რატომ გადადგა ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე გააკეთა. ხაბეიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მას თინა ბოკუჩავა შეცვლის.

„მე მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, სამწუხროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები. ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 სამი თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, თინა ბოკუჩავასთან კონსულტაციით, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას, პირველი ეხება პარტიის თავმჯდომარეს. მინდა, ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, ასევე, მინდა, შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, რადგან პოლიტიკური საბჭო არ არის რუტინული საქმიანობა და, შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული. მე მაქვს სურვილი, აგვისტოს ბოლოდან ჯანმრთელი და ჯანსაღი შევეხიდო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის უკვე ახალ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას ამ ბრძოლაში და 24-საათიან რეჟიმში მოვემსახურო ჩვენს ხალხს ივანიშვილთან ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მივესალმები ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელშიდაწერა:

„მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. უმნიშვნელოვანესია, რომ ლევანმა სწრაფად მოახერხოს რეაბილიტაციის გავლა და მისებურად აქტიურად ჩაერთოს გადამწყვეტ ბრძოლაში. მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან, რომ დღეს ასეთია ხალხის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის დაკვეთა. ენმ გადაეწყობა მთლიანად ამ მიმართულებით ახალი სახეებით, ახალი იდეებით, რაც დაეფუძნება წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიციას და მუდმივი განახლების პროცესს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში“