როცა მაჩანჩალა ჩემპიონატი გაქვს...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირაკლი აზაროვი, ზუსტად ერთი წლის წინ, ბათუმის „დინამოდან“ სერბულ „ცრვენა ზვეზდაში“ გადავიდა. იმის მიუხედავად, რომ აზაროვს არც „დინამოში“ და არც ნაკრებში ძირითადში თამაშის პრობლემა არ ჰქონდა, სერბეთში კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ველოდით და იშვიათად ათამაშებდნენ. ჰოდა, ლოგიკურიც იყო, რომ ის გაასხვისეს და დონეცკის „შახტარს“ 3 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, „დინამო“ 300 ათას ევროდ შეელია, „ცრვენა ზვეზდამ“ კი ათჯერ ძვირად გაყიდა. არადა, ლოგიკურად, უთამაშებელი ფეხბურთელი ბევრად იაფად უნდა შეეძინათ დონეცკელებს, თუმცა...

საქმე ის გახლავთ, რომ ქართული კლუბები ევროთასებზე რბილად რომ ვთქვათ, ვერ ბრწყინავენ და შესაბამისად, ამ მილიონებს ფეხბურთელებში უბრალოდ არ იხდიან. სულ რომ ციდან ვარსკვლავებს წყვეტდეს, 3 მილიონს საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელში არავინ გადაიხდის. აი, საშუალო დონის ევროპულ ჩემპიონატებში მოთამაშეები კი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მილიონი ღირან...

გორის „დილას“ თავდამსხმელი, ბარბადოსელი ტერი გეილი ავსტრიულ „რაპიდში“ გადავიდა. ფეხბურთელს ევროპაში „ბარბადოსელი მესის“ მეტსახელით იცნობენ და როგორც ამბობენ, 21 წლის ფორვარდს დიდი მომავალი აქვს. შედეგად, „დილამ“ 700 ათასი ევრო მიიღო და უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რაპიდიდან“ ფეხბურთელის გადაბირების სურვილი სხვა კლიუბებსაც გაუჩნდათ და ისე, რომ გეილს ავსტრიაში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, შესაძლოა, 3 მილიონ ევროდ გაიყიდოს. იქნებ, ახლა მაინც მიხვდნენ ქართული კლუბების მესვეურები, რომ ევროთასებზე წარმატებული თამაშში არა მარტო უეფადან მიღებული სოლიდური შემოსავალია, არამედ, ფეხბურთელების ფასსაც ასამმაგებს.

ცნობისთვის, ახალ გუნდში აზაროვის დებიუტი უკვე შედგა. ირაკლიმ, უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში, შეუცვლელად ითამაშა, „შახტარმა“ კი მეტოქე 2:0 დაამარცხა. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრაში, ძირითადში იყო დონეცკელთა მეორე ქართველი გიორგი გოჩოლეიშვილი, მაგრამ მეტოქესთან უხეშობის გამო, მსაჯმა მოედნიდან 37-ე წუთზე გააძევა და „შახტარმა“ მეტოქეს 10 კაცით მაინც მოუგო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე