დაკარგავს თუ არა მოსკოვი გავლენას სომხეთსა და აზერბაიჯანზე? - კავკასია უკრაინის ფონზე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დროს პოპულარობით სარგებლობს მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინის კონფლიქტში ჩაფლული რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ნაწილებზე ნელ-ნელა გავლენებს კარგავს.

ამ ვერსიის მომხრეების აზრით, მოსკოვის კონტროლიდან პირველი შესაძლოა, სამხრეთ კავკასია გავიდეს. სადაც 2020 წლის შემოდგომით, რუსეთის აქტიური მონაწილეობით, ყარაბაღის მეორე ომი შეჩერდა.

ამ რეგიონში ვითარების ბოლოდროინდელმა გამწვავებამ კიევი გაამხნევა, რადგანაც საშუალება მისცა მოსკოვის სისუსტე აღენიშნა.

„იქ მართლაც რაღაც ხდება. თურქული უპილოტო საფრენი აპარატები, “ბაირაქტარები”, არა მარტო “აუთოვებენ” ორკებს (რუსეთის არმიას) ჩვენს ტერიტორიაზე, ისინი მუშაობდნენ მთიან ყარაბაღში“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დიმიტრი დანილოვმა 27 თებერვალს. მან ასევე განაცხადა, რომ “სომხეთის გათვლა რუსეთის სამხედრო დახმარებაზე, გამართლებული არ არის, რადგან, რუსეთი ახლა იძულებულია, მთელი ძალები კიევში გადაისროლოს“.

რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში მთიან ყარაბაღში ვითარების სერიოზულ გამწვავებას დაემთხვა. სოფელ ფარუხში (სომხურად – პარუხი) წინსვლისას აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ნამდვილად გამოიყენეს “ბაირაქტარი”, მაგრამ არა რუსი სამშვიდობოების, არამედ სომხების წინააღმდეგ, რის შედეგადაც, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

დანილოვის სიტყვებმა ერევანი გააბრაზა. გამოვიდა, რომ იგი ღიად გამოხატავდა სიხარულს სომეხი ჯარისკაცების დაღუპვისა და სომხეთის დაუცველობის გამო.

მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ სხვა წყვილის – მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობებზე. მათ შორის ნამდვილად მოხდა სკანდალი.
მოსკოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს სოფელში შესვლის უფლება საერთოდ არ ჰქონდათ, რადგან ის “რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში” მდებარეობს.

ბაქომ უპასუხა, რომ აზერბაიჯანის ჯარები მოქმედებენ მათ სუვერენულ ტერიტორიაზე. მანვე თქვა, რომ თუ რუსი სამშვიდობოები არ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს ყარაბაღის სომხების განიარაღებაზე, მაშინ ეს ასეთი მკაცრი მეთოდებით გაკეთდება.

მაგრამ იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, რომ ასეთი სიმკაცრე უკრაინაში რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგია, ჯერ ორ კითხვას უნდა ვუპასუხოთ:

1) უშვებდა თუ არა ბაქო მანამდე მოსკოვის წინააღმდეგ საბრალდებო რიტორიკას?

2) არის თუ არა სტაბილური ნეგატიური ტენდენცია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში?


ბაქო – მოსკოვი – დაპირისპირება აქამდე:


როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, 2021 წლის ივნისში, ვადამდელი არჩევნები დანიშნა და მოიგო კიდეც, გაჩნდა არც ისე სასიამოვნო ამბავი “ისკანდერის” რაკეტებთან დაკავშირებით.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2020 წლის ომის დროს მან ისინი გამოიყენა, მაგრამ „არ აფეთქდნენ, ან მხოლოდ 10 პროცენტი აფეთქდა“.

ამასთან, იმ დროს აზერბაიჯანის ტერიტორიების “ისკანდერით” დაბომბვის დოკუმენტური შემთხვევები დაფიქსირებული არ იყო. სომხური არმია ძირითადად იყენებდა: «Точки-У»-სა და Эльбрус”-ს.

მაგრამ, შემდეგ აზერბაიჯანში მაინც იპოვეს “ისკანდერის” ნამსხვრევები, შუშასთან. და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ისკანდერ-М და არა ისკანდერ-Э.

“E” – საექსპორტო ვერსიაა, რომელსაც აქვს უფრო მოკლე დიაპაზონი და დაშვებულია მესამე ქვეყნებში გასაყიდად. მაგრამ “M” ექვემდებარება შეზღუდვებს და მხოლოდ რუსეთის ჯარმა უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ გვსურს პასუხი კითხვაზე, – როგორ აღმოჩნდა ეს მომაკვდინებელი იარაღი სომხების ხელში“, – საჯაროდ აღშფოთდა ილჰამ ალიევი ბაქოში “სამხედრო ალაფის პარკის” გახსნისას.

მაშინ რუსული “კომერსანტის” ავტორის ივან საფრონოვის სტატია გაიხსენეს, რომელიც ახლა რუსეთში სახელმწიფოს ღალატისთვის ციხეში ზის.

ამ სტატიაში, წყაროზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ 2016 წელს მოსკოვი სომხეთისა და აზერბაიჯანის პოტენციალის დისბალანსის კომპენსირებას ჩქარობდა. რაკეტის საექსპორტო ვერსიის შექმნის დრო არ იყო, ამიტომ რუსეთმა გადასცა „ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების დივიზია ისკანდერ-M 9M723 რაკეტებით“.

საფრონოვის თანამოსაუბრემ აღიარა, რომ ეს დე იურე არღვევდა ხელშეკრულებას სარაკეტო ტექნოლოგიების გავრცელების შესახებ.

“ისკანდერების” ამბავი ჩაცხრა. მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, აზერბაიჯანმა საკუთარ თავს რუსეთის მისამართით ძალიან მკაცრი რიტორიკის გამოყენების უფლება მისცა.

ამის შემდეგ, 2021 წელს, ბაქოში არაერთხელ “აფეთქდა ბრაზი” რუსი სამშვიდობოების ქმედებებსა ან უმოქმედობაზე.

მაგალითად, მათ ხელი არ შეუშლიათ ირანული საწვავის მანქანების ყარაბაღში შესვლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაქოს გადმოსახედიდან, ერთდროულად არღვევდა საბაჟო კანონმდებლობას და შეიძლება სომხეთის შეიარაღებული ძალების საწვავით მომარაგებად ჩათვლილიყო.

შემდეგ იყო შემთხვევა, როდესაც ადგილობრივმა სომეხმა საგუშაგოზე აზერბაიჯანელ სამხედროებს ყუმბარა ესროლა. ბაქო ძალიან გაბრაზდა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა ის არა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, არამედ არაღიარებული ყარაბაღის ხელისუფლებას გადასცეს.

მაგრამ, შესაძლებელია თუ არა საუბარი ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე?
მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობების გაუარესების ტენდენცია არ დასტურდება. 4 აპრილს ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი აღნიშნეს. საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საკმაოდ მეგობრული განცხადებები გააკეთეს.

ფაქტობრივად, მხოლოდ ის არის, რომ აზერბაიჯანში ნამდვილად თანაუგრძნობენ უკრაინას როგორც საზოგადოების, ასევე მედიისა და ელიტების დონეზე. ამის მიზეზები გასაგებია.

ორი პოლიტიკური კონცეფციის – ხალხის თვითგამორკვევის უფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის – დაპირისპირებისას ბაქო და კიევი აშკარად ბარიკადების ერთ მხარეს არიან. ორივე ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილი და მზად არის ყველაფერი გააკეთოს მის დასაბრუნებლად.

აზერბაიჯანული მედია კორესპონდენტებს აგზავნის არა დონბასში, რომელსაც ნაწილობრივ აკონტროლებენ პრორუსი სეპარატისტები, არამედ კიევსა და ლვოვში.

რუსეთის ელჩმა აზერბაიჯანში მიხეილ ბოჩარნიკოვმა ცოტა ხნის წინ გააკრიტიკა ბაქოს ჟურნალისტები “აღმაშფოთებელი ანტირუსული ისტერიისთვის”. რუსეთში დაბლოკეს წამყვანი აზერბაიჯანული მედია რესურსები.

კონფრონტაციები მთიან ყარაბაღსა და უკრაინაში პარალელურად ვითარდება და მხოლოდ ნაწილობრივ არის რეზონანსული. ბაქოსა და კიევში ბევრი ამ პროცესებს ერთი და იმავე თამაშის ნაწილად აღიქვამს.

მაგრამ, ყარაბაღში რუსული გავლენის შემცირებისა და საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის სურვილის მიუხედავად, ილჰამ ალიევი ამას ვერ გააკეთებს.

“რუსეთი ყარაბაღის საკითხის მოგვარებდან კი არ ჩახსნეს, არამედ, მარტო დატოვეს”
2020 წლის ნოემბერში რუსულმა დიპლომატიამ მიაღწია ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში, – უზრუნველყო რუსეთის რეალური სამხედრო ყოფნა ყარაბაღში.

თურქეთს, აზერბაიჯანის მთავარ მოკავშირეს, მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგო. მას შემდეგ რუსი სამშვიდობოები ფიზიკურად დგანან საკონტაქტო ხაზზე, თურქი ოფიცრები კი უბრალოდ მონიტორებთან სხედან აღდამში და დრონებით ათვალიერებენ სურათს.

ბაქოში ბევრს არ მოსწონს რუსი სამშვიდობოების ქმედებები. მაგრამ მოსკოვის ჩანაცვლება ბრიუსელით, როგორც მთავარი შუამავლით, ასევე შეუძლებელია.

ევროკავშირს ადგილზე არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. ამის გარეშე, შარლ მიშელს მხოლოდ რჩება ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის ურთიერთ პრეტენზიების მოსმენა და კომუნიკეს გამოქვეყნება ბრიუსელის შეხვედრების შედეგებზე.

სამი ათწლეულის განმავლობაში მთიანი ყარაბაღი განიხილებოდა უნიკალურ კონფლიქტად, რომელშიც რუსეთი და დასავლეთი არ ეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ თანამშრომლობენ მინსკის ჯგუფის ფარგლებში. ეს არის ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც 1992 წლიდან ხელს უწყობს ყარაბაღის კონფლიქტის მხარეთა დიალოგს.

მის თანათავმჯდომარეებად კვლავ ითვლებიან მოსკოვი, პარიზი და ვაშინგტონი. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა , რომ ეს ფორმატი მოკვდა:

“ამ ჯგუფის ფრანგმა და ამერიკელმა პარტნიორებმა, რუსოფობიურ აჟიოტაჟში და მცდელობაში, – გააუქმონ ყველა და ყველაფერი, რაც რუსეთს ეხება, ასევე გააუქმეს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ტრიო და განაცხადეს, რომ ისინი ამ ფორმატში კომუნიკაციას არ აპირებენ”.

მინსკის ჯგუფის დაშლას შეიძლება ეწოდოს არა შესუსტება, არამედ კრემლის როლის გაძლიერება. იმიტომ, რომ რუსეთი ყარაბაღის საკითხის მოგვარებიდან კი არ ჩახსნეს, არამედ იქ მარტო დატოვეს.

უახლოესი შემობრუნება, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი, 2025 წლის შუა პერიოდია. მაშინ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანდატის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.

იქამდე კიდევ ბევრი რამ მოხდება და ამიტომ, პროგნოზების გაკეთება ნაადრევია. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვს არ სურს დათმოს ასეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი და ბაქოსთან ამ საკითხზე ვაჭრობა ხანგრძლივი და დაჟინებული იქნება.

წყარო: „ჯემნიუსი“