როგორ შეიქმნა და როგორია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორია

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველაფერი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე

 

ევროკავშირთან ერთად, საქართველო ნატო-სკენაც მიისწრაფვის. რა არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი?  - „ვერსია“ მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (მოკლედ, ნატო), ასევე ცნობილი, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, არის მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსი. ნატო, რომელიც შედგება ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის მოსაზღვრე 28 სახელმწიფოსგან (კერძოდ, კანადა, შეერთებული შტატები, თურქეთი და ევროკავშირის წევრების უმეტესობა), შეიქმნა მისი თავისუფლებების დასაცავად. 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონში ხელმოწერილ ხელშეკრულებაში და რომელიც ამართლებს რა არის ნატო, მითითებულია, რომ შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ერთ-ერთ წევრზე უნდა ჩაითვალოს თავდასხმად ყველაზე.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ინდივიდუალურ თავისუფლებას და დავების მშვიდობიანი გადაწყვეტას და ხელს უწყობს ამ ღირებულებებს ევრო-ატლანტიკურ რეგიონში. სათაო ოფისი მდებარეობს ბრიუსელში, ბელგია.

 

რა არის ნატო

ეს არის ფორუმი, სადაც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ კონსულტაციები უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც ორმხრივი ინტერესია და ერთობლივი ზომები მიიღონ გადასაჭრელად. ბოლო წლებში, ნატო-ს მიზანი გაფართოვდა და მოიცავს მასობრივი განადგურების იარაღის, ტერორიზმისა და კიბერშეტევებისგან თავდაცვას. ტერორიზმთან ბრძოლა ალიანსის პრიორიტეტულ მიზნებში შედიოდა 2001 წლის სექტემბერში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელიც განიხილება შეერთებულ შტატებზე თავდასხმად.

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ რა არის ნატო, მოდით, მივმართოთ ისტორიას. სამხედრო ბლოკი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გაერო-ს ფარგლებში შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი იყო წევრი ქვეყნების დაცვა კომუნისტური ქვეყნების დიდი რაოდენობით ჯარისგან. გარდა ამისა, ნატო-ს ისტორია განვითარდა ცივი ომის დროს, როდესაც ორგანიზაციის მისია გაფართოვდა, რათა თავიდან აიცილოს ბირთვული ომი.

 

ნატო-ს შემადგენლობა

დასავლეთ გერმანიის ბლოკში შეერთების შემდეგ, კომუნისტურმა ქვეყნებმა, მათ შორის, სსრკ-მ, უნგრეთმა, ბულგარეთმა, პოლონეთმა, ჩეხოსლოვაკიამ და აღმოსავლეთ გერმანიამ, შექმნეს ვარშავის პაქტის ალიანსი. ამის საპასუხოდ, ნატო-მ მიიღო მასიური შურისძიების პოლიტიკა და დაპირდა ბირთვული იარაღის გამოყენებას თავდასხმის შემთხვევაში.

1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ისევე, როგორც სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიწყო ორმხრივ თანამშრომლობაზე დამყარებით. 2002 წელს შეიქმნა რუსეთ-ნატო-ს საბჭო, რომელიც არეგულირებდა უსაფრთხოების საკითხებს. ალიანსის მთავარი პრიორიტეტი გახდა მისია ავღანეთში.

 

ნატო-ს ისტორია

სამშვიდობო მისიის წარმატებისთვის ორგანიზაციამ დახმარებაც კი სთხოვა თავის მთავარ კონკურენტს, რუსეთს.

მთელი წლების განმავლობაში, ნატო ძლიერდებოდა და აძლიერებდა კავშირებს წევრებს შორის. თავად ხელშეკრულება იყო საფუძველი და მოდელი კოლექტიური უსაფრთხოების სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისთვის. დღეს, კითხვაზე, თუ რა არის ნატო, შეიძლება დარწმუნებით ვუპასუხოთ: ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი, ყველაზე წარმატებული თავდაცვითი ალიანსი, რომელიც ამჟამად გავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ცვლილებების სცენარზე. ჩვენი მომავალი სამყარო სავსეა ცნობილი და უცნობი საფრთხეებით. ნატო-ს შეუძლია იმოქმედოს, როგორც შუქურამ სხვადასხვა საფრთხის ღია ზღვაზე.

 

ნატო-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსთან (ნატო) 24-წლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ქვეყანამ, 1992 წლიდან დღემდე, გრძელი და მნიშვნელოვანი გზა განვლო.

 

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ისტორია

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანება წარმოადგენს.

საქართველო სრულად იზიარებს დემოკრატიის, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს და ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი.

ნატო-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლის შესაბამისად, ალიანსის უმთავრესი ამოცანაა, წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად. საქართველო ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ერთადერთ ორგანიზაციად განიხილავს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პოლიტიკური, სამხედრო და სხვა რესურსი, რათა უზრუნველყოს მისი წევრების უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში.

1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანამ თავისი ისტორიული არჩევანი გააკეთა და პროდასავლური კურსი აიღო. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება ყოველთვის საფრთხის წინაშე იდგა. სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ძიება ევროატლანტიკურ სივრცეში დაიწყო.

ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), რომელსაც 1997 წლიდან, ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (EAPC-Euro-Atlantic Partnership Council) ეწოდა. აღნიშნულ ფორმატში, რომელშიც პარტნიორი და წევრი ქვეყნები სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, საქართველო დღემდე აქტიურადაა ჩართული.

1994 წელს, საქართველო-ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP - Parntnership for Peace) პროგრამას შეუერთდა. 1996 წლიდან, საქართველო აქტიურად მონაწილეობს და მასპინძლობს PfP პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებს.

1999 წლიდან, საქართველო ნატო-ს „დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში“ (PARP-Planning and Review Process) მონაწილეობს. ნატო-სთან თანამშრომლობის აღნიშნული პრაქტიკული ინსტრუმენტი პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებისა და მართვის სისტემების ნატო-ს ძალებთან თავსებადობას უწყობს ხელს.

2002 წელს, პრაღაში გამართულ ნატო-ს სამიტზე, საქართველომ პირველად გააჟღერა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი. შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

2004 წელს, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ნატო-მ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP - Individual Partnership Action Plan) ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა. აღნიშნული თანამშრომლობის ინსტრუმენტი წარმოადგენდა დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებში საქართველომ ალიანსის წინაშე კონკრეტული ვალდებულებები აიღო. დოკუმენტი ითვალისწინებდა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და მოითხოვდა საქართველოს მთავრობის ერთიან და კოორდინირებულ ძალისხმევას მათი ეფექტიანი განხორციელებისათვის. ნატოს საერთაშორისო სამსახური IPAP-ის განხორციელებას ყოველწლიურად აფასებდა. 2004-2008 წლებში, სულ ხუთი შეფასება განხორციელდა (ოთხი - ოფიციალური და ერთი - არაოფიციალური შეფასება).

2006 წელს, ნიუ-იორკში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან დაეწყო „ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე“ (ID-Intensified Dialogue on Membership Issues). აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველო ფორმალურად გადავიდა პარტნიორობის ფორმატიდან ალიანსის წევრობის კანდიდატის - ასპირანტის ფორმატზე, რაც გულისხმობს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას.

ინტენსიური დიალოგი წარმოადგენდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმს, რომელიც საქართველოს დაეხმარებოდა, ნატო-ში გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმებს უკეთესად გაცნობოდა. ინტენსიური დიალოგის ფორმატში ნატო-საქართველოს შორის მრავალი კონსულტაცია გაიმართა პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, თავდაცვის, სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვის, ეკონომიკურ, მეცნიერების, განათლების საკითხებსა და სხვა საკითხებზე.

საქართველოს მიერ, IPAP-ით აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელებისა და ინტენსიური დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესის საფუძველზე, 2008 წელს, ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება (Bucharest Summit Declaration), რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა“. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილს, რომელმაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანი სიცხადე შეიტანა.

ნატო-საქართველოს ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალიანსის მხრიდან გაცხადებული ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას.

2008 წლის 19 აგვისტოს, ბრიუსელში, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმნიშვნელოვნად დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შექმნისა და 2008 წლის 15-16 სექტემბერს, საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შესახებ.

2008 წლის 2-3 დეკემბერს გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო საქართველოსთან წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის დაწყება (ANP - Annual National Programme), რომელმაც ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) ჩაანაცვლა. წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP - Membership Action Plan) ფაზაზე მყოფი ქვეყნებისა და ალიანსის პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს. შესაბამისად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო პრაქტიკული თანამშრომლობის ამ ინსტრუმენტის მიღება. შეიძლება ითქვას, რომ MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გარეშე, საქართველომ მიიღო ამ ფორმატით გათვალისწინებული გაწევრიანებისთვის აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტი. წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს ერთი წლის განმავლობაში, ქართული მხარის მიერ დაგეგმილი რეფორმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დეტალურ ჩამონათვალს, რომელთა ძირითადი მიზანი ქვეყნის ალიანსთან მიახლოებაა. ალიანსი ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამის იმპლემენტაციის შეფასებას და შედეგებს განიხილავს ქართულ მხარესთან ერთად. საქართველო ამჟამად რიგით მერვე წლიურ ეროვნულ პროგრამას ახორციელებს.

ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტიანად ფუნქციონირების მეშვეობით, 2008 წლის შემდეგ, საქართველო ყველა დონეზე კიდევ უფრო აღრმავებს ალიანსთან პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას. საქართველო ალიანსის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით და პირნათლად ახორციელებს, რაც ნატოს საერთაშორისო სამსახურისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მრავალჯერ აღუნიშნავთ.

2010 წლის აგვისტოში, ნატო-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა (MC+GEO Work Plan) შემუშავდა, რომელიც სამხედრო სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მთავარ ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.

2010 წელს, ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ დეკლარაცია მიიღო, რომლის თანახმად, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (NATO/PfP) სამთო მომზადებისა და განათლების ცენტრის სტატუსი მიენიჭა.

2010 წელს, თბილისში, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი (NLO-NATO Liason Office) გაიხსნა, რომლის მთავარი ამოცანა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დაა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების ხელშეწყობაა.

2011 წლის 7 დეკემბერს, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის. მინისტერიალის გადაწყვეტილებით, საქართველო ფორმალურად მოიხსენიეს ასპირანტ ქვეყნად, მონტენეგროსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად (Final Statement). აღნიშნულ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანია 2012 წლის 20-21 მაისს, ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 28+4 ფორმატში, ალიანსთან ასპირანტი ქვეყნების შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთი დადასტურება იყო ალიანსის მხარდაჭერის ასპირანტი ქვეყნების მისწრაფების მიმართ.

2014 წლის 4-5 სექტემბერს, ნატო-ს უელსის სამიტზე მიიღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP-Substantial NATO-Georgia Package) შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. ალიანსმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და კიდევ ერთელ გაუსვა ხაზი საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველო, როგორც ერთ-ერთი, ყველაზე თავსებადი პარტნიორი, სხვა ოთხ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია, იორდანია) ერთად, „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორების“ (EOP-Enhanced Opportunity Partners Group) ჯგუფში მიიწვიეს, რომლის ფარგლებში, ქვეყანამ ნატო-სთან თანამშრომლობის უფრო გაფართოებულ შესაძლებლობები მიიღო.

2015 წლის 1-2 დეკემბერს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს განცხადება „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მონტენეგროს ალიანსში მიწვევით, ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი ერთგულება. მოკავშირეებმა კვლავ გამოხატეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“ (MAP-Membership Action Plan) წარმოადგენს საქართველოს ნატო-ში მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილს. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა პირველად, საჯაროდ დაადასტურეს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში, ნატო-ს წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ხაზი გაუსვეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების პროცესს.

 ავტორი: ნინო დოლიძე