„ვარდების რევოლუციის“ შოკისმომგვრელი საიდუმლო კულუარები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრესბლოგი 

რა ხდებოდა თბილისში 19 წლის წინ - ყველაფერი ის, რაც დღემდე არ თქმულა

 ავტორი: ნინო დოლიძე

 მინდა განვაცხადო, რომ არასდროს, არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას“, - ეს არის განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე, ზუსტად გუშინწინ, 21 ნოემბერს ანუ „ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა. ამ განცხადებით, სპეკულაციებს, რომ მიშა მოწამლეს, გარკვეულწილად, ბოლო მოეღო, თუმცა ამჯერად, ამ თემაზე მსჯელობას არ გავაგრძელებ და 19 წლის წინანდელ მოვლენებს გაგახსენებთ. გაგახსენებთ იმიტომ, რომ „ვარდების რევოლუციამ“, ვინმეს მოსწონს თუ არა, საქართველოს უახლესი ისტორია მნიშვნელოვნად შეცვალა.

ისე, მიხეილ სააკაშვილს სიმბოლოები უყვარს და შესაბამისად, ალბათ, ისიც სიმბოლურია, რომ „ვარდების რევოლუციის“ მე-19 წელს პატიმრობაში ხვდება. არადა, მაშინ, შორეულ 2003 წლის ნოემბერში, როცა მთელი ქვეყანა ფეხზე დააყენა, მიშა, ცხადია, ვერც წარმოიდგენდა, რომ ოდესმე დადგებოდა დრო, როცა „ნარზე“ დაწვებოდა, მაგრამ ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო.

ასე და ამგვარად: ისევ მოვიდა 23 ნოემბერი და აბსოლუტურად ყველას - „ნაცს“, „ქოცს“ თუ „შუაშისტს“ „ვარდების რევოლუცია“ გაახსენდა, გაახსენდა იმიტომ, რომ ამ ისტორიულმა მოვლენამ ვიღაცის ცხოვრება დაანგრია, ვიღაცას წარმატება მოუტანა, ვიღაც კი, უბრალოდ, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.

 

იყო თუ არა 2003 წლის ნოემბრის მოვლენები ქართული პოლიტიკისთვის და, ზოგადად, ქართული სახელმწიფოსთვის ერთგვარად ათვლის წერტილი? - თუ ობიექტურად ვიტყვით, დიახ, 19 წლის წინ, სხვანაირი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო, სახელმწიფოსი, სადაც ფასადურად ყველაფერი დასავლურ-დემოკრატიული იყო, თუმცა სინამდვილეში, ხელისუფლებაში სხვა ანუ რეფორმატორების სახელით დაბრუნებულ „მოქკავშირის“ ყოფილ წევრებს კორუფციაზე, ნეპოტიზმსა თუ სხვა საბჭოურ „პრივილეგიებზე“ უარი არ უთქვამთ. ესე იგი, ქვეყანაში ფასადურად ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებები ირღვეოდა (ხშირად, ეს დარღვევა დანაშაულამდეც მიდიოდა), ელიტური კორუფციაც ყვაოდა, თუმცა ვინაიდან „ვარდების რევოლუციის“ 19 წლის იუბილეა, 2003-დან 2012 წლამდე განვითარებულ მოვლენებზე კი არა, იმაზე ვისაუბროთ, რაც 2003-ის ნოემბერში ხდებოდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე, ტრადიციულად, ასლან აბაშიძის „აღორძინება“ გავიდა, რაც არავის გაჰკვირვებია - მართალია, მუდმივად კატა-თაგვივით იყვნენ, მაგრამ ისინი, რომლებიც პოლიტიკურ კულუარებში კარგად ერკვევიან, ხვდებოდნენ, რომ შევარდნაძე-აბაშიძის კონფლიქტი ზედაპირული იყო და გადამწყვეტ მომენტში, ერთმანეთს აძლიერებდნენ.

ასე მოხდა, იგივე, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, როცა აჭარიდან ჩამოყვანილმა ხალხმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და თქვა, რომ სააკაშვილს, ჟვანიას, ბურჯანაძესა და მათ მომხრეებს აქ არ მოვუშვებთო, თუმცა „ვარდების რევოლუცია“ მაინც მოხდა ანუ ამჯერად, ასლანი აწ განსვენებული ედუარდის „მაშველ რგოლად“ ვეღარ გამოდგა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება, ითქვას, რომ „სახლში წასვლა“ თავად შევარდნაძესაც უნდოდა. ამასთან, დღემდე გაურკვეველია, თუ რატომ ჩამოვიდა იმ დღეებში, თბილისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი, იგორ ივანოვი, რომელიც პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებთან, დილით, ზურაბ ჟვანიასთან ერთად მივიდა? სწორედ ამან გააჩინა ეჭვი, რომ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა ამერიკელების კი არა, რუსეთის ინტერესებში შედიოდა.

ქართული პრესის არქივში ამ თემაზე არაერთი მასალა მოიძებნება, თუმცა დღეს, საქართველოს სპეცსამსახურების ყოფილი გავლენიანი თანამშრომლის ინტერვიუდან ამონარიდს შემოგთავაზებთ, რომელიც ბეჭდურ მედიაში, დაახლოებით, 7-8 წლის წინ გამოქვეყნდა. რესპოდენტი ამბობს, რომ  სააკაშვილი იმთავითვე ორმაგი მოთამაშე იყო და რუსებმა თავის დროზე ამერიკელებს „შეუგდეს“. ამ მოსაზრების გასამყარებლად, სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და, შესაბამისად, ინაუგურაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, პირველ ოფიციალურ ვიზიტს იხსენებს მოსკოვში.

„- შემიძლია, ფაქტებით დავამტკიცო, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკული კი არა, რუსული პროექტი იყო, რომელიც, შესაძლოა, ლევან ვასაძისა და მისი რუსი მფარველის, კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებლის, ევგენი ევტუშენკოვის ფულით ფინანსდებოდა.

რაც შეეხება საააკშვილის პირველ ვიზიტს მოსკოვში, ეს ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, გელა ბეჟუაშვილმა და რუსეთში საქართველოს იმდროინდელმა ელჩმა, კოტე კემულარიამ მოამზადეს. ისე, სიტყვამ მოიტანა და, „ვარდების რევოლუციის“ დღეებში, თუ გახსოვთ, კოტე კემულარია მოსკოვს გაემგზავრა, თუმცა ვერ გეტყვით, იქ ვის შეხვდა... სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის პირველი მოსკოვური ვიზიტის პროტოკოლი კი ძალიან საინტერესოა. მაშინ სააკაშვილი ისეთ ადამიანებს შეხვდა და შეხვედრები ისეთ ორგანიზაციებში გამართა, რომლებსაც ბოლო 9-10 წლის განმავლობაში, საქართველოს პოლიტიკასა თუ ეკონომიკაზე დიდი გავლენა ჰქონდათ.

- ეს შეხვედრები საიდუმლო იყო?

- ყოველ შემთხვევაში, პროტოკოლის დეტალები, თუ ვის ხვდებოდა სააკაშვილი, არ გავრცელებულა და ოფიციალურად მხოლოდ ის ითქვა, რომ პუტინს შეხვდა. ეს შეხვედრა, დაახლოებით, სამსაათნახევარი გაგრძელდა. აქედან, ზუსტად ერთი საათის განმავლობაში, სააკაშვილი და პუტინი ერთი-ერთზე საუბრობდნენ.

მოდით, პროტოკოლს გავყვეთ:

2004 წლის 10 თებერვალს, სააკაშვილი მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში ჩაფრინდა და პირველი შეხვედრა „მგიმო“-ში ანუ საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში გამართა, რომელიც რუსული სპეცსამსახურის, კერძოდ, დაზვერვის თანამშრომლების მომზადების ძირითადი ბაზაა.

- სააკაშვლი „გიმო“-ში კონკრეტულად ვის შეხვდა?

- იქ ორსაათიანი ლექცია წაიკითხა, რის შემდეგაც, ე.წ. ჩინურ ქალაქში, ილინკას ქუჩაზე გაემგზავრა და პრიმაკოვს შეხვდა. სხვათა შორის, იმხანად, პრიმაკოვი ედუარდ შევარდნაძესთან დაპირისპირებული იყო და „ეს ვე ერ“-ს ანუ რუსეთის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. სააკაშვილისა და პრიმაკოვის საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. „რაო ეესის“ ცენტრალურ ოფისში კი, სააკაშვილი ჩუბაისს შეხვდა, რომელსაც, ასევე, საათნახევარს ესაუბრა. „ეხო მოსკვის“ პირდაპირ ეთერში, ერთსაათიანი გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილი ვლადიმერ ევტუშენკოვთან გაემგზავრა.

- ევტუშენკოვი ვინაა?

- ევტუშენკოვი აქციონერთა ფინანსური კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებელია, „სისტემის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტი კი, ლევან ვასაძე იყო. ევტუშენკოვისა და სააკაშვილის შეხვედრას ვასაძეც ესწრებოდა.

- ექსპრეზიდენტის მოსკოვური ვიზიტის შეხვედრები ამით ამოიწურა?

- არა. სააკაშვილი ზურაბ წერეთელსაც ესტუმრა და ამ, ასე ვთქვათ, წვეულებაზე სლავა ზაიცევი, ბელა ახმადულინა, ვინმე შახნაზაროვი, ნატალია დუროვა, ჟორეს ალფიონოვი, ცნობილი, ოდიოზური დიმიტრი როგოზინი, ასევე, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები და რუსეთის ე.წ. „კრიმინალური სამყაროს“ ქართველი წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

- ამ „ავტორიტეტების“ ვინაობა თქვენთვის ცნობილია?

- სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ ჩემი ინფომაციით, „დედ ჰასანის“ ჯგუფის ტიპები იყვნენ.

- ეს არაოფიციალური შეხვედრები იყო?

- დიახ. მაგალითად, პრიმაკოვსა და ჩუბაისთან შეხვედრებზე პროტოკოლში არაფერია ნათქვამი. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო ლექციის წაკითხვა „მგიმო“-ში და „ეხო მოსკვის“ ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი. სხვათა შორის, პროტოკოლში არც ზურაბ წერეთელთან სტუმრობაა მითითებული. სუფრაზე, რომელიც წერეთლის ოფისში გაიშალა, სააკაშვილი და როგოზინი ერთმანეთის გვერდი-გვერდ ისხდნენ. სიტყვა-სიტყვით გეუბნებით, რაც როგოზინმა მიშას უთხრა: „ჩვენს შორის უთანხმოება დასრულდა და ამის შემდეგ, ძალიან კარგი, თბილი ურთიერთობა გვექნება!“ როგოზინის ამ განცხადებაზე სააკაშვილს ცუდი რეაქცია არ ჰქონია. ცოტა ხანში, ის მოულოდნელად წამოხტა, სუფრა მიატოვა და „იტარ-ტასის“ პრეს-კლუბში გაიქცა. სააკაშვილის მოულოდნელი წამოხტომით, სტუმრებმა უკმაყოფილება გამოხატეს.

ეს სამდღიანი ვიზიტი იყო - მოსკოვში 10 თებერვალს ჩაფრინდა და 12-ში უკან გამოფრინდა. 11 თებერვალს, „გრანდ მარიოტში“, რუს ბიზნესმენებს, კერძოდ, „პრამიშლენნაია როსიას“ ხელმძღვანელებს შეხვდა. ამ საათნახევრიან შეხვედრას გენერალოვიც ესწრებოდა. ეს ის გენერალოვია, რომელმაც მოგვიანებით, საქართველოში „კვარციტი“ და სხვა ეკონომიკური თუ ენერგოობიექტები შეიძინა ანუ საქართველოში რუსული ფულის შემოსვლას საფუძველი სწორედ ამ შეხვედრებზე ჩაეყარა. სხვათა შორის, ყველა ამ შეხვედრას თემურ ალასანიაც ესწრებოდა და ეს გასაკვირიც არაა, რადგან მაგალითად, გენერალოვი, სწორედ სააკაშვილის ბიძის ძველი ნაცნობია. სააკაშვილი საქართველოში - ჭიათურასა და ზესტაფონში ინვესტიციების განხორციელებაზე, რუსეთის პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს, ტიტოვსაც ელაპარაკა. რუსული ფული სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ნავთობისა და გაზის სექტორშიც უნდა ჩადებულიყო. სააკაშვილი რუსებს დაჰპირდა, რომ ისეთ საკანონმდებლო ბაზას შექმნიდა, რომელიც რუსულ ინვესტიციებს, საგადასახადო კუთხით, პრობლემებს არ შეუქმნიდა და თავისუფალი ოპერირების უფლება ექნებოდა. სხვათა შორის, გენერალოვი სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციასაც დაესწრო...

ამ ვიზიტის დროსვე, სააკაშვილი მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც წარმოშობით ქართველი მამა მაქსიმე მოღვაწეობს, აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, დევნილებმა ყოფილ პრეზიდენტს „მუტანტი“ შეარქვეს. თავის დროზე, ეს ტერმინი სალომე ზურაბიშვილმაც გამოიყენა.

- დევნილებმა სააკაშვილს „მუტანტი“ რატომ შეარქვეს?

- ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ჩანს, მიშამ რაღაც ისეთი ჩაიდინა... ამ შეხვედრაზე სააკაშვილი ლტოლვილებს აფხაზეთში დაბრუნებას დაჰპირდა, თუმცა როგორც დააბრუნა, ვნახეთ. ყველაფერ ამის შემდეგ, სააკაშვილი კრემლში მივიდა, პუტინს შეხვდა და „ვარდების რევოლუციაში“ დახმარებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. ასევე, მადლობა გადაუხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პროცესებში ჩაერია და სისხლი არ დაიღვარა.

მაქვს ინფორმაცია, რომ 2004 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე, თბილისში „ეფ ეს ბე“-ს მაღალჩინოსანი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, პატრუშევის ერთ-ერთი მოადგილე იმყოფებოდა და სააკაშვილთან ორ-სამ საათიანი შეხვედრა გამართა.

- სად?

- ჩემი ინფორმაციით, ცეკა-ს ყოფილ შენობაში... რუსეთში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ხელმძღვანელს, კასიანოვსაც შეხვდა.

- ეს ინფორმაციები ვინ მოგაწოდათ?

- საელჩოს ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა.

- ჩვენთვის რომ ვთქვათ, ზემოხსენებულ ცნობებში საგანგაშო რა არის?

- ყველაფერ ამით დასტურდება, რომ ის, რასაც ეროსი კიწმარიშვილი თავის მემუარებში წერს, აბსოლუტური სიმართლეა ანუ „ვარდების რევოლუცია“, როგორც გვეგონა, ამერიკული კი არა, წმინდა რუსული სახელმწიფო გადატრიალება იყო და პუტინმა საქართველოს ხელისუფლებაში ის ძალა მოიყვანა, რომელიც ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რაც წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამდა. ყველაფერ ამას კი, ჩვენი სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა და, რაც მთავარია, აგვისტოს ომი მოჰყვა.

- თუკი „ვარდების რევოლუცია“ რუსული პროექტი იყო, სააკაშვილი რუს ჯაშუშებს რატომღა ებრძოდა ან ვლადიმერ ვლადიმერის ძეს „ლილიპუტინს“ რატომ ეძახდა?

- ეს სპეციალურად კეთდებოდა, რომ ყველაფერი სამხედრო კონფრონტაციამდე მისულიყო, რაც რუსეთს აწყობდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა, პრაქტიკულად, გეოპოლიტიკა, სახელმწიფოებრივი წესრიგი შეცვალა და მსოფლიოს ახალი გადანაწილება დაიწყო ანუ რუსეთმა თავისი აგრესიული პოლიტიკა გამოაჩინა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის აღდგენას  ცდილობს. სხვათა შორის, მოსკოვი სააკაშვილს მხარს 2007 წლის 7 ნოემბრის მერე, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც უჭერდა.

- ეს მხარდაჭერა რაში გამოიხატებოდა?

- ამ პერიოდში ნაცმოძრაობის წევრები ძალიან ხშირად ვაშინგტონში კი არა, მოსკოვში დადიოდნენ.

- მაინც, რომელი წევრები?

- მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი. ისიც გავიხსენოთ, „ვარდების რევოლუციის“ წინ, რუსეთში ვინ დადიოდა. ამოიღონ 2003 წლის პირველი ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე ინფორმაცია, თუ ვინ დაფრინავდა მოსკოვში.

- ვინ დაფრინავდა?

- როგორც ვიცი, გიგი უგულავა და გივი თარგამაძე. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ამ პერიოდში მოსკოვს ხშირად რამდენიმე ძალოვანი მაღალჩინოსანიც სტუმრობდა. მათი ვინაობა ვიცი, მაგრამ ჯერ არ დავასახელებ, თუმცა იმას კი ვიტყვი, რომ დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ.

- „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ ბაჩო ახალაიას სიმამრის სახლში, თურმე, რუსი დიპლომატი ცხოვრობდა. ეს ყველაფერ ზემოთქმულთან კავშირშია?

- რა თქმა უნდა. როცა შენს ოპონენტებს რუსეთის აგენტებს ეძახი და ამ დროს, შენი თავდაცვის მინისტრის სიმამრის კერძო საკუთრებაში ოფიციალური რუსეთის წარმომადგენელი ცხოვრობს, ეს რას ნიშნავს? აღსანიშნავია, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და ეს ადამიანი ოფიციალური კრემლის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც რუსეთის სადაზვერვო უწყებასთან, პირდაპირი თუ ირიბი შეხება ექნება.

მოკლედ, ნაცმოძრაობას ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ „ვარდების რევოლუციაში“ რუსული კვალი არ გამოჩნდეს, მაგრამ თუ ამ თემის გამოძიება დაიწო, რუსული კვალი აუცილებლად გამოჩნდება და ნაცმოძრაობაც მაშინვე დამთავრდება.

სხვათა შორის, 2004 წელს, მოსკოვში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილს საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი ახლდა. მის არაოფიციალურ შეხვედრებს კი, თემურ ალასანიასთან ერთად,  ბეჟუაშვილი და რუსეთში საქართველოს მაშინდელი ელჩი, კოტე კემულარიაც ესწრებოდნენ“.

 

***

ასეა თუ ისე, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. 19 წელი ისტორიისთვის არაფერია. ამიტომ, ის, რაც 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა, კარგი იყო თუ ცუდი, ჟამთასვლა დღევანდელზე მეტად გამოაჩენს და შეაფასებს.