რა გზა გაიარა თინათინ ბოკუჩავამ ენმ-ის თავმჯდომარეობამდე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მართალია, ჯერ ოფიციალურად არა, მაგრამ მალე ენმ-ის თავმჯდომარე გახდება ანუ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე კი განაცხადა, პარტიის ლიდერის პოსტს ჯანმრთელობის გამო ვტოვებ და გზას თინათინ ბოკუჩავას ვულოცავო, მაგრამ იმისთვის, რომ ლეგიტიმური თავმჯდომარე გახდეს, ყრილობა უნდა ჩატარდეს და დელეგატთა უმრავლესობამ ხმა თინა ბოკუჩავას მისცეს. წყალი არ გაუვა - ასეც მოხდება, თუმცა აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იგივე სოცქსელში, „ნაცების“ ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მაინცდამაინც არ მიესალმა. რატომ? - ეს რიტორიკული კითხვაა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბოკუჩავა ის პოლიტიკოსია, რომელსაც შიდა ანუ პარტიული მოწინააღმდეგეები, თუ „ნაცებისადმი“ სხვა, ანტაგონისტურად განწყობილნი ვერ წამოაძახებენ, კორუფციონერი ხარ ანდა მიშას ხელისუფლების დროს, ადამიანის უფლებების დარღვევაში იყავი ეჭვმიტანილიო. სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და, მიშას ზეობის დროს, ქალბატონი ბოკუჩავა საჯარო სამსახურში იყო დასაქმებული, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

 

კიდევ ერთი დეტალი: როგორც საჯარო კომენტარებიდან ირკვევა, თინა ბოკუჩავას ენმ-ის თავმჯდომარეობა მაინცდამაინც არ უნდოდა. ყოველ შემთხვევაში, ამბობს, რომ გადაწყვეტილება რთულად მიიღო:

„ჩემთვის ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება, როდესაც ლევანის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გაჩნდა აუცილებლობა, ეს დისკუსია გახსნილიყო პარტიაში და როდესაც ის პირველად გამესაუბრა ამ გადაწყვეტილებაზე, არ იყო მარტივი ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მოსაზრება, ჩართულობა... ლევანისთვისაც რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ძალიან ღირსეული ნაბიჯი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისთვის კონკრეტული თანამდებობა კი არ არის მნიშვნელოვანი, მისთვის მნიშვნელოვანია გამარჯვება და ახლა ჩათვალა, რომ მისი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის საკუთარი თავის ინვესტიციას 100%-ით ვერ შეძლებდა და ვფიქრობ, რომ ამას ბევრი არ გააკეთებდა. ეს მისი მხრიდან ძალიან ღირსეული ნაბიჯია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმოქმედებთ და ვფიქრობთ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების საერთო მიზანზე, მეტიც, მან თქვა, რომ დარჩება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ. მნიშვნელოვანია, რომ ლევანი რჩება, როგორც გუნდის მნიშვნელოვანი წევრი“.

ისე, თავმჯდომარეობა პირველი თანამდებობა არაა, რომელსაც თინა ბოკუჩავას ენმ-ში დაიკავებს. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ხაბეიშვილი წავიდოდა, ის ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა. ასევე, ყოფილი მმართელი პარტიის ქალთა ორგანიზაციის ლიდერიც იყო.

და მაინც, ვინ არის თინა ბოკუჩვა და რა გზა გაიარა ენმ-ის თავმჯდომარეობამდე?

ვიდრე ხაბეიშვილის შემცვლელის ბიორგრაფიას ქართულ „ვიკიპედიაზე“ დაყრდნობით გაგაცნობთ, გეტყვით, რომ თინა ბოკუჩავა მკაცრი, ე.წ. საქმიანი ქალის სტილით გამოირჩევა, რაც მხოლოდ მის ჩაცმულობაში კი არა, არამედ, საუბრის ტემბრსა და მანერაშიც გამოიხატება.

ამასთან, ბოკუჩვა ხმაურიან განცხადებებსა თუ პარლამენტის სხდომათა დარბაზში კოლეგებთან დაპირისპირებებსაც არ ერიდება. ასე, მაგალითად, 2016 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, მას სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა აწ უკვე ყოფილ „მეოცნებესა“ და ყოფილ დეპუტატ ეკა ბესელიასთან.

როგორც იმდროინდელი ონლაინ-მედია იუწყებოდა, „კამათი მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვისას დაიწყო, როდესაც თინა ბოკუჩავამ ტრიბუნაზე გამოსვლისას მმართველი გუნდი და ეკა ბესელია ჯაშუშების საპატიმროებიდან გათავისუფლებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ დეპუტატს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენა და განმარტა, რომ ყოფილი სახელისუფლო გუნდი ჯაშუშობის მოტივით დევნიდა ოპონენტებს.

თავისი გამოსვლისას, ეკა ბესელიამ ბოკუჩავას შეახსენა, რომ ამ პერიოდში, ბოკუჩავამ ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან საჩუქრად ოქროს სამაჯური მიიღო.

„2004 წლიდან გებრძოდით მე თქვენ, როგორც კი მოხვედით ხელისუფლებაში თქვენი გუნდი. მაშინ, როდესაც ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი თქვენი პრეზიდენტის ბრძანებით დააპატიმრა ჩემ უდანაშაულო ძმასთან ერთად და ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეთ, 2010 წელი იყო.

მე ქუჩაში გამოვედი 2004 წლიდან და ჩემი ოჯახის გამო, ქუჩაში არ გამოვსულვარ. 2010 წელს დაიწყო პოლიტიკური ტერორი. როდესაც შენი ლიდერი ჩემი ოჯახის წევრებს ატერორებდა და მძევლად ჰყავდა, მაინტერესებს, შენ, თინა ბოკუჩავას ოქროს სამაჯურს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჩუქრად რატომ გიგზავნიდა. ეს კონკრეტული ფაქტი არის იმ ბრალდების საქმეში, რომელიც სასამართლოში არის გაგზავნილი. ეს არის ის მასალები, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხების გამო, მიხეილ სააკაშვილს ბრალად წარედგინა. ქალბატონო ბოკუჩავა, სააკაშვილი როცა ჩემ ოჯახს აპატიმრებდა, კორუფციულ სქემებში ერთ-ერთი თქვენ იყავით, ოქროს ნივთებს გიგზავნიდათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს საქმე დევს სასამართლოში, ამისთვის სააკაშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რადგან ასეთი რვა მილიონზე მეტია გაფლანგული“, - განაცხადა ბესელიამ.

ამის შემდეგ, ბოკუჩავა სიტყვას ითხოვდა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უთხრა, რომ საკითხი განხილულია და ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

კამათი სხდომათა დარბაზში დაიწყო და ტექნიკური შესვენებისას გაგრძელდა. ვითარების განმუხტვას და თინა ბოკუჩავას დამშვიდებას პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ცდილობდნენ.

მეორე დღეს, უმრავლესობის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ დეპუტატ თინა ბოკუჩავას „ნაცმოძრაობიდან“, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოქროს ძეწკვი კულონით აჩუქა“.

ახლა, რაც შეეხება თინათინ ბოკუჩვას ოფიციალურ ბიოგრაფიას, ქართულ „ვიკიპედიაში“ ვკითხულობთ:

თინათინ (თინა) ბოკუჩავა - ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის (2012, 2016, 2020) პარლამენტის წევრი.

თინათინ ბოკუჩავა დაიბადა 1983 წლის 29 მაისს.

2009 წელს, დაამთავრა ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, შემდეგ კი სმიტის კოლეჯი აშშ-ში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით.

2009-2011 წლებში მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში.

2011 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

2012 წელს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე.

2012-2016 წლებში - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“.

2013 წლიდან იკავებდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ამავე წლებში გახლდათ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2016-2017 წლებში იყო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

 

***

ქართულ ონლაინ-მედიას თუ დავუჯერებთ, თინა ბოკუჩავას შთამბეჭდავი უძრავი ქონება და საინტერესო მემკვიდრეობა აქვს. „ამბები.გე“-ს მიერ, 2022 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:

პროფესიით იურისტი თინათინ ბოკუჩავა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსია...

თინათინ ბოკუჩავას საპარლამენტო კარიერა 2012 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა და  მას შემდეგ მუდმივად იყო ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი.

ბოკუჩავას ჰყავს ლექტორი მეუღლე - კონსტანტინე იოსელიანი.

პოლიტიკოსის მეუღლის ქონება საკმაოდ შთამბეჭდავია - როგორც ჩანს, მან საკმაოდ მდიდარი მემკვიდრეობა მიიღო.

იოსელიანი, 2007 წლიდან, სოფელ ნასაგურში, 1500 კვ.მ. ფართობის ნაკვეთს მფლობს, რაც მემკიდრეობით გადაეცა ოჯახისგან.

2020 წლიდან მის სახელზეა 23.19 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასევე მემკვიდრეობით ხვდა წილად.

იოსელიანს ასევე, მემკვიდრეობით გადაეცა 178.400 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე და 53.5 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე.

კონსტანტინე იოსელიანის სამემკვიდრეო სიას ასრულებს 192 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა და ნაკვეთი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე 52.6. კვ.მ. ნაკვეთი ბინის სიახლოვეს, რომლის მფლობელიც მეუღლესთან ერთადაა.

იოსელიანს მემკვიდრეობით ყველა ეს ფართი 2020 წელს გადაეცა.

თინათინ ბოკუჩავა ფლობს 710 კვ.მ. საცხოვრებელ ფართობს დუშეთის რაიონ სოფელ ბულაჩაურში და ასევე ნაკვეთს, რომელიც მემკვიდრეობით 2019 წელს გადაეცა.

თინათინ ბოკუჩავას მფლობელობაშია 124.1 კვ.მ. ფალიაშვილზე მდებარე ბინის 54%, რომელსაც მაია ვარდოსანიძესთან ერთად ფლობს.

ბოკუჩავამ 2013 წელს, ასევე, 53 000 დოლარად თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე 48.5 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა შეიძინა.

2017 წელს, კონსტანტინე იოსელიანმა მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA PRIUS 2012 8 500 აშშ დოლარად შეიძინა. 2020 წელს კი მსუბუქი ავტომანქანა Fiat Abarht – 6 000 აშშ დოლარად“.

სხვათა შორის, თინა ბოკუჩავას მეუღლე, კოტე იოსელიანი თავის დროზე ანუ წლების წინ, ნაცმოძრაობის ერთგვარი სახე იყო, თუმცა ერთ-ერთ გადაცემაში, ოპონენტებზე ჰომოფობიური განცხადების გაკეთების შემდეგ, იოსელიანი „ნაცებმა“ „გარიყეს“.

კოტე იოსელიანი საზოგადოებისთვის ცნობილი მაშინ გახდა, როცა ირაკლი სესიაშვილის შვილი, ლესელიძეზე მომხდარ ქურდობასთან შესაძლო კავშირში დაადანაშაულა.

„თინა ჩემმა მეგობარმა, ივანე ბოჭორიშვილმა გამაცნო, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს. მან ბევრი რამ გააკეთა, რომ ერთმანეთს შევხვედროდით. ჩვენი გაცნობა მოხდა მოგვიანებით, სამი წლის შემდეგ.

2013 წელს, ბათუმში, პიაცაზე, ვახშამზე დავპატიჟე. არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ, თუმცა შემდეგ დავშორდით და აღარ გვქონია ურთიერთობა. თინა ოპოზიციაში ყოფნის დროს დაისტრესა, მეც საქართველოში დავბრუნდი და დავქორწინდით.

თინას გაცნობამდე ცოლი არ მყოლია, მე 33 წლის ვიყავი, ის ჩემზე ორი წლით უმცროსია. ყველაზე რთულ პერიოდში, დაქორწინებაზე სწორ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით.

ჩვენ გვყავს 2 წლის შვილი ნიკო, რომელიც დაუშრეტელი ენერგიის მქონე ბავშვია და ჩვენი ცხოვრება სრულად შეცვალა“, - აცხადებდა კოტე იოსელიანი რამდენიმე წლის წინ, ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 ორი წლის წინ, თინა ბოკუჩავასა და კოტე იოსელიანს ტყუპი ბიჭი შეეძინათ.

ასე გახდა ჩემი ნიკული უფროსი ძმა. Welcome to the World Luka & Sandro“, - დაწერა მაშინ სოციალურ ქსელში ბოკუჩავამ.

 

***

მოკლედ, ასეთია ყოფილი მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარის მოკლე X-ფაილი.

ისე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ენმ-ს ქალი უხელმძღვანელებს. რას შეცვლის პარტიაში თინა ბოკუჩვა, ამას დრო აჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ბოკუჩავას გათავმჯდომარეობას მიესალმა.

„მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან, რომ დღეს ასეთია ხალხისა და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის დაკვეთა.

ენმ გადაეწყობა მთლიანად ამ მიმართულებით - ახალი სახეებით, ახალი იდეებით, რაც დაეფუძნება წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიციას და მუდმივი განახლების პროცესს.

დღევანდელი გადაწყვეტილება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მუდმივი განახლებისა და სიმტკიცის ნიმუში“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში...

  

 

 

ავტორი: ნინო დოლიძე