ვინ არის შუახნის მამაკაცი და რატომ ჩუქნის სკოლის მოსწავლე გოგონას ბრილიანტის სამკაულებს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უცნაურო ოჯახური დრამა და წლების შემდეგ გამხელილი საიდუმლო

 

 ყველა ადამიანს ჰყავს თუ აქვს კარადაში დამალული ჩონჩხი ანუ აქვს საიდუმლო, რომლის გამომზეურებასა და სხვებისთვის ჩვენებას ერიდება. მართალია, შესაძლოა, გაექცე ყველასა და ყველაფერს, მაგრამ ვერასდროს გაექცევი საკუთარ თავს. რაც მთავარია, ყოველთვის არსებობს ისეთი ადამიანი, რომელმაც ამ „ჩონჩხის“ შესახებ იცის და როცა არ ელოდები, ან როცა ყველაზე ნაკლებად გინდა, სწორედ მაშინ გამოაჩენს ხოლმე.

 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ძალიან ბანალურად დაიწყო, იმდენად ბანალურად, რომ ძალოვნებმა თავიდან ყურადღებაც კი არ მიაქციეს და რომ არა გარემოებათა გარკვეული დამთხვევა, ეგებ, არც დაინტერესებულიყვნენ, მაგრამ...

განყოფილებაში, ცნობილ გამომძიებელთან მეგობარი მივიდა და დახმარება სთხოვა.

„კი იცი შენ, ერთადერთი გოგო მყავს, მზე და მთვარე მასზე ამომდის. ჰოდა, იმ დღეს, სკოლაში რომ მივიყვანე, მომეჩვენა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა, დაახლოებით, ჩემი ასაკის კაცი. მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი, მეგონა, მომეჩვენა-მეთქი და მეორე დღეს უფრო ყურადღებით ვიყავი. არაფერი მომჩვენებია, ის კაცი ისევ სკოლის შესასვლელთან დაგვხვდა და როგორც კი ჩემი გოგონა სკოლაში შევიდა, თვალი გააყოლა, მერე მე გამომხედა მალულად და იქაურობა დატოვა. რაც მთავარია, ძალიან შეიცვალა ჩემი გოგოც, რომ ვეკითხები, რა ხდება-მეთქი, გამირბის, არაფერს მეუბნება არც მე და არც - დედამისს. ამას წინათ, მისი ოთახი გავჩხრიკე და ბრილიანტის ბეჭედი ვიპოვე, ოქროს საყურეც ვიპოვე, ისიც ბრილიანტის თვლებით. რატომღაც მგონია, რომ ის კაცი ჩემს შვილს, სწორედ ამ ძვირფასეულობით აბამს, ვიღაც გარყვნილი იქნება, როგორ შეიძლება, შვილის ტოლ გოგოზე ასე იფიქრო, მაგრამ ის, ალბათ, ავადმყოფია. ოფიციალურად განცხადების დაწერა და ხმაურის ატეხვა არ მინდა, გემუდარები, მიშველე, რამე მოიფიქრე, ან ის კაცი დავიჭიროთ, თორემ ცოდვას ჩავიდენ“, - აკანკალებული საუბრობდა მისული.

გამომძიებელმა, როგორც შეეძლო, მეგობარი დაამშვიდა, დაპირდა, ხვალ სკოლასთან ჩემი თანამშრომელი იმორიგევებს და შევეცდებით, გავარკვიოთ, ეს კაცი ვინ არის და რას წარმოადგენსო. მართლაც, მეორე დღეს, სკოლასთან ოპერმუშაკი მორიგეობდა, ყოველი შემთხვევისთვის, ქამარში ტაბელური იარაღიც ჰქონდა, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობდა. მამამ შვილი სკოლაში მიიყვანა, მანქანიდან ჩამოსვა და შეთანხმებისამებრ, იქაურობა დატოვა. გოგონამ, სანამ სკოლის კარს შეაღებდა, უკან მოიხედა, ის ასაკოვანი მამაკაცი დაინახა, გაუღიმა, მერე გაიქცა, ჩაეხუტა, ლოყაზე მაგრად აკოცა და სკოლაში შევიდა. ასაკოვანი კაცი ცოტა ხანს ადგილზე იყო გაშეშებული, მერე მისკენ მიმართული დაჟინებული მზერა შენიშნა, ისიც დაინახა, როგორ გაისწორა ოპერმუშაკმა საქამრეში იარაღი და იქაურობას ჯერ ნელი ნაბიჯით გაეცალა, შემდეგ ფეხს აუჩქარა, იქვე მდგარ მანქანაში ჩახტა და გაუჩინარდა. საჭესთან სხვა იჯდა, თუმცა ოპერმა ნომრის დანახვა მოასწრო და მომხდარის შესახებ გამომძიებელს მოახსენა.

გამომძიებელი აშკარად დაიბნა, მეგობარს დაურეკა და მისვლა სთხოვა, შემდეგ, მომხდარის შესახებ უამბო და...

„ხომ გეუბნებოდი? ფულითა და ოქროებით დააბა ჩემი შვილი, დასაჭერია ის ავადმყოფი, თორემ აქამდე არასდროს, არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენთვის რამე დაემალა, ახლა კი, თითქოს ზიზღიც შეერია ქცევებში, თითქოს ჩვენი დანახვა არ უნდა. მან ხომ ზუსტად იცის, იმ კაცს ოჯახში არასოდეს შემოვუშვებ და ასე ამიტომ იქცევა. მიშველე, მალე მიშველე, სანამ გოგონას სულ დავღუპავ“, - ვერ ჩერდებოდა მეგობარი და გამომძიებელმაც დაამშვიდა, ხვალ სამი ოპერმუშაკი იმორიგევებს და მას აუცილებლად დავაკავებთ, მანამდე კი, იმას გვიგებთ, მანქანა ვისიაო.

მართლაც, ავტომობილის მფლობელის ვინაობა მალე დაადგინეს, მაგრამ რად გინდა, იმ კაცმა ხელები გაშალა, ჩვეულებრივი ტაქსი ვარ, ამ კაცმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ დამიქირავა, კარგად იხდის, დღეს სკოლიდან პრაქტიკულად გამომაქცია, მერე გადამიხადა და დამემშვიდობა, ასე მითხრა, სავარაუდოდ, ერთმანეთს ვეღარ ვნახავთო. ერთადერთი, რასაც ტაქსის მძღოლი დაზუსტებით ამბობდა, ის გახლდათ, რომ მისი კლიენტი ქართველი არ იყო, ეროვნებით უზბეკი, ტაჯიკი ან ყაზახი გახლდათ, მაგრამ არა სუფთა სისხლის, არამედ ნარევი იყო და ეს ეტყობოდა კიდეც. ტაქსის მძღოლმა ისიც თქვა, ვიცი, სად აქვს მაგ კაცს ბინა ნაქირავები და მიგიყვანთო და სამართალდამცავები მისამართზე გავიდნენ, თუმცა...

„დიახ, ჩემი ბინა ნაქირავები ჰქონდა ერთ სანდომიან მამაკაცს, მაგრამ ნახევარი საათია, ანგარიში გამისწორა, თავისი ჩემოდანი წაიღო და წავიდა. პასპორტი კი მანახა, მაგრამ არაქართული სახელი და გვარი ჰქონდა და ვერ დავიმახსოვრე“, -განაცხადა „ხაზეიკამ“.

საქმემ აშკარად სერიოზული ხასიათი მიიღო და გამოძიება ახლა მთავარ იმედს გოგონაზე ამყარებდა. სწორედ მას უნდა ეთქვა, ვინ იყო ის კაცი, რა უნდოდა, რატომ ჩუქნიდა ძვირფას საჩუქრებს, რატომ ეხუტებოდა და საერთოდ, მას ყველაფერი უნდა მოეყოლა. გამომძიებელი დარწმუნებული იყო, რომ სკოლის მოსწავლეს ადვილად აალაპარაკებდა, მაგრამ პირველივე წინადადების თქმის შემდეგ მიხვდა, ეს მარტივი არ იქნებოდა. გოგონა აშკარად არ აპირებდა არაფრის თქმას. როგორ არ ეცადნენ, ცალკე მშობლები და ცალკე ძალოვნები, მაგრამ არაფერი გამოვიდა, გოგო საკუთარ ოთახში ჩაიკეტა და იქიდან გამოსვლას არ აპირებდა. მამაკაცზე ძებნა გამოცხადდა, ფოტო-რობოტი „ხაზეიკას“, ტაქსის მძღოლისა და ოპერმუშაკის მონათხრობიდან შედგა და სამივემ თქვა, რომ ფოტო-რობოტი მას ძალიან ჰგავდა.

ფოტო-რობოტი დაურიგეს ყველა განყოფილებას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაგზლებსა და აეროპორტებს აქცევდნენ, აამუშავეს აგენტურული ქსელი, მაგრამ მამაკაცი, უბრალოდ, გაქრა. ძალოვნებმა გადაწყვიტეს, რომ გოგონას „შინაპატიმრობაში“ ყოფნას აზრი არ ჰქონდა და უმჯობესი იქნებოდა, თუ მას გაუშვებდნენ და თვალთვალს დაუწყებდნენ, თუმცა გამომძიებელი იმასაც ხვდებოდა, რომ საქმე გამოცდილ კაცთან ჰქონდა და ის ყველა ვარიანტში მიხვდებოდა, რომ ბავშვზე თვალთვალი იქნებოდა დაწესებული. შესაბამისად, ის ღიად არ გამოჩნდებოდა, თუმცა იმედი არსებობდა, რომ გოგონასთან კავშირის დამყარებას აუცილებლად შეეცდებოდა.

პირველმა დღემ შედეგი არ მოიტანა, მეორე დღეს კი, გოგონა შეეცადა მოთვალთვალეებს დასხლტომოდა და ეს „მოახერხა“ კიდეც. საქმე ის გახლდათ, რომ გამოძიებამ მას ორი ოპერმუშაკი ღიად აადევნა, კიდევ ორი კი მალულად მიჰყვებოდა. გოგონამ მანქანა გააჩერა, ჩაჯდა და წავიდა. მალე ის ერთ-ერთ სასადილოსთან მივიდა, იქიდან ოფიციანტი გამოვიდა და გოგონას ცალკე კუპეში შეუძღვა. დაახლოებით. 20 წუთში, სასადილოსთან ათამდე ძალოვანი მივიდა და კუპეშიც ერთდროულად შევიდნენ. კაცს გოგონა ჩახუტებული ჰყავდა და თმებზე ნაზად ეფერებოდა. რა თქმა უნდა, მას ხელები გადაუგრიხეს. ამის დანახვაზე, გოგო ბოლო ხმაზე აკივლდა, მაგრამ ისიც დააწყნარეს. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, დაახლოებით, ნახევარ საათში, სამართალდამცავებმა უკვე იცოდნენ, რომ მათ წინ ყაზახეთის მოქალაქე იჯდა, რომელსაც 15-წლიანი „სროკი“ ჰქონდა მოხდილი და ციხიდან ოთხი თვის გათავისუფლებული იყო. სასჯელი კი, სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გაფლანგვისთვის მოიხადა და უბრალოდ, გაუმართლა, რომ არ დახვრიტეს.

„მე არც ავადმყოფი ვარ და არც მცირეწლოვანი გოგონას შეცდენა მინდა. ეს გოგო ჩემი შვილია, ჩემი საკუთარი შვილი. მე და ჩემი საცოლე ერთი და იმავე საწარმოში ვმუშაობდით, რეალურად, მას მოუვიდა გადახარჯვა, თუ გაფლანგვა. არც კი ვიცოდი, თუ ორსულად იყო, უბრალოდ, მისი დანაშაული ჩემს თავზე ავიღე, მე ისეთი მფარველი მყავდა, რომელიც ჩემს დახვრეტას არ დაუშვებდა. ასეც მოხდა, მაგრამ 15 წელი მომისაჯეს. ჯერ კიდევ ციხეში გავიგე, რომ ჩემი საცოლე ორსულად იყო, მაგრამ გაიქცა, რესპუბლიკა დატოვა. ციხიდან რომ გამოვედი, მათი ძებნა დავიწყე და ვიპოვე. ჩემს შვილს ყველაფერი მოვუყევი, ვთხოვე, სახლში ჯერ არაფერი ეთქვა, რადგან მისი მიჩვევა მინდოდა. მინდოდა, გვერდით მყოლოდა, მაგრამ მამამ რაღაც იეჭვა და აგერ, დამიჭირეთ“, - განაცხადა დაკავებულმა.

გამომძიებელმა ცოლ-ქმარი დაიბარა. კაცმა თავიდან გაიოცა, მაგრამ მერე თქვა, რაღაცას კი ვხვდებოდი, ბავშვი შვიდთვიანი რომ დაიბადა, მაგრამ მერე ისე შემიყვარდა, დავწყნარდი და ბოდიში ნამდვილ მამასთან, მაგრამ ჩემს გაზრდილ შვილს ვერ დავუთმობო. დედამ აღიარა, რომ როცა ყაზახეთიდან გამოიქცა და საქართველოში ჩამოვიდა, აქ გაიგო, ორსულად რომ იყო და შეეცადა, მალე გათხოვილიყო, რაც გამოუვიდა კიდეც. ქალმა დაადასტურა, რომ ეს მამაკაცი სწორედ მისი საქმრო იყო და ბოდიშიც მოუხადა, სხვა გზა არ მქონდა, აბორტს ვერ გავიკეთებდი და არ მსურდა, მარტოხელა დედის სახელი მქონოდაო.

საბოლოო ჯამში, სამართალდამცავებმა ყველა გაათავისუფლეს, მაგრამ... რა თქმა უნდა, ისტორიის გაგრძელებით დაინტერესდნენ. მხარეებმა შეთანხმების მიღწევა მოახერხეს და გოგონა ნამდვილ მამასთან ყაზახეთში არდადეგებს ატარებს, დანარჩენ დროს კი, საქართველოშია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე