კვარაცხელიას საგოლე პასი, მიქაუტაძის მეორე და საბას სადებიუტო გოლი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკულ MLS-ში წასულ საბა ლობჟანიძეს სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა. მისი „ატლანტა იუნაიტედი“, „ნეშვილს“ მასპინძლობდა და 4:0 გაანადგურა. ქართველი შემტევი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, თამაშში აქტიურად ჩაერთო და 87-ზე, ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა.

ზედიზედ მეორე ტურში, შეაგდო გიორგი მიქაუტაძემ. მისი „მეცი“, „კლერმონს“ სტუმრობდა და შეხვედრის ერთადერთი გოლი, სწორედ ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა. შემდეგ შეხვედრას მიქაუტაძის გუნდი 4 სექტემბერს გამართავს, მაგრამ ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ იმ დროისთვის, გიორგი ფრანგულ გუნდში აღარ იყოს. სატრანსფერო სეზონი 31 აგვისტოს იხურება და ძალიან გაგვიკვირდება, თუ ასეთი საოცარი სტარტის შემდეგ (3 ტურში 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა), მისი მსურველები არ გააქტიურდებიან და არ იყიდიან. მიქაუტაძეს ინგლისური პრემიერლიგის კლუბების გარდა, გერმანული გუნდები და... ჰოლანდიური „აიაქსიც“ ეპატიჟება.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას. მან ტრავმა მოიშუშა, თუმცა „სასუოლოსთან“ მატჩი თადარიგში დაიწყო და მოედანზე მხოლოდ 61-ე წუთზე გამოჩნდა. შესვლიდან სამ წუთში, ხვიჩამ გუნდის კაპიტან დი ლორენცოს საგოლედ უპასა და მიმდინარე სეზონში, პირველი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ერთი ეგაა, იტალიელი ჟურნალისტები წერენ, ხვიჩა გუნდში თავისი მდგომარეობითა და კონტრაქტის პირობებით უკმაყოფილოა - მაშინ, როცა მისი თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი წლიურად 10 მილიონს იღებს, ხვიჩას ჯამაგირი 1.2 მილიონია. არადა, კვარაცხელია გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურელია და არათუ გუნდში, იტალიის მთელ ჩემპიონატში, გამორჩეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. როგორც იტალიელები წერენ, კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში უკვე გაფრინდა და კლუბის პრეზიდენტს, სწორედ კონტრაქტის გაუმჯობესების პირობებზე უნდა დაელაპარაკოს.

იტალიაში მოთამაშე გიორგი კვერნაძემ 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მისმა „ფროზინონემ“ კი საკუთარ მოედანზე, ბერგამოს „ატალანტა“ დაამარცხა.

ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“. „ღამურები“, საკუთარ მოედანზე, „ოსასუნასთან“ 1:2 დამარცხდნენ. მამარდაშვილმა სრულად ითამაშა, ერთი გოლი პენალტით გაუტანეს, მეორე - „მაკრატელა“ დარტყმით და როგორც მთელმა გუნდმა, ისე მანაც საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე