იაგოდნოეს "საკონცენტრაციო ბანაკი". რუსების მიერ დაპყრობილი უკრაინული სოფლის ისტორია

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინული გამოცემის Hromadske-ს რეპორტაჟი ჩრდილოეთ უკრაინის სოფლიდან, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებული იყო.

სოფელ იაგოდნოეს სკოლის სარდაფის კარი იმ ჯოჯოხეთის სიმბოლოდ იქცა, რომლის გადატანაც ადგილობრივებს მოუხდათ. ამ კარზე ისინი სარდაფში გატარებულ დღეებს აღნიშნავდნენ. მარჯვნივ იმ ადამიანების გვარებს წერდნენ, ვინც სარდაფშივე გარდაიცვალა, მარცხნივ მათსას, ვინც ოკუპანტებმა დახვრიტეს.

რუსეთის საკონცენტრაციო ბანაკში, იაგოდნოეს მცხოვრებლებმა ერთი თვე გაატარეს.

სოფლის ისტორიას გამოცემა Hromadske მოგვითხრობს.

“სარდაფში შეგვყარეს, რომ “ბანდეროველებისგან” გადავრჩენილიყავით”
სოფელი იაგოდნოე ჩერნიჰივის სამხრეთით, 12 კილომეტრში მდებარეობს. რუსული ჯარები აქ მარტის პირველივე დღეებში შევიდნენ.

გალინა ადგილობრივ სკოლასთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. პენსიონერი იხსენებს, რომ ოთხშაბათს, 2 მარტს სამხედრო ტექნიკა შეამჩნია. მაშინვე ვერ მიხვდა, რომ ოკუპანტები იყვნენ, ტექნიკაზე ნიშნები იყო – თეთრი წრეები. მალე კი ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სოფელი აიღეს.

გალინა ამბობს, რომ ახალი წესები ძალიან მალე იგრძნეს. მასთან რუსები ფანჯრიდან შეიჭრნენ. მეზობელთან- სახლში რამდენიმე ბინაა- კარი ჩამოაგდეს: “ჯავშანტრანსპორტიორიდან ფანჯრების მისამართით დაიწყეს სროლა. მესმის: ფანჯრიდან შემოდიან სახლში. მერე უკვე შემოვიდნენ და მითხრეს, კარი გააღეო“.

ის ღამე გალინამ საკუთარ სახლში გაათია. დილის 7 საათზე კი სახლიდან გააგდეს: “გვითხრეს: “სარდაფში წაგიყვანთო” და ერთი ჯარისკაცი გაგვიძღვა. არავის არაფერი აუხსნია”.

თავიდან ტაისია პეტროვნა სარდაფში არ წაუყვანიათ – მისი ქმარი ყავარჯნებით დადის, მესამე ჯგუფის ინვალიდია, ამიტომ ცოლ-ქმარი სახლში დატოვეს. მაგრამ, მცირე ხნით. საღამოს მათთან ისევ მივიდნენ:

“მანქანა მოაყენეს, ავტომატები დაგვიმიზნეს და გვითხრეს: “თქვენც იქ წახვალთ, სადაც ყველა სხვააო. მასაც [ქმარს]სარდაფში მოუხდა წასვლა. ჩვენი ბიჭები დაეხმარნენ დაბლა ჩასვლაში. ერთი თვე იწვა იქ. ახლა სახლში წევს, არ შეუძლია სიარული. ადრე ყავარჯნებით მაინც დადიოდა, ახლა საერთოდ ვერ დადის”,- გვიყვება ტაისია პეტროვნა.

სოფლის ყველა მცხოვრები სარდაფში შეყარეს – დაახლოებით 350 ადამიანი. ოკუპანტებმა უთხრეს, რომ ამ გზით ისინი უნდა გადაერჩინათ.

”გვითხრეს, რომ სარდაფში უნდა წავსულიყავით, რადგან “ბანდეროველები” დაგვესხმებოდნენ თავს და მათგან თავი უნდა გადაგვერჩინა”, – იხსენებს ტაისია პეტროვნა.

„მთელი სოფელი წაიყვანეს: საწოლს მიჯაჭვულიც და მოსიარულეც. ისიც, ვისაც სიარული არ შეეძლო. ყველა”, – ამბობს იაგოდნოეს კიდევ ერთი მცხოვრები თამარა ანდრეევნა.

გერმანულ ბანაკზე უარესი
გალინას სახლიდან სკოლამდე რამდენიმე ათეული ნაბიჯია. ქალი გვთანხმდება გვაჩვენოს სად ჰყავდათ ისინი ჩაკეტილი მთელი თვე. კიბე გვერდითა შესასვლელთან მიდის – ოკუპაციის დასაწყისში აქ კარი ღია იყო, მაგრამ შემდეგ აჭედეს.

სარდაფიდან კიდევ ერთი გასასვლელი სკოლის უკანა ეზოში გადის. კარზე წარწერაა: “ფრთხილად, ბავშვები”. ერთი თვის განმავლობაში, აქ გამოკეტილ 350 ადამიანს შორის, ნამდვილად იყვნენ ბავშვებიც – 65 ბიჭი და გოგო, მათ შორის ჩვილებიც.

„ბავშვები ტიროდნენ, ყვიროდნენ. მაგრამ რა, ვერც გამოუცვლიდი, ვერც დაბანდი”, – ამბობს თამარა ანდრეევნა.

თავად სარდაფში შვილიშვილთან ერთად იყო. იხსენებს, რომ თავიდან ორი კოვზი ფაფით კვებავდნენ. “ქალიშვილი ბიჭთან ერთად ჭამდა, მე ჩემს შვილიშვილთან. ისეთ სახეს ვიღებდი, ვითომ ვჭამდი, რომ ბიჭს ასე ჰგონებოდა. შეჭამდა და ამბობდა: “ბებია, კიდევ მინდა ჭამა, ვერ დავნაყრდი”. იცით, რა საშინელებაა, როცა არაფერი გაქვს ბავშვისთვის მისაცემად?“ – ცრემლიანი თვალებით იხსენებს იგი.

გალინას მეორე მსოფლიო ომი არ გამოუვლია, მაგრამ უფროსებთან საუბრიდან ასკვნის, რომ იმაზე ცუდ პირობებს გადაურჩა, ვიდრე ეს გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში იყო.

პირველ დღეებსა და ღამეებში სარდაფში სინათლე არ იყო. ხალხი სიბნელეში ისხდა. დილის 7 საათზე სარდაფის კარი იღებოდა და ხალხს სკოლის უკანა ეზოში მდებარე საპირფარეშოში შესვლის უფლებას აძლევდნენ.

იყო დღეები, როდესაც კარს დაკეტილს ტოვებდნენ – მაშინ საპირფარეშოში წასვლა რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლებელი იყო. “ვედროებს ვიყენებდით. 350 ადამიანი. წარმოგიდგენიათ, ეს რა არის?“ – ამბობს თამარა ანდრეევნა.

სარდაფში საკმარისი ჰაერი არ იყო, სუნთქვა ჭირდა. “ჟანგბადის გარეშე, გონებას ვკარგავდით, ხალხი გვიკვდებოდა“, – იხსენებს იგი.

ბოლოს ოკუპანტებმა სარდაფში გამოკეტილებს კედლების გახვრეტის უფლება მისცეს, იმისთვის, რომ შენობაში ცოტა ჰაერი შესულიყო. ზოგჯერ საღამოობით სკოლის ეზოში გასვლისა და ჰაერის ჩასუნთქვის უფლებას აძლევდნენ. თუმცა,ზოგჯერ ასეთი გასეირნება სროლებით სრულდებოდა.

„რადგან არ ვუსმენდით, არ მივდიოდით, იმიტომ რომ ჰაერი გვინდოდა, სარდაფში ცხელოდა და ვერ ვსუნთქავდით – ჰაერში იწყებდნენ სროლას. ვნებდებოდით, ვეცემოდით და სარდაფში გავრბოდით”, – იხსენებს თამარა ანდრეევნა.

სკოლის ეზოში, გარშემო პერიმეტრზე, რუსმა სამხედროებმა თხრილები გაავლეს, მიწისქვეშა შეიარაღებისთვის და მძიმე ტექნიკისთვის ორმოები მოამზადეს. შენობაში შტაბი მოაწყეს, სამედიცინო განყოფილებით, სამზარეულოთი და საწყობით.

სარდაფში ხუთი ოთახი იყო – ზოგი დიდი, ზოგი პატარა. მათ გარდა, ადგილობრივები ცხოვრობდნენ დერეფანშიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობა ხალხის ხანგრძლივად ცხოვრებისთვის სრულიად შეუსაბამო იყო.

”იქ არ იყო არც დასაწოლი, არაფერი მსგავსი. პირდაპირ ქვიშაზე ვისხედით. გვიხაროდა, რომ მუყაოს ნაგლეჯები გვქონდა, რომ რაღაც მაინც დაგვედო ხანდახან თავქვეშ”, – ამბობს თამარა ანდრეევნა.

თამარამ ერთი თვე ხუთ კვადრატულ მეტრ ოთახში გაატარა. მასთან ერთად იქ კიდევ 35 ადამიანი იყო, მათ შორის, სამი საწოლს მიჯაჭვული და რვა ბავშვი.

„დღე როგორღაც ვისხედით, ღამით კი ფეხებს ერთმანეთს ვაწყობდით, ვჭიმავდით, რომ როგორმე გავმთბარიყავით. ადამიანებს, რომლებიც დერეფანსა და საერთო ოთახში იყვნენ, და მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყო, დამსხდრებს ეძინათ. მათ საერთოდ არ შეეძლოთ ფეხის გაშლა” ,- ამბობს ტაისია პეტროვნა.

ასეთი პირობებიც კი შეიძლებოდა გაუარესებულიყო. ტაისია იხსენებს, რომ ერთ დღეს მათ ოთახში “მელოტი უფროსი შევიდა, “ობობის” ნიშნით” და გამოაცხადა, რომ კიდევ ხუთი ადამიანი უნდა შეესახლებინა. ხალხი გაბრაზდა, მაგრამ ეს ბრაზი დიდხანს არ გაგრძელებულა.

“ავტომატს ასწია და გვითხრა: „ჩემი მეთაური დაჭრილია, ძალიან მძიმედ, დაძაბული გარემო მაქვს და თქვენ პირს აღებთ?! რა შეგვეძლო მათ წინააღმდეგ? არაფერი. რაზე უნდა გავბრაზებულიყავით? ორი სიტყვა და მკვდარი ხარ” , – ჰყვება ტაისია პეტროვნა.

იაგოდნოეს ახალი საფლავები
„ორი სიტყვა და მკვდარი ხარ“ – სიტყვებით თამაში არ არის. იაგოდნოეში ზედმეტი სიტყვებისთვის მართლა კლავდნენ. ჩერნიჰივის გამომძიებლები ჰყვებიან, რომ ოკუპანტებმა დახვრიტეს ქალი, რომელიც აღშფოთებული იყო მის სახლში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრების ყოფნით. და ის არ არის ერთადერთი ადგილობრივი, ვინც დამპყრობლებმა მოკლეს.

„ჩვენი მეზობელი დახვრიტეს, 30 წლის ბიჭი. არაფრისთვის. ეზოში იყო, როცა მივიდნენ. ესროლეს და მორჩა“, – ამბობს გალინა.

იაგოდნოეს მაცხოვრებლები ცდილობდნენ ყოველი ასეთი შემთხვევა დაეფიქსირებინათ. სარდაფიდან გასასვლელი კარის გვერდით ჯერ ისევ არის გვარები, გარდაცვალების თარიღებით, მარცხნივ, მათი ვინც მოკლეს. hromadske-თან საუბარში ტაისია პეტროვნამ გაიხსენა ის დაღუპულები, რომელთა გვარები სარდაფშიც ვნახეთ სიაში:

„ფაქტია, რომ იქ ახალგაზრდა ბიჭების გვამებია. ორი შევჩენკო არ არის, არც ტანია, არც ლენა, არც ტოლიკა. დაახლოებით ხუთი – ექვსი ახალგაზრდა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით“.

სარდაფში ხალხი საშინელი პირობების გამო იღუპებოდა: ადგილობრივები საუბრობენ 11-12 ადამიანზე, რომლებიც იქ დაიღუპნენ.

„ესენი იყვნენ 70-80 წლის მოხუცები, რომლებიც ვერ იტანდნენ იქაურ გარემოს, უჰაერობას. თუ თავისუფლებაზე ისინი ყოჩაღი ბებია-ბაბუები იყვნენ, დადიოდნენ, რაღაცას აკეთებდნენ, იქ დღე და ღამე სკამზე ჯდომას ვერ გაუძლეს“, – გვიყვება ტაისია პეტროვნა.

“კვდებოდნენ, ჟანგბადი არ ჰყოფნიდათ. შეუძლებელი იყო სუნთქვა, ვიგუდებოდით. ეს ხომ ბომბებისგან თავშესაფარი არ იყო, უბრალოდ, სკოლის სარდაფი იყო, ”- დასძენს თამარა ანდრეევნა.

თუ ადამიანები ღამით იღუპებოდნენ, მაშინ დილამდე ცხედრები ცოცხლების გვერდით, სარდაფში რჩებოდა. კარი რომ იღებოდა, ოკუპანტებს მიცვალებულები გაჰყავდათ და სასაფლაოზე მარხავდნენ, ორ-სამ ადამიანს ერთად, ერთ ორმოში.

ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ეს საფლავები მიცვალებულთა ხელახლა დასაკრძალად თავიდან გათხარეს.

ვიტალი, მოხალისე კიევიდან, მათ შორის იყო, ვინც იაგოდნოეში ხალხის ხელახლა დაკრძალვაში მონაწილეობდა. მან რედაქციას სოფელში გადაღებული რამდენიმე ფოტო მიაწოდა.

ერთ ფოტოზე ადგილობრივი მცხოვრების ვიქტორ შევჩენკოს საფლავია.

„მას რუსებმა თავში ესროლეს. ეს ფოტოზეც ჩანს. და სახლთან, საკუთარ ბაღში დაკრძალეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ყველა სკოლის სარდაფში მიჰყავდათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ვიქტორი იმის გამო მოკლეს, რომ სანადირო თოფი ჰქონდა. ასევე, ხშირად ეცვა სამხედრო კამფულიაჟი. შესაძლოა, იმ მომენტშიც ეცვა, როცა ოკუპანტებმა დაინახეს“, – ამბობს ვიტალი.

კიდევ ერთ ფოტოზე დამწვარ მანქანაში სხეულის ნაშთები მოჩანს.

„წინასწარი ვერსიით, ეს მანქანის დაბომბვა იყო. მანქანა თხრილში შევარდა, მძღოლი მანქანიდან გადმოიყვანეს და, ეტყობა, შეამოწმეს, რადგან ირგვლივ საბუთები იყო მიმოფანტული. შემდეგ მანქანა გამოიყვანეს, ცხედარი უკანა სავარძელზე გადააგდეს და ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს“, – ამბობს მოხალისე. აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით, ეს შეიძლება ვიქტორ კირიკი იყოს.

მესამე ფოტოზეც დამწვარი მანქანაა, ადამიანის სხეულით. მანქანა იაგოდნოეს მახლობლად, ტრასაზე იყო გაჩერებული, მამაკაცს ტყვია თავში ესროლეს. დოკუმენტები ვერ იპოვეს, ვინაობა დაუდგენელია.

იაგოდნოესა და მის მიმდებარედ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტ რაოდენობაზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია.

hromadske-ს სოფელში მისვლისას, იაგოდნოეში ამოუცნობი მიცვალებულები ისევ იყვნენ დარჩენილი. საფლავი პირდაპირ სკოლის პერიმეტრის გარეთ ვიპოვეთ. მასზე ხის ტოტებისაგან გაკეთებული ხელნაკეთი ჯვარი იყო, ნიშნების გარეშე.

“ერთხელ ზოლოტინკადან ორი ბიჭი ჩამოიყვანეს (სოფელი იაგოდნოეს დასავლეთით – რედ.), ჩვენთან კიბეებით ჩამოვიდნენ, დერეფანშიც კი არ შესულან. ათი წუთის შემდეგ წაიყვანეს, ღობეზე მიაყენეს და დახვრიტეს”,– იხსენებს ტაისია პეტროვნა.

ვინ ჩაგრავდა იაგოდნოეს
როდესაც სოფლის მცხოვრებლები სარდაფის შემდეგ სახლებში დაბრუნდნენ, ისინი გაძარცვული დახვდათ.

„წაიღეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ტრუსებითა და წინდებით დაწყებული, სამკაულებითა და ტექნიკით დამთავრებული“, – გვიყვება სვეტლანა.

ამის დასამტკიცებლად იგი თავის ბინაში გვეპატიჟება: ჭურვების გარდა სახლი მაროდიორებისგანაც არის დაზიანებული. იატაკი კარადებიდან გადმოყრილი ნივთებითაა მოფენილი.

მეზობელ ეზოში მცხოვრებლები დამტვრეულ ტექნიკას გვიჩვენებენ, რომელთა წაღება რუსმა მაროდიორებმა ვერ შეძლეს.

„ჩვენთან ხალხი კარგად ცხოვრობდა, ყველა ეზოში ორი-სამი მანქანა იყო. ტელევიზორები. ჩემს შვილს მუსიკალური ცენტრი ჰქონდა, კინოთეატრი… რაც ვერ წაიღეს, უბრალოდ გაანადგურეს”,- ამბობს ტაისია პეტროვნა.

დამატებით, რუსები შენობებს აბინძურებდნენ: მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საპირფარეშოს ნაცვლად სახლებში დარჩენილ ვედროებსა და ქილებს იყენებდნენ.

ოკუპანტებზე დაკვირვებისას იაგოდნოეს მცხოვრებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ სოფელში აგრესორის არმია ორი ეთნოსისგან შედგებოდა: “სკოლაში რუსები იყვნენ და სოფელში ტუვანები ცხოვრობდნენ”, – ამბობს ტაისია პეტროვნა.

ტუვას რესპუბლიკა ყველაზე ღარიბი რეგიონია რუსეთში. 2020 წელს ტუვა ლიდერობდა რუსეთის ფედერაციაში, ერთ სულ მოსახლეზე მკვლელობების რაოდენობით.

„ეს სარდაფი იაგოდნოეს მცხოვრებლებისთვის ხსნაც იყო და კატორღაც. სახლში რომ დარჩენილიყვნენ, ბევრად მეტი მსხვერპლი იქნებოდა ტუვანების სისასტიკისა და დაბომბვის შედეგად”, – ასკვნის მოხალისე ვიტალი.

ბანაკის დასასრული
იაგოდნოეს სკოლის სარდაფის კარზე წარწერაა: “31 – ჩვენები მოვიდნენ”. გალინა იხსენებს, რომ ბოლო ღამეს ოკუპანტებმა ეს კარი ადრე დაკეტეს. სარდაფში ისმოდა, როგორ უშენდა არტილერია რუსების პოზიციებს და რაღაც მომენტში სკოლის ეზოში ტექნიკა ამოქმედდა.

“ზუზუნია – ესე იგი, გარბიან. დილით გავიღვიძეთ და უკვე არაფერი აღარ იყო. მორჩა, ჩვენებმა გაყარეს”, – იხსენებს გალინა.

უკრაინის ჯარს გალინა ტირილით შეხვდა. აქ უკვე იგი თავის 22 წლის შვილიშვილს იხსენებს, რომელიც ტერიტორიულ თავდაცვაში იყო.

“72 წელი ვიცხოვრე. ჩვენს მშობლებს ომი ნანახი ჰქონდათ, ჩვენ არა. ახლა ჩვენც ვნახეთ. საშინელებაა”, – ამბობს გალინა.

მას ამ დრომდე ესიზმრება, რომ სოფელში ისევ ოკუპანტები მიდიან.

წყარო: https://jam-news.net