დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში "საპარლამენტო არჩევნებია"

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება.

8 ივნისი ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. სიჩუმის დღე იყო, როცა ყველა სახის პოლიტიკური აგიტაცია-პროპაგანდა აკრძალულია.

დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის ბრძანებით, დღეიდან ძალოვანი უწყებები განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილი, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს ე.წ. საზღვარზე კონტროლის გაძლიერება მოსთხოვა.

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონის 17 საარჩევნო ოლქში, 73 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

უბნები გახსნეს მოსკოვსა და ვლადიკავკაზშიც.

დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ ოსური მედიისთვის დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

მისი ინფორმაციით, საარჩევნო სიებში 29 ათასი ამომრჩეველია შეყვანილი.

ოკუპირებულ რეგიონში, წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე ხმაურიანი ის ამბავი გახდა, როდესაც საარჩევნო კომისიამ პარტია „სამართლიანობისთვის“ არ დაარეგისტრირა.

ამ პარტიის ლიდერები არიან დავით სანაკოევი, გარი მულდაროვი და ძამბოლათ მედოევი.

ისინი წინა მოწვევის ე.წ. პარლამენტის დეპუტატები არიან და მათ რუსეთის ფედერაციამ ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა. ახლა კი ადგილობრივ არჩევნებზეც არ დაუშვეს.

მათი მხარდამჭერები კი სოციალურ ქსელებში მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, ან ბიულეტენში ყველა კანდიდატი გადახაზონ.

„რუსეთის საზღვართან ახლოს მზარდი დაძაბულობის გამომწვევი ქმედებები“ - ამ ფორმულირებას იყენებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) 7 თებერვლით დათარიღებულ განმარტებაში, რომლის მიხედვითაც ოს „დეპუტატებს“ მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

სამივე პოლიტიკოსი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ე.წ. საზღვრის დადგენის იდეას ემხრობა. მათ შორის - გარი მულდაროვი „სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის“ ხელმძღვანელი იყო.

ეს კომისია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ცალმხრივად მუშაობდა.

სანაკოევის მიმართ, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გამოცემული.

ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შემდეგ სანაკოევმა თავის ტელეგრამარხზე განაცხადა, რომ არჩევნები უსამართლოდ ტარდება და მისი ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგება.

დე ფაქტო პარლამენტის არჩევნების ცნობისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს 50%-ს პლუს ერთმა ამომრჩეველმა.

დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებში შვიდი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“.

არჩევნები შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ტარდება და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატის მანდატს 34 ადამიანი მიიღებს, 17 მაჟორიტარი და 17 პროპორციული სიებიდან არჩეული.

პარტიებს 7-.პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

ცესკოს ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, დღეს არჩევნებს რუსეთის ფედერაციიდან, აფხაზეთიდან, ასევე დონბასის არაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლები დააკვირდებიან, სულ 35 ადამიანი.

ოკუპირებულ რეგიონში გამართულ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად არ ცნობს, რადგან უკანონო არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება. ამ ტერიტორიას კი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს სუვერენულ რეგიონად მიიჩნევს.