50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებულია.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო და სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს.

„ჩვენ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის გვერდში დგომას, ერთმანეთის გამხნევებას და სწორედ ასეთი სულისკვეთება იყო ჩვენს ოლიმპიურ გუნდში, რასაც ყველა ვხედავდით, ერთმანეთს ამხნევებდით, ქომაგობდით. აქედან გამომდინარე, 28-ვე სპორტსმენის წვლილი საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული და დიდი მადლობა ყველას ამისათვის. მითუმეტეს რომ, ამ გუნდში წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენი განსაკუთრებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ქალბატონი ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათედ იყო წარმოდგენილი ოლიმპიადაზე და არა ერთგზის იყო ჩვენი გუნდის მედროშე. ქალბატონი ნინო არის ოლიმპიური ჩემპიონი, სამივე სინჯის მედლის მფლობელი, მრავალგზის მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი და რა თქმა უნდა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს შენს გუნდში, წარმატება უფრო იოლია. ასევე ცალკე მინდა ვახსენო ლაშა შავდათუაშვილი, ასევე სამივე სინჯის მედლის მფლობელი და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ასეთი თანაგუნდელებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბევრად უფრო მარტივია წარმატება.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ წვლილის დასაფასებლად, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტულ ასპარეზობებზე მიღებულ პრიზებთან ერთად, განსაკუთრებული ფასი აქვს სახელმწიფო ჯილდოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს, ხოლო პრიზიორები ღირსების ორდენს მიიღებენ.

„მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრიზიორები, ჩემპიონები წარვადგინეთ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ჩემპიონების შემთხვევაში, ეს არის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, ეს არის პრიზიორებისთვის ღირსების ორდენი და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, წინასწარ მინდა, თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები. ვფიქრობ, ეს არის ის ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფასი აქვს იმ ჯოლდოებს, რომელთაც თქვენ იღებთ სპორტულ ასპარეზობებზე, თუმცა სახელმწიფო ჯილდოს აქვს სხვა ფასი და მე ვფიქრობ, მომავალშიც ამ ტრადიციას აუცილებლად ასე გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ ყველას მინდა, მოგილოცოთ. მადლობა გადაგიხადოთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს, თითოეულ სპორტსმენს, რომელიც იყო წარმოდგენილი ჩვენს ოლიმპიურ გუნდში.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს უდიდეს წარმატებაში. მადლობა კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, ოლიმპიურ კომიტეტს, პირადად, ბატონ ლერი ხაბელოვს მისი განსაკუთრებული წვლილისთვის ამ გამარჯვებასა და წარმატებაში. მადლობა ყველა ფედერაციას, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ოლიმპიურ თამაშებზე. წინ გველის პარალიმპიური თამაშები, რასაც ყველა დიდი ინტერესით ველოდებით და მინდა, თქვენთან ერთად, წარმატება ვუსურვო ამ თამაშების თითოეულ მონაწილეს, ჩვენი გუნდის წევრებს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული იყო ეს ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის, იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფურცელი ქართული სპორტის ისტორიაში და ყველას განსაკუთრებული მადლობა ამ ისტორიის დაწერისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატება მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ლუკა მხეიძესა და გიორგი მეშვილდიშვილს, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ.

„ასევე მინდა, ცალკე მივულოცო ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ და მიაღწიეს წარმატებას. ლუკა მხეიძეს, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდიოდა, მინდა მივულოცო ვერცხლის მედალი, ვიცე-ჩემპიონობა და გიორგი მეშვილდიშვილს მინდა, მივულოცო ასევე ბრინჯაოს მედალი, რომელიც გამოდიოდა აზერბაიჯანის სახელით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.