შეუერთდება თუ არა ბრიტანეთი აშშ-ს სანქცირების პოლიტიკას

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ თქვა, რომ ბრიტანეთი განიხილავს, შეუერთდეს აშშ-ის სანქციების პოლიტიკას იმ პირებთან მიმართებით, ვინც ცდილობს, საქართველოს გადაახვევინოს EU-ის გზიდან.

"პირველ რიგში, სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს! ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და რუსულ გავლენებზე, რომელიც საქართველოში იზრდება.

ბრიტანეთი განიხილავს, შეუერთდეს აშშ-ის სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით, იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებით, ვინც ცდილობს, საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.

26 ოქტომბერი, ყველა ამას უყურებს. ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, ვცვლით ქართულ ოცნებას, პრორუსულ ძალას და სწრაფად ვიწყებთ ინტეგრაციას ევროპისკენ. ძალიან ბევრი ინვესტიცია წამოვა ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ უფრო და უფრო უნდა გავაღრმაოთ ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

ყველა 26 ოქტომბერს უყურებს, როგორც გეოპოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. ან განვითარება, წინსვლა, ევროკავშირი, NATO, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მეგობრობა ბრიტანეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან ან რუსული ჭაობი ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს არის რეალური არჩევანი, რაც გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ", - თქვა ვაშაძემ.