არცერთ ტურნირზე არ მიუღია მონაწილეობა და ახლა მისი წარმატება გმირობა იყო. მან ზუსტად იმდენი ასწია, რამდენიც ჩემპიონობისთვის ეყოფოდა და მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ასაკის გამო, ლაშას სულ უფრო გაუჭირდება, მაგრამ მისი უნიკალური მონაცემების გამო, მეოთხე ოქროს უდიდესი იმედი გვაქვს.

თავის დროზე, ლაშა ბექაურის მიერ ნათქვამი, ოლიმპიადა ოთხჯერ უნდა მოვიგოო, ბევრმა ბავშვურ გულუბრყვილობად ჩათვალა, მაგრამ აგერ, 24 წლის ასაკში, ლაშა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ წონაში ბადალი არ ჰყავს. ეს ოლიმპიადაც ბექაურმა ერთი ამოსუნთქვით მოიგო და ეჭვი გვაქვს, მომდევნო ოლიმპიადისთვისაც ისე მოემზადება, როგორც ახლა - მშვიდად და თავდაჯერებულად.

ცალკე სათქმელია ლაშა გურულის წარმატება. ორი ათეული წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ კრივში ოლიმპიური მედალი ისევ აგვეღო და აჰა, ეს დღეც დადგა. ლაშამ ბრინჯაო მარტივად გაინაღდა, აი, ნახევარფინალში კი, მომავალ ჩემპიონთან ულაპარაკოდ წააგო, თუმცა ნანატრი მედალი მაინც აიღო.

და ოლიმპიადის ბოლო დღეს, იმდენი გვქონდა, რომ გივი მაჭარაშვილი დანაპირებს აასრულებდა და ოლიმპიადის წინ ნათქვამს, ყველა მეტოქეს დავამარცხებ, კარგ ფორმაში ვარო, გაამართლებდა. გივი ფინალამდე დამაჯერებლად, ჭკვიანური ჭიდაობით მივიდა, იქ კი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე, დაღესტნელი ახმედ ტაჟუდინოვი ელოდა. ეს ბიჭი 21 წლისაა, სამი წელია, რაც დიდებში გადმოვიდა და ჯერ შეხვედრა არ წაუგია. ამბობენ, რომ მას უდიდესი მომავალი აქვს და როგორც ჩანს, არცთუ ტყუილად - მან მაჭარაშვილს შებოჭვით მოუგო და 21 წლის ასაკში, ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, ჩვენ კი ვერცხლს დავჯერდით.