ენმ-ს 2004 წლის კოალიციის დაშლიდან ენმ-ს დღევანდელ არეულობამდე - რას იხსენებს და რა პარალელებს ავლებს კახა კუკავა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

 

„ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. მართალია, საქართველოში მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პროცესები 2003 წელს, ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით განვითარდა, მაგრამ რევოლუციის შემდეგ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებზე სააკაშვილის გუნდი კოალიციით გავიდა... მაშინ „ნაციონალების“, კონსერატორებისა და რესპუბლიკელების ერთობას კოალიცია კი არა, ბლოკი ერქვა. ენმ 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებშიც ბლოკის სახით იყო წარმოდგენილი და ამ ბლოკის წევრებიც კონსერვატორები და რესპუბლიკელები იყვნენ... 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მართალია, უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ ენმ-მ ბლოკის შენარჩუნება ვერ შეძლო და ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ბლოკი დატოვა, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვლი გახლდათ. მალე, იგივე გზას დაადგნენ კონსერვატორი ზვიად ძიძიგური და მისი თანაგუნდელი კახა კუკავაც.

რა პროცესები ვითარდებოდა მაშინ ენმ-ში და რა ხდება ახლა ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, სადაც თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში, ნიკა მელიას ლევან ხაბეიშვილი უპირისპირდება? - „ვერსია“ თავისუფალი საქართველოს ლიდერ კახა კუკავას ესაუბრა:

- 2004 წელს კოალიცია იმიტომ დავტოვე, რომ არ გვქონდა საერთო ფასეულობა ნაციონალურ მოძრაობასთან, არამედ, გვყავდა საერთო მტერი. ეს ხშირად ხდება პოლიტიკაში, როცა სხვადასხვა ძალა საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდება და ეს მტერი მაშინ იყო ედუარდ შევარდნაძე. ჩვენ წარმოვადგენდით ეროვნულ მოძრაობას, სააკაშვილი კი იყო მისივე გუნდის ნაწილი, რომელიც შიდაკლანურ ბრძოლაშო ჩაერთო. მასაც არ შეეძლო ჩვენ გარეშე გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და ჩვენც, რადგან ეროვნული მოძრაობა იმ დროს სისხლისგან იყო დაცლილი მრავალწლიანი რეპრესიების შედეგად. სააკაშვილი კი იყო კარგი მოკავშირე. საბოლოო ჯამში, დაადასტურა კიდეც „ვარდების რევოლუციამ“, რომ ამ ალიანსმა ძალიან კარგად იმუშავა,  მაგრამ როგორც კი სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ჩაიგდო ხელში მთელი ძალაუფლება და კოალიციურობის ნასახიც კი აღარ იყო. სრულიად აშკარად აცხადებდა, რომ ის აპირებდა საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმის ჩამიყალიბებას, რომელსაც 2007 წლიდან, დიქტატურის ნიშნებიც აღმოაჩნდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, კოალიციაში მყოფი ხალხის გზები გაიყო და სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის უდიდესი ნაწილი მაშინ ჩვენთან ერთად წამოვიდა ოპოზიციაში. ვერ და არ შეინარჩუნა ისინი, რადგან სააკაშვილს 2003 წლის შემდეგ სჭირდებოდა არა თანაგუნდელები, არამედ, მონები. გახსოვთ, ალბათ, ზოგს სახეში პულტი ესროლა, აგინებდა... ამგვარ დამოკიდებულებას ვინც აიტანდა, ის კონტიგენტი იყო მისთვის მისაღები. ადამიანები, რომელთაც საკუთარი აზრი ჰქონდათ, მისთვის მიუღებელნი იყვნენ და ეს დაიწყო კობა დავითაშვილიდან. ის 2003 წელს საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო და ყველა ვარაუდით, უნდა დანიშნულიყო გენერალურ პროკურორად, როგორც სამართლიანობის აღდგენისთვის მებრძოლი. ეს პერიპეტიები უშუალოდ მახსოვს... მას კი უთხრეს, აირჩიე ნებისმიერი უწყინარი პოსტი, სადაც იქნები კარგად, მაგრამ ძალაუფლება არ გექნებაო.

- პირადად თქვენ რა პრობლემა გაგიჩნდათ მიხეილ სააკაშვილთან?

- კობა და მე ერთი გუნდი ვიყავით. კობამ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდე დატოვა, რადგან ის მაჟორიტარი იყო, მე სიით ვიყავი არჩეული. ჩემთან მაშინ მოვიდა ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომელიც ახლაც აქტიურ პოლიტიკაშია და მითხრა, სააკაშვილმა გამომგზავნა, რათა მიიღო გადაწყვეტილება, ან კობასთან ერთად გააგრძელებ საქმიანობას, ან ნაციონალურ მოძრაობასთან, ორივე ერთად არ გამოვაო. მადლობა გადავუხადე და მივიღე გადაწყვეტილება.

- ბატონო კახა, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ახსენებთ, ავტოკრატიასა და დიტქტატურაში ადანაშაულებთ... მხოლოდ ამ ერთ პერსონაზე იყო მაშინ ყველაფერი დამოკიდებული?

- ნაწილობრივ, ეს იყო ობიექტური მოცემულობაც და ნაწილობრივ, სააკაშვილმა გააძლიერა ეს ფაქტორი.

სააკაშვილი, რა თქმა უნდა, 2003 წელს იყო ლიდერი და „ვარდების რევოლუციის“ წარმატება მნიშვნელოვანწილად მოდიოდა მასზე, თუმცა როცა ამბობენ, რომ სააკაშვილმა მოაწყო 2003 წელი, ან ივანიშვილმა მოაწყო 2012 წელი, ეს არის დიდი ტყუილი, რადგან ამ ორივე ადამიანის ირგვლივ მაშინ იყო პოლიტიკური ელიტის 90%. სააკაშვილი კი იყო ლიდერი, მაგრამ გადახედეთ ნაციონალური მოძრაობის პირველ ათეულს და ნახავთ, რომ იქ სხვა ლიდერებიც იყვნენ. სააკაშვილი ლიდერი იყო, მაგრამ კობა დავითაშვილი არ იყო ჯოხი, არც ზვიად ძიძიგური, ბერძენიშვილი და სხვები...

აქედან გამომდინარე, მაშინდელი ენმ არსებითად განსხვავდებოდა დღევანდელისგან, სადაც არის მარტო სააკაშვილი და დანარჩენი არის ნული. ჩანს კიდეც სხვაობა, 2003 წელს იმიტომ იყო ძლიერი ნაციონალური მოძრაობა, რომ იქ იყო სააკაშვილს პლუს ბევრი ლიდერი. დღეს კი არის სააკაშვილს პლუს ნული. ზუსტად იგივე შემიძლია, ვთქვა „ქართული ოცნების“ შესახებაც. 2012 წელს, რა თქმა უნდა, ივანიშვილი იყო უპირობო ლიდერი, ოღონდ, მაშინ იყო ივანიშვილს პლუს ლიდერთა გუნდი. დღეს კი არის ივანიშვილს პლუს ნული. ამიტომაც, ობიექტურად, სააკაშვილი კი იყო ლიდერი, მაგრამ ხელისუფლების შემდეგ რა ვითარებაც შეიქმნა, ეს არ იყო ობიექტური რეალობა... სააკაშვილისთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა, რომ დაენიშნა კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური და თავისი პოლიტიკური გუნდის წევრები თანამდებობებზე, უფრო ძლიერად იქნებოდა თვითონ, მაგრამ მას გაუჩნდა აბსოლუტურად არასწორი, პროვინციალური მიდრეკილება...

- თუ თქვენს ლოგიკას გავყვებით, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სააკაშვილმა ჩამოიშორა კოალიციური ძალები, ამას კავშირი აქვს იმ პროცესებთან, რაც ახლა ენმ-ში ხდება? ვგულისხმობ ნიკა მელიას წინააღმდეგ დაპირისპირებას. ვინმეს მოსწონს თუ არა, მელია დროდადრო ცდილობდა სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობას და ენმ-ს კოალიციური ერთიანობისთვის ღია პლატფორმის ელფერს სძენდა... ასე რომ, შესაძლოა, მელიას კოალიციურ ხედვას უპირისპირდება სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობის ხედვა?

- ზუსტად ეგრეა. ხშირად ვამბობ ვიწრო წრეში და თქვენთანაც ვიტყვი, ახლა სააკაშვილის პარტიას ცოცხლად მარხავენ. არაერთხელ მითქვამს, რომ ეროვნული მოძრაობა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, ხელში ჩაიგდეს არასერიოზულმა ძალებმა და დამარხეს ეს მოძრაობა, მაგრამ მაშინ გარდაიცვალა ზვიადი და დარჩა მოძრაობა ულიდეროდ. ახლა კი ცოცხალი სააკაშვილის ხელში, მის პარტიას მარხავენ.

- რას გულისხმობთ, ვინ მარხავს?

- ამ პროცესს, რაც მიმდინარეობს ენმ-ში, რა კანდიდატებიც წამოაყენეს. პარტიის ლიდერი ავტომატურად იგულისხმება პრეზიდენტობის ან პრემიერობის კანდიდატად. გინდათ, ხაბეიშვილი ან ჩალაძე, წარმოგიდგენიათ პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად?

- გიორგი ჩალაძემ  ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატურა მოხსნა, ბატონო კახა.

- გასაგებია, მანდ რა კომბინაციაც გაითამაშეს. კეზერაშვილმა თავიდან დააყენებინა ჩალაძეს კანდიდატურა და შემდეგ ჩაანაცვლა ხაბეიშვილით. როცა ამ ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, გგონიათ, რომ ქართველი ხალხი გამოვა ქუჩაში იმისთვის, რომ ახლანდელი პრემიერი ხაბეიშვილით შეიცვალოს? ყველას უნდა არსებითად უკეთესი და უკეთესში იგულისხმება განათლება, გამოცდილება, ზომიერება, გაწონასწორებულობა, ინტელექტი...

- მელიაზე რას იტყვით?

- ვფიქრობ, მელიამ თავისი შანსი გაუშვა. სწორად მიხვდა იმას, რაც წეღან თქვით, რომ ძალა ერთობაშია და კარგი შედეგიც დადო 2018 წლისა და 2020 წლის არჩევნებში, მაგრამ ნაწილობრივ იმის გამო, რომ სააკაშვილის მომხრეებმა დაუწყეს ძირის გამოთხრა და ნაწილობრივ იმის გამო, რომ მას არ ეყო ჰორიზონტი...  ხოშტარია-ჯაფარიძესთან რომ ჩაიკეტა თვითმმართველობის არჩევნებში, ეს იყო დიდი შეცდომა. ზოგს კოალიცია ჰგონია ნაციონალური მოძრაობიდან გუშინ გამოსულ ხალხთან გაერთიანება. კოალიცია მაშინ იქმნება, როცა განსხვავებული ძალები ერთიანდებიან... მელიას ორ სკამზე უნდოდა ერთდროულად ჯდომა, თან მიშისტების და თან შუაშისტების და ეს არ გამოვიდა.

- როგორც ჩანს, არც ხაბეიშვილს უწინასწარმეტყველებთ წარმატებას და არც მელიას, ასეა?

- ვფიქრობ, ორივეს გამარჯვება კარგი იქნება, განსაკუთრებით, „ვგულშემატკივრობ“ ხაბეიშვილს, რადგან რაც მალე დასამარდება ნაციონალური მოძრაობა, მით უკეთესი ქვეყნისთვის. ნაციონალური მოძრაობა არის მაოხრებელი მკვდარი, რომელიც გდია პოლიტიკურ მოედანზე და ავი ძაღლივით, არც თვითონ ჭამს და არც სხვას აცდის, რომ პოლიტიკური პროცესები განვითარდეს. ამიტომ, რაც მალე გასაზიზღრდება და გამარგინალდება ეს ძალა, მით უკეთესია.

- ენმ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალაა და თუ ხელისუფლებას ოპონენტად ასეთი ძალა არ ეყოლება, ეს ქვეყანას წაადგება?

- ნებისმიერი დასასრული არის რაღაცის დასაწყისი. საქართველოში იმიტომ არ ფორმირდება რეალური ოპოზიცია, რომ ნაციონალურ მოძრაობას უკავია ეს ადგილი. ეს არის ცრუ იმედი, „ფეიკ-ოპოზიცია“ და ამიტომ მისი გაბანძება და გაფარჩაკება ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პროცესებს.