იქნება თუ არა პრემიერობის კანდიტატი და რას ამბობს ენმ-ში არსებულ უთანხმოებაზე გიორგი ვაშაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოლიტიკური შემოდგომა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებებით დაიწყო. გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნოდ გაერთიანდნენ, თუმცა მათ გვერდით არ აღმოჩნდა სტრატეგია აღმაშენებელი, რადგან ეს უკანასკნელი, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გაუერთიანდა... არადა, ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძის სამეული დიდ პოლიტიკურ პლატფორმას ერთად აანონსებდა...  რატომ დატოვა ჯაფარიძე-ხოშტარია და რატომ შეუერთდა ენმ-ს? აპირებს თუ არა „გამარჯვების პლატფორმა“ პრემიერობის კანდიდატად მის დასახელებას? - „ვერსია“ გიორგი ვაშაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:

 

- ბატონო გიორგი, რატომ დატოვეთ ხოშტარია-ჯაფარიძის გუნდი და ენმ-ს რატომ შეუერთდით საარჩევნოდ?

- არაფერი დამიტოვებია, იმთავითვე ვამბობდით, რომ ეს არ იყო საარჩევნო გაერთიანება. საბოლოოდ, ბევრი ანალიზის შედეგად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობოდა სტრატეგია აღმაშენებლის მხარდამჭერების პოზიციას, თუ სად ხედავდნენ ისინი სტრატეგია აღმაშენებელს, რომელ გაერთიანებაში. გაერთიანებები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსული რეჟიმისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ და ევროკავშირის მიმართულებით მძლავრი ნაბიჯები გადავდგათ. ფრაგმენტული ოპოზიცია ნამდვილად ხელს უწყობს „ქართულ ოცნებას“ და მივესალმები, რომ ზურამ და ელენემაც უკვე გამოაცხადეს საარჩევნო ბლოკი. იმედი მაქვს, რომ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც ამ გზით წავლენ. პრინციპში, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ჩვენ გარკვეული ტრენდი შევქმენით, ამასთან დაკავშირებით.

- თქვენი არჩევანი, ალბათ, ეყრდნობა იმას, რომ ენმ დღეს ყველაზე მრავალამომრჩევლიანი ოპოზიციური პარტიაა და ნამდვილად არის ლოგიკა, რომ პატარა პარტიას უნდოდეს ასეთ დიდ პარტიასთან გაერთიანება... თუმცა, სხვა მოსაზრებით, ენმ ყველა პარტიას „ყლაპავს“, ვისაც კი იერთებს. ამის საშიშროებას ვერ ხედავთ?

- გაერთიანების მოტივაცია ის არაა, რომ ვიღაც დიდია და ვიღაც - უფრო პატარა. გაერთიანების მოტივაციაა ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები ყველაზე ახლოს დგანან ერთმანეთთან და ვიზიარებთ იმ საერთო ხედვას, თუ სად და როგორ ვხედავთ საქართველოს განვითარების გეგმას.

რაც შეეხება სტრატეგია აღმაშენებლის „გადაყლაპვას“, 2018 წელს, ჩვენ გვქონდა გაერთიანება ნაციონალურ მოძრაობასთან და ყველაზე კარგი შედეგი, სწორედ მაშინ აჩვენა ოპოზიციამ. ამაში ლომის წვლილი მიგვიძღვის ჩვენც - სტრატეგია აღმაშენებელს. არ „ჩავყლაპულვართ“ და ვერც ვერასდროს „ჩავიყლაპებით“, ძნელი „გადასაყლაპები“ ვართ...

- მედიით გაიელვა ინფორმაციამ, რომ გაერთიანება პრემიერობის კანდიდატად თქვენს დასახელებას აპირებს... საიდან წამოვიდა ეს იდეა და არის თუ არა დღესაც ძალაში?

- ვფიქრობ, იქიდან წამოვიდა, რომ ამხელა გაერთიანება როცაა, მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. გვეყოლება ჩვენ პრემიერობის კანდიდატი, ოღონდ, ამაზე მსჯელობის დრო ახლა არაა. ეს მოხდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჯერ ადრეა არჩევნებამდე და ვინც ყველაზე მეტ ნდობას დაიმსახურებს საზოგადოების მხრიდან, ის იქნება პრემიერობის კანდიდატი. სხვა საკვანძო პოზიციებზეც დავასახელებთ კანდიდატურებს, თუმცა ახლა ვიწყებთ პროცესს, როცა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ ვის რა პოზიციაზე ხედავს. ხალხის ხმას ავყვებით ამ გადაწყვეტილებებში.

- მნიშვნელოვანია, ენმ-ში განვითარებულ პროცესებზე რა მოსაზრება გაქვთ... თქვენ არ წარმოადგენთ ამ პარტიას და პასუხსაც ვერ მოგთხოვთ, თუმცა რადგანაც გაუერთიანდით, არ ფიქრობთ, რომ ენმ-ს შიდაპარტიული დაპირისპირება უარყოფითად იმოქმედებს საარჩევნო შედეგებზე?

- ის შემიძლია, ვთქვა, რომ თუ ოდესმე, ნაციონალური მოძრაობის რაიონული თუ ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები მზად ყოფილა დიდი ბრძოლისთვის, ეს ნამდვილად ასეა დღეს, რადგან მთელი აგვისტო, შოვის ტრაგედიის გამო, საჯარო აქტივობები შევაჩერეთ, მაგრამ ლევანთან ერთად, მთელ საქართველოში დავდიოდით და მიხარია, რომ ყველა რაიონში გახსნილია ოფისები, რაიონული ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ, რაც მნიშვნელოვანია გამარჯვების მისაღწევად. თუ 2018 წელს შევადარებთ, განსხვავება ცა და დედამიწასავითაა, იმდენად უფრო კარგი ორგანიზება დაგვხვდა ახალი ლიდერების მიერ ნაციონალურ მოძრაობაში.

ვფიქრობ, მედია გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევს ამ კინკლაობას, ვიდრე საზოგადოებაში ეს განიხილება. ხალხს აინტერესებს ის მძიმე ვითარება, რაშიც იმყოფება, რა ეშველება და სად არის გამოსავალი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩაცხრება კინკლაობითი ვნებათაღელვა და ყველაფერი სწორი პროცესით წავა.

- სააკაშვილის განცხადება, ბოკერიას გზას არ დაადგეთო, თქვენი აზრით, ვისკენ იყო მიმართული?

- ვფიქრობ, სწორი იყო ეს განცხადება იმ კუთხით, რომ დღეს არის გაერთიანების დრო და არა - დაშლის. აქამდე, ყველა არჩევნები საქართველოში იყო - ვინ უკეთესი პოლიტიკური პარტიაა და რას შესთავაზებს მოქალაქეებს. შემდგომი არჩევნები კი იქნება გეოპოლიტიკური და ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. აქედან გამომდინარე, ამ გეოპოლიტიკურ არჩევნებში, ყველას ბრძოლას აქვს დიდი მნიშვნლობა. ამიტომ, ვფიქრობ, ამ განცხადების მიზანი იყო გაერთიანებისკენ მოწოდება, რასაც სრულად ვეთანხმები.

- რადგან გეოპოლიტიკური არჩევნები ახსენეთ, ბატონო გიორგი, თქვენ აქტიურად ურთიერთობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და საინტერესოა, რას გეუბნებიან ისინი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე? რამე გარანტია გაქვთ მათგან?

- მთავარი გარანტია გვაქვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საწადელს, დახურულიყო შესაძლებლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა, ვერ მიაღწია და არა, რომ აღარ განიხილავს ევროკავშირი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხს, არ იქნება, ეს გარანტია მივიღეთ ჩვენ, ევროპელების მხრიდან.

საოცარია, რომ ევროკავშორის ყველა წევრ ქვეყანას შორის, არის პოლიტიკური კონსენსუსი, რომ საქართველო უნდა იხილონ ევროკავშირის წევრად, დანარჩენი ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. როცა ვიქნებით მზად, მაშინ გავხდებით ევროკავშირის წევრი. კანდიდატობა მარტო იმისთვის ხომ არ გვინდა, რომ მკერდზე დავიწეროთ, კანდიდატი ვართო... არამედ იმისთვის გვინდა, რომ ძლიერი საქართველო გვქონდეს, სამუშაო ადგილები შევქმნათ, ინვესტიციები მოვიზიდოთ, წინ წავიდეთ, განვვითარდეთ, ქვეყნიდან გასაქცევად არ ჰქონდეთ საქმე ჩვენს თანამემამულეებს... ჩვენ ამის პირობა მივიღეთ, რომ როცა მზად ვიქნებით, მაშინ მოხდება ეს... ევროკავშირმა კარგად იცის, რომ როცა მობილიზებულია საქართველო რეფორმებისა და მოდერნისტული მიმართულებით, ძალიან ეფექტიანები ვართ, უბრალოდ, ივანიშვილმა ეს წაგვართვა. მისი ქმედებით და ძალაუფლებით ეს გამოგვაცალა, კორუმპირებულ ადამიანებს, რომლებიც მოიყვანა ხელისუფლებაში, უთხრა - ძარცვეთ ქვეყანა, რამდენიც გინდათ, ევროკავშირისკენ არ წაიყვანოთ და რუსული დავალების შესრულებაც ამაშია,  რომ არ მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროსთან.

- ისე, 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტის, დეპოლარიზაციის ვერშესრულებას ხელისუფლება თქვენ - ოპოზიციას გაბრალებთ... რას იტყვით ამაზე?

- დეპოლარიზაციისკენ გზა არის 12 პუნქტის შესრულება. ასრულებ ამ 12 პუნქტს? - დეპოლარიზაცია ხდება... ის 12 პუნქტი შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადმოვიდა და ვინ დაარღვია, ვინ გადახია მიშელის შეთანხმება?

- ბატონო გიორგი, 2024 წლის არჩევნები განახლებულ პირობებში ჩატარდება... საინტერესოა, კონკრეტულად, რა გეგმა გაქვთ, რა სტრატეგიით იწყებთ საარჩევნო კამპანიას?

- კამპანიის, ხალხთან ურთიერთობის ძალიან აქტიურ ფაზაში შევდივართ. „გამარჯვების პლატფორმის“ ამოცანაა, რომ ხალხთან ერთად, გავიდეთ პირველ ადგილზე. ეს ჩვენ გავაკეთეთ 2018 წლის პირველ ტურში. მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებში მეორე ტური აღარ იქნება და პირველ ტურში, „გამარჯვების პლატფორმის“ პირველ ადგილზე გასვლა ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ დამთავრებულია. ეს არის ჩვენი სტრატეგია და დარწმუნებული ვარ, ხალხთან ერთად, ამას მივაღწევთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა. ჩვენ გულწრფელად გვინდა საქართველოს აღმშენებლობა, განვითარება და ევროკავშირში გაწევრიანება...

 - გეგმა „ბ“ არ გაქვთ, მაგალითად, ოპოზიციის კოალიცია...?

- აქეთ არის სვლა, სწორედ. სხვა გაერთიანებები, რაც ფორმირდება ოპოზიციაში... მივესალმები, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური მოთამაშე ხედავს, რომ გაერთიანების დროა და ჩათვალეთ, ყველა, ვინც გადალახავს 5%-იან ბარიერს, იმ დიდ, ევროპული სტანდარტის კოალიციურ მმართველობაში იქნება წარმოდგენილი. ასე რომ, ყველა პროდასავლურ ძალას ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ ვიქნებით აქტიური, ამოცანა გვაქვს კონკრეტული - „ქართული ოცნება“ ერთტურიან არჩევნებში უნდა დავამარცხოთ. მეტი მხარდაჭერა უნდა მოვიპოვოთ, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ და ეს მისია შესრულებადია ხალხთან ერთად.

 ავტორი-თათია გოჩაძე