რას ითხოვს ე.წ. აფხაზეთის ეკლესია?

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზი მღვდელმსახური ბესარიონ აპლია რუსეთის პატრიარქს მიმართავს „თავისი ომოფორის ქვეშ მიიღოს“ აფხაზი მრევლი. პარალელურად სხვა მღვდელმსახურები ამბობენ, დროა დაველაპარაკოთ საქართველოს ეკლესიას, რომელსაც კანონიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენს ეპარქიაზეო.

ინტერნეტგამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტა“ იტყობინება, რომ ბესარიონ აპლიამ მოთხოვნები კირილეს წერილობით გაუგზავნა. გაზეთის თანახმად, ბესარიონ აპლია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირია, რომელსაც არასოდეს მიუმართავს საქართველოს საპატრიარქოსთვის გათავისუფლების სიგელის მიღების თხოვნით, თუმცა თვითონ მღვდელმსახური ამბობს, რომ 1992-1993 წლების ომის შემდეგ თავს აღარ მიიჩნევს საქართველოს ეკლესიის ნაწილად. მის მიერ შექმნილი აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არაკანონიკურ საეკლესიო წარმონაქმნად მიიჩნევა.

ბესარიონ აპლიასთვის ის, რომ სხვა ეკლესიები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, არ ცნობენ აფხაზეთის გადასვლას რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

თავისი პოზიციის გასამყარებლად აპლია მიუთითებს ქალკედონის კრების მე-17 და ტრულის კრების 25-ე კანონებზე, რომელთა მიხედვითაც, როგორც აპლია განმარტავს, თუ ეპისკოპოსი 30 წელზე მეტია არ გამოჩენილა თავისი ეპარქიის ტერიტორიაზე, მაშინ ეს ეპარქია შეიძლება გადავიდეს სხვა, მეზობელი ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში.

აპლია ამბობს, „ქართულ-აფხაზური ომის დასრულებიდან და ქართული იერარქიის გაქცევიდან 30 წელზე მეტი გავიდა. ამიტომ დღეს ჩვენ საკითხს ვაყენებთ უწმინდესის [კირილეს] წინაშე“-ო.ბესარიონ აპლიას ასევე მიაჩნია, რომ 1943 წელს აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში „არაკანონიკურად“ შევიდა:

„ჩვენ არ ვართ საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენ ვართ რუსეთის ეკლესიის ნაწილი, როგორც ეს პატრიარქმა ტიხონმა გადაწყვიტა 1917-1918 წლების კრებაზე. საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის შესახებ 1943 წლის გადაწყვეტილებას არ აქვს კანონიკური ძალა. კანონიკურად, ჩვენ სწორ მხარეს ვართ. მაგრამ მოსკოვში ბევრი ჩვენი მოწინააღმდეგე და ბევრი გავლენიანი ქართველია“.

ბესარიონ აპლია „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში იმასაც ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ მოსკოვში შეხვდა პატრიარქ კირილეს და პირადად გადასცა თავისი მოთხოვნები, თუმცა, მისვე თქმით, კირილემ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს, აფხაზეთის სასულიერო პირებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთო:

„პატრიარქმა შეხვედრისას მითხრა, ჯერ ერთმანეთში მოილაპარაკეთ, თორემ ზოგიერთ თქვენგანს კონსტანტინოპოლში უნდა, ზოგიერთს კი - საქართველოში. ბოლოს და ბოლოს გაარკვიეთ, სად გინდათო“.

როგორც ჩანს, რუსეთის პატრიარქ კირილეს მხედველობაში ჰქონდა აფხაზეთში მოქმედი ორი პარალელური, არაღიარებული საეკლესიო სტრუქტურის არსებობა:

აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია ცენტრით სოხუმის საკათედრო ტაძარში
აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლო ცენტრით ახალი ათონის მონასტერში
„ნოვაია გაზეტა“, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ინკოგნიტო თანამშრომელზე დაყრდნობით, წერს, რომ ბესარიონ აპლიამ საქმეში ჩართო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია და პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბა, რომლებიც მოსკოვში აპლიასთან ერთად უნდა შეხვედროდნენ პატრიარქ კირილეს.

გამოცემის თანახმად, უკვე შეთანხმებული იყო აუდიენციის დრო, მაგრამ განსახილველი საკითხების (აფხაზეთის ეკლესიის კანონიკური სტატუსის დადგენა, აფხაზეთის ეპისკოპოსის ხელდასხმა და მოსკოვში აფხაზთა დიასპორისთვის ტაძრის გამოყოფა) გაცნობის შემდეგ, მეორე დღისთვის დანიშნული შეხვედრა ჩაიშალა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ბესარიონ აპლიამ რუსეთის პატრიარქისთვის წერილის მიწერა.პატრიარქ კირილესთვის წერილის გაგზავნის პარალელურად, ბესარიონ აპლიამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მის დაქვემდებარებაში მსახურობენ, აფხაზეთის დატოვება მოსთხოვა.

წყაროს თქმით, ბესარიონ აპლიამ შეკრიბა მღვდლები და უთხრა წასულიყვნენ თავიანთ ეპარქიებში (სადაც თავის დროზე ხელდასხმა მიიღეს) და ადგილობრივი არქიელებისგან გამოეთხოვათ აფხაზეთის ეკლესიაში გადასვლის სიგელები.

„თუმცა სასულიერო პირებმა უთხრეს, იმდენი ხნის წინ წამოვედით, რომ იქ ჩვენი პირადი საქმეებიც კი აღარ იქნება და, ალბათ, არც არავინ გვიცნობსო. გარდა ამისა, როგორ მიგვავლენენ აფხაზეთის ეკლესიაში, თუკი ასეთი ეკლესია არ არსებობს? ან რა მოხდება, თუ სხვაგვარად გადაწყვეტენ და სხვა სამრევლოში მიგვავლენენ? ამის პასუხად ბესარიონ აპლიას მღვდელმსახურებისთვის უთქვამს, თუ ასეა საქმე, მაშინ კარგად იყავითო“, - ეუბნება გამოცემას ანონიმური წყარო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებსაიტის მიხედვით, ბესარიონის გარდა, ამ რელიგიურ ორგანიზაციაში შედის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 10 სასულიერო პირი: იღუმენები სერგი (ჯოპუა) და ეგნატე (კიუტი), მღვდელმონაზვნები ბასილი (ლეიბა) და დავითი (გვაზავა); მღვდლები დოლმატ გოპია, ალექსანდრ სერგეევი, ანდრეი სტრუტსკი, იგორ არტემიევი, ნიკიტა ადლეიბა, მათე ტუჟბა. ბესარიონ აპლიას ქვეშევრდომები მოსკოვის საპატრიარქოს სხვადასხვა ეპარქიის შტატში ირიცხებიან; მათი ყოფნა აფხაზეთის ეკლესიის შემადგენლობაში და მსახურება საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის შეთანხმებული საქართველოს საპატრიარქოსთან, ამ მღვდელმსახურებს აქცევს პოტენციურ ბრალდებულებად როგორც რუსეთის მართლმადიდებელ

ი ეკლესიის, ასევე საქართველოს ეკლესიის საეკლესიო სასამართლოში.

რაღაც მსგავსი მოხდა 2021 წლის თებერვალშიც. ბესარიონ აპლიამ მაშინაც შინ გაუშვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და თავისი საეკლესიო სტრუქტურის ფარგლებში ინტერდიქტიც კი გამოაცხადა, ვიდრე მოსკოვის საპატრიარქო არ გადაწყვეტდა აფხაზეთის კანონიკური სტატუსის საკითხს. მაშინ ვითარება „დაარეგულირა“ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების მაშინდელმა თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევმა).

„ბესარიონ აპლიას მითითება კანონებსა და 30-წლიან პერიოდზე, რომლის შემდეგაც აფხაზეთმა „ავტომატურად“ უნდა მიიღოს დამოუკიდებლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან, უსაფუძვლოა“, - ამბობს "ნეზავისიმაია გაზეტასთან" საუბარში კანონიკური სამართლის სპეციალისტი, ზოგადი და რუსული ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი, წმინდა ტიხონის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დეკანოზი დმიტრი პაშკოვი:

ინტერდიქტი (interdictum) გარკვეული პირებისთვის (პიროვნული აკრძალვა) ან გარკვეულ ადგილას (ადგილობრივი აკრძალვა) მღვდელმსახურების აღსრულების ან წმიდა წესებში მონაწილეობის აკრძალვაში მდგომარეობს.

„ზოგადად, IV საეკლესიო კრების მე-17 და ტრულის კრების 25-ე კანონი სხვა გარემოებებს ითვალისწინებს. პირველ რიგში საუბარია უკონფლიქტო ფაქტობრივ კონტროლზე, დაახლოებით ისეთზე, როგორიცაა მაგალითად ადამიანის მიერ ნაპოვნი ნივთის დიდი ხნის განმავლობაში კეთილსინდისიერი (იურიდიული გაგებით) ფლობა. აფხაზმა სამღვდელოებამ უნდა იფიქროს უფრო დამაჯერებელ არგუმენტებზე“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის რელიგიის საკითხების რწმუნებული რეზო კაციაც მიიჩნევს, რომ აპლიას „დემარში“ ვერ იქნება შედეგიანი, რადგან მის არგუმენტებში საუბარია ერთი ეკლესიის ორ მეზობელ ეპარქიაზე. კაციას თქმით, აფხაზეთში კანონიკური წესრიგის აღსადგენად აუცილებელია მოლაპარაკება საქართველოს ეკლესიის მონაწილეობით, რასაც ბესარიონ აპლია კატეგორიულად ეწინააღმდეგება:

„ყოველთვის საჭიროა რეალობიდან გამოსვლა. თუ ვიწრო ეროვნულ ან ადგილობრივ ინტერესებს მიენიჭება უპირატესობა, არაფერი გადაწყდება. ამიტომ, მე ვარ სამმხრივი მოლაპარაკებების მომხრე - საქართველოს ეკლესიის, რუსეთის ეკლესიისა და აფხაზური მხარის მონაწილეობით“.აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას თქმით, ის გულშემატკივრობს თავის ძველ მეგობარს, ბესარიონ აპლიას, მაგრამ „აფხაზური სახელმწიფოს პოზიცია საეკლესიო საკითხებში ნეიტრალიტეტია“. შამბას თქმით, აფხაზეთის ოფიციალურ პირებს შორის არიან როგორც ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე პარალელური საეკლესიო ორგანიზაციის - არქიმანდრიტ დოროთეს (დბარის) აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლოს მხარდამჭერები:

„ჩვენთან ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან. სახელმწიფო არ ერევა რელიგიურ საკითხებში. რომ ჰკითხოთ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, - ყველა ვიტყვით, რომ მხარს ვუჭერთ აფხაზეთის ეკლესიას, რომელსაც მამა ბესარიონი უძღვება. ჩვენი პოზიცია ცნობილია. მაგრამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მამა დოროთეს“.

სერგეი შამბას თქმით, აფხაზეთის კანონიკური სტატუსის გადაწყვეტის მთავარი დაბრკოლება სწორედ ეს განხეთქილებაა, რომელიც წარმოიშვა პირადი კონფლიქტის ნიადაგზე ბესარიონ აპლიასა და მის ყოფილ პროტეჟე დოროთე დბარს შორის.

”რომ არა დოროთე და ბესარიონი, ვფიქრობ, ეს განხეთქილება სწრაფად აღმოიფხვრებოდა. ჩემი გადმოსახედიდან, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნებებზე. დოროთეც და ბესარიონიც ჯიუტად იცავენ თავიანთ პოზიციებს. იმდენად ჯიუტად, რომ მათი დაპირისპირება წლებია გაყინულია მკვდარ წერტილში, რომლიდანაც ვერ ვიძვრით, - ამბობს შამბა, - მათ ჰქონდათ შერიგების შანსი. გარკვეული ძალისხმევა მეც ჩავდე ამაში. ვცდილობდი მოლაპარაკებების მოწყობას ისე, რომ რაიმე სახის კომპრომისი ყოფილიყო. მაგრამ არაფერი გამოვიდა“.

სერგეი შამბას თქმით, ბესარიონ აპლია ტყუილად იმედოვნებს, რომ ასეთი მეთოდებით შეძლებს რუსეთის ეკლესიის გადარწმუნებას და მოსკოვის საპატრიარქოში შესვლას. შამბას თქმით, ამ თვალსაზრისით, აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლო ბევრად რეალისტურად აფასებს ვითარებას:

„დოროთეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე ესმის, რომ კონსტანტინოპოლიდან არანაირ დამოუკიდებლობას არ მიიღებს. ბესარიონს კი ჯერ ისევ სჯერა, რომ რუსეთი გადახედავს თავის პოზიციას“.

შამბას თქმით, საჭიროა ვინმე ახალი, მეტი დიპლომატიური უნარების მქონე მღვდელმთავარი.

აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი დავიდ ფილია კი მიიჩნევს, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების ჩართულობით, სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ აფხაზეთის ეკლესიის ბედი:

„აფხაზეთში ბევრს გაუხარდება, აფხაზეთის ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტონომიად რომ ჩამოყალიბდეს. მაგრამ ვიცით, რომ საქართველო ამას არ დათანხმდება. ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთში ხალხს არ სურს იყოს საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში. ამიტომ, საჭიროა მოლაპარაკებები მესამე, კომპრომისული ვარიანტის მოსაძებნად“.დავიდ ფილიას თქმით, აფხაზეთს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ეპისკოპოსი, რადგან „არ არის ეპისკოპოსი, არ არის ეკლესია“. თუმცა, მისივე თქმით, ეპისკოპოსის ვინაობა უნდა იყოს შეთანხმებული რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების დონეზე:

„უნდა ვეძებოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც მისაღები იქნება აფხაზეთშიც, რუსეთშიც და საქართველოშიც. ეს რთული ამოცანაა. აფხაზეთში ქართველი ეპისკოპოსის წარმოდგენა ალბათ შეუძლებელია, რადგან 1992-1993 წლების ომის ხსოვნა ჯერ კიდევ ცოცხალია და აფხაზური საზოგადოება ასეთ ადამიანს ვერ ენდობა. რუსი უფრო შესაძლებელია. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს აფხაზეთს. რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთესი იქნება ადგილობრივი, რომელსაც კარგად ესმის ჩვენი მენტალიტეტის“.აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (დბარი), რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 2023 წლიდან განკვეთილად მიიჩნევს, სკეპტიკურად უყურებს „აფხაზეთის ეკლესიის“ საკითხის კანონიკური გადაწყვეტის პერსპექტივას:

„საკითხის გადაჭრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწესრიგდება ურთიერთობები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლს შორის. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საქართველოს ეკლესიის "იძულება", გადაწყვიტოს აფხაზეთის საეკლესიო საკითხი. მანამდე არაფერი მოხდება.

არ მჯერა, რომ შესაძლებელია რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის აფხაზეთის საკითხზე შედეგიანი მოლაპარაკებების წარმოება. აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს არ არის მზად რაიმე კომპრომისისთვის“.

დოროთე (დბარის) თქმით, საეკლესიო ინსტიტუციებს გარეთ ხანგრძლივი ცხოვრება აფხაზებისთვის ერთგვარ ისტორიულ ნორმად იქცა კონსტანტინოპოლის დაცემისა და ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პერიოდის განმავლობაში.

„არაინსტიტუციური ქრისტიანობა აფხაზური ტრადიციაა. საეკლესიო იერარქიის როლი ბევრად ნაკლებია. მივეჩვიეთ ვითარებას, როცა არსებობს მხოლოდ ღმერთი და მის მიერ შექმნილი ბუნება, რომელიც ჩვენთვის ხელთუქმნელ ტაძრადაა ქცეული“, - ამბობს დოროთე დბარი.ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარი, ბერდიაკვანი დავითი (სარსანია) კი დარწმუნებულია, რომ საეკლესიო დაწესებულება აუცილებელია:

„აფხაზეთში მართლმადიდებლური სამწყსო არ არის წარმოდგენილი მხოლოდ აფხაზთა ეთნიკური ჯგუფით, ის მრავალეროვნულია და ეს უდავო ფაქტია. ეკლესიის ინსტიტუტი აუცილებელია იმისათვის, რომ ყველა მორწმუნე ერთ იურისდიქციაში გაერთიანდეს“.

დავით სარსანიას თქმით, ბესარიონ აპლიას ამჟამინდელი „დემარში“ იმაზე მეტყველებს, რომ ახლა აფხაზეთში „ყველა მღვდელი აკეთებს იმას, რაც სურს და არავინ არაფერზე არ აგებს პასუხს, რაც არ შეიძლება ეკლესიაში“:

„ამ 30 წლის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ აფხაზეთის საეკლესიო პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია მამა ბესარიონის შემოთავაზებული გზით, - ამბობს დავით სარსანია, - სავარაუდოდ, მიზეზი იმ ადამიანების არაკომპეტენტურობაშია, რომლებიც მამა ბესარიონის პოზიციის ფორმირებაში მონაწილეობენ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1943 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება საქართველოს სსრ-ს ფარგლებში კანონიკურად უდავო ფაქტია. ამასთან, მაშინ საუბარი იყო არა ავტოკეფალიის მინიჭებაზე, არამედ მის აღიარებასა და ცნობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ აღსრულებული აქტის გადახედვა შეუძლებელია. ასე რომ, დროა ვიმოქმედოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრების სინამდვილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორია იმყოფება საეკლესიო კანონიკური ველის მიღმა“.დავით სარსანიას თქმით, აუცილებელია შეწყდეს აფხაზეთის ეკლესიის არსებობის ილუზიით ცხოვრება:

„დროა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ეკლესიასთან, რომელსაც კანონიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენს ეპარქიაზე, ანუ საქართველოს ეკლესიასთან. და, რა თქმა უნდა, შუამავალი უნდა იყოს რუსეთის ეკლესია. იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს მდგომარეობასთან. იმიტომ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, მართალია შესაბამისი კანონიკური კურთხევის გარეშე, მაგრამ მაინც ასრულებენ ღვთისმსახურებას აფხაზეთის ტერიტორიაზე“.

დავით სარსანიამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან თავის ურთიერთობაზე ილაპარაკა 2015 წელს, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ ეთერში: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი გავხდი სრულიად რუსეთის ამჟამინდელი პატრიარქის, უწმიდეს კირილეს დაჟინებული თხოვნით, როდესაც ის ჯერ კიდევ სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი და საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე იყო. სწორედ მისი მხრიდან იყო შეთავაზება, წავსულიყავი თბილისში და შევხვედროდი პირადად საქართველოს პატრიარქს, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, პატრიარქ კირილესთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობა საქართველოს პატრიარქ ილიასთან. ამიტომ, ქართული მხარისთვის საჩუქრის გასაკეთებლად, მე, მაშინ ახალგაზრდა სემინარისტს, მთხოვეს, 1997 წელს მივსულიყავი საქართველოს პატრიარქთან და დამეწყო მასთან დიალოგი მღვდელმსახურების მისაღებად. ასე რომ, სასულიერო ხარისხი ნამდვილად მივიღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, მაგრამ შემდგომში ჩემს ყოფნას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსად და არანაირად არ უჩენია თავი. რატომ? მოგეხსენებათ, 2006 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდს უკვე ჰქონდა პრეტენზია ჩემი საქმიანობის მიმართ, რომელიც სინოდმა დაახასიათა როგორც ანტიკანონიკური და ანტიეკლესიური".

ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი

წყარო: რადიო თავისუფლება