წარმართული თუ ქრისტიანული ტრადიცია - დეკანოზი დავით თავაძე ბარბარობისა და ლობიანის შესახებ

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც იცით, ტრადიციულად 17 დეკემბერს ანუ ბარბარობას, თითქმის ყველა ოჯახში ცხვება ლობიანი, რა კავშირშია ამ დღესთან და ზოგადად რას ნიშნავს , ამის შესახებ ოქროყანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით თავაძე წერს.


"დღეს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ,რომ ბარბარობას ლობიანების გამოცხობა უკავშირდება ბარბალე ღვთაებას,რომელიც ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი იყო და მის პატივსაცემად აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს, ხაჭაპურებსაც და სხვა.
თუ წარმართულია,მაშინ ვინც ბარბარობას ლობიანს ჭამს უნებლიეთ წარმართულ რიტუალს ასრულებს?
შეიძლება ვინმემ შეგვიცოდოს და გვითხრას,რომ არა,ვინც ისე ჭამს ,რომ წარმართულ აზრს არ დებს ლობიანის ჭამაში,მაშინ მისი ჭამა შეიძლებაო.კი, მაგრამ ის ვისაც ჯერა,რომ ლობიანი წარმართული ღვთაებიდან მოდის,ის ნეტა როგორ ჭამს ლობიანს,წარმართულად თუ ქრისტიანულად? და,მაინც საყოველთაოდ ცნობილია,რომ ლობიანი რახან მრგვალია მზეს უკავშირდება.
კეთილი და პატიოსანი,მაგრამ ლობიო ხომ ევროპასა და საქართველოში მხოლოდ XVI საუკუნეში გაჩნდა და ლობიანიც სწორედ ამ დროიდან გახდა პოპულარული, განსაკუთრებით მარხვაში?
რა გამოდის,მე 17 საუკუნემდე ქართველების ბარბალე და წმ.ბარბარე ერთმანეთში ერეოდათ და ღვეზლებს აცხობდნენ ( მაშინ მაგარი ქრისტიანები ვყოფილვართ)და მე-17 საუკუნეში ღვეზელი ლობიანით შეცვალეს? და რატომ შეცვალეს,სულიერად განვითარდნენ?
თუ წმინდა ბარბარე და ლობიანი არავითარ კავშირში არაა ერთმანეთთან და ეს წარმართული გადმონაშთია,მაშინ წმინდა ბარბარე და ბარბალეს რაღა აკავშირებს სემანტიკურ- ლინგვისტური მსგავსების გარდა?
თუ ბარბალეს მრგვალ ღვეზლებს უცხობდნენ და ამის გამო ლობიანიც წარმართულია,მაშინ პურიც მრგვალია,ხაჭაპურიც, სეფისკვერიც და ესენიც წარმართულია? მზეს მთვარეს რომ სცემდნენ წარმართები თაყვანს,ეს იმას კი არ ნიშნავს,რომ მზე და მთვარეა წარმართული..
თუ ასეა,წარმართობას ძლიერ ღრმად შემოუღწევია ჩვენში მაინცდამაინც წმინდა ბარბარეს ხაზით.
რა თქმა უნდა ჩვენში ბევრ რამეს დაკრავს წარმართული ელფერი,( გურიაში,სამეგრელოში,მთაში)მაგრამ ეს უძველესი ტრადიცია კი არ არის,( თუ ჩვენ მე-20 და 21 საუკუნეში ამგვარი წარმართული გადმონაშთები გვაქვს,მაშინ მე-11 მე- 12 საუკუნეში წარმართული ქვეყანა ვყოფილვართ და ეგ არის.
რა ტყუილად დაღვრილა ამდენი სისხლი ქრისტესა და სამშობლოსათვის?რა ტყუილად ჩაუვლია 13 ასურელი მამის,გრ.ხან ძთელის,თამარის,დავითის ღვაწლს?!
ქრისტიანობა როგორ შედიდა მაშინ საქართველოდან ჩრდილო კავკასიაში,რაზეც ისტორიული ძეგლებიც მეტყველებენ,თუკი ჩვენ წმინდა ბარბარე და წმინდა გიორგი წარმართ კერპებში გვერეოდა?)
სინამდვილეში წარმართობა ჩვენში გვიან აღზევდა,მაშინ როდესაც უკვე გვიან მ-17-მე18 საუკუნეებში მთიელი წარმართი ტომების შემოსევა - ჩამოსახლებისა და ზოგიერთების სანატრელ კომუნისტების დროს ქრისტიანობას ბევრგან გამოეცალა საფუძველი და იგი მასების ოპიუმად გამოცხადდა, ხალხის ცნობიერებაში კი ცრურწენებმა ჩაანაცვლა.
გასაგებია,რომ ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები: საერთო ქართული - ბარბალე/ბარბარე, სვანური - ბარბალი/ბარბარი და მთიულური ბარბალა/ბარბარა) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება,
მაგრამ გარდა სემანტიკურისა,რა კავშირი აქვს ყოველივე ამას წმინდა ბარბარესთან?განა ის თავად არ გახდა წარმართობის მსხვერპლი?და თუ არა აქვს კავშირი,მაშინ ჩვენ ვყოფილვართ ქართველები ისეთი ცუდი ქრისტიანები,რომ წარმართობა და ქრიატიანობა ერთმანეთში გვერეოდა და გვერევა.
რატომაა გასაკვირი,რომ ( ჩვენში)წმ. ბარბარე დიდი სახალხო წმინდანია.( ზოგს ჰგონია,რომ ჩვენ, ქართველებს წმინდა გიორგი იმიტომ გვიყვარს,რომ ნათესავით ქართველი იყო ან იახსარსა და კოპალას ჰგავს და ა. შ....აგერ ბატონო,წმინდა ბარბარეს სიყვარულიც შეგვძლებია,მაგრამ არა!ისევ წარმართობა და ისევ ლობიანი! რატომ არ შეიძლება,რომ ბარბარობის დღესასწაული საქართველოში ბავშვთა ინფექციურ დაავადებებთან იყოს დაკავშირებული?ისიც ხომ ცნობილია,რომ წმინდა ბარბარეს საქრისტიანოში ბავშვთა მფარველად და შემწედ, ასევე საქონლის მკურნალადაც მიიჩნევა.
გურიაში მაგალითად ბარბარობა ექიმბაშ ქალთა დღესასწაულად ითვლებოდა. ხალხის რწმენით წმინდა ბარბარე სიცოცხლეში თავად კურნავდა ავადმყოფებს.
ექიმბაშ ქალებს იგი თავიანთ მფარველად მიაჩნდათ და ხშირად მიმართავდნენ დახმარებისთვის. ამ დღეს ისინი ლოცულობდნენ და წმინდანს შესთხოვდნენ, რომ მათ წამლებს ავადმყოფების განკურნება შეძლებოდათ.ასე,რომ ქართველებს შეურაცხყოფას გვაყენებს ყველა,ვინც წმ.ბარბარეს სიყვარულს გვიწუნებს იმიტომ ,რომ მარხვაში ამ დღეს ლობიანებს ვაცხობთ.
ამაში რა არის გასაკვირი,რომ რადგან მარხვის პერიოდია 17 დეკემბერი ქართველები ერთგვარ სანუგეშო სუფრას აწყობდნენ წმინდა ბარბარეს მიმართ სიყვარულის აღსანიშნად და ამისთვის სიმბოლურად შეირჩა ლობიანი, გასაგებია,რომ ეს უბრალოდ ხალხური ტრადიციაა და არა ეკლესიური,მაგრამ თუკი ქორწინების ბეჭედი მრგვალია და ამით მარადიულ სიყვარულს აღნიშნავს,ლობიანი მრგვალი რომაა მაინცდამაინც წარმართული ღვთაების სიმბოლოა?
ტრადიცია მაიცდამაინც ძველი უნდა იყოს? ახალი ტრადიცია არ არსებობს?-რამდენიც გნებავთ.
რა თქმა უნდა დაუშვებელია ამ დღეს ყოველგვარ ბედობაზე საუბარიც კი ,რადგან წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ვინც, სახლიდან გამოსული, კოჭლსა და მახინჯს შეხვდება და ამას "ნიშნად" მიიჩნევს, იგი სატანურ საქმეს ჩადის, რადგან დღეს უბედურებად აქცევს არა ადამიანთან შეხვედრა, არამედ ცოდვილი ცხოვრება".
არსებობს ასეთი მოსაზრებაც,რომ ბარბარობას გამომცხვარი ლობიანი უკავშირდება არა წმინდა ბარბარეს,არამედ სულ სხვა,უცნობ წმინდანს,რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა ლობიანები,და მარხვაში არ მიირთმევდა იმას,რაც ყველაზე მეტად უყვარდა.შემდეგ ყოველივე ამან სხვაგვარი ტრანსფორმაცია განიცადა და ბარბარეს დაუკავშირდა.ყოველ შემთხვევაში საინტერესოა ამ საკითხის კვლევა და არა უაპელაციოდ მისი წარმართობასთან დაკავშირება." -
დეკანოზი დავით თავაძე