ახალი მწვრთნელი კვარაცხელიას იმედზეა - კუთხური, ჯარიმა, პენალტი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სხვა კლუბების დარად, ახალი სეზონისთვის მზადებას იტალიის ჩემპიონი „ნაპოლიც“ გადის. ახალი თავკაცის, რუდი გარსიას ხელმძღვანელობით, კლუბი ბაზაზე, დიმაროშია შეკრებილი და ინტენსიურად ვარჯიშობს. რაღა თქმა უნდა, გუნდთან ერთადაა ხვიჩა კვარაცხელიაც და ჩემპიონი კლუბის ვარჯიშებს ჟურნალისტები ყურადღებით აკვირდებიან. ყველას აინტერესებს, რას შეცვლის გარსია ტაქტიკაში, ვის დაეყრდნობა, ვისზე გააკეთებს უფრო მეტ აქცენტს და აგერ, ორიოდე დღის წინ, ჩვენთვის ძალიან საყურადღებო ინფორმაცია გავრცელდა.

„როგორც ჩანს, გარსიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ვარჯიშებზე, კუთხურების და ჯარიმების ას პროცენტს, კვარაცხელია ასრულებს. მეტიც, მას ცალკე ავარჯიშებენ მარჯვენა ფეხით თამაშის დახვეწაში და უდიდესი ალბათობით, სწორედ ქართველი შემტევი იქნება პენალტების დამრტყმელიც. ზოგადად, კვარაცხელიას სტანდარტულები კარგად გამოსდის, ახლა კი, კლუბში სტანდარტულების მთავარი შემსრულებელი ხდება“, - წერენ იტალიელი ჟურნალისტები.

შეგახსენებთ, რომ შარშან კვარაცხელიას რამდენიმე პენალტი გაუცუდდა, რის შემდეგაც სპალეტი სხვას არტყმევინებდა, მაგრამ რიგით მატჩებში და კვარამ კი არა, აგერ, რობერტო ბაჯომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „გამაზა“ პენალტი, მაგრამ შემდეგ კვლავ ენდობოდნენ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე