All in - „მანჩესტერი“, კვარაცხელიას გამო, ვა-ბანკზე წავა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინც პოკერის თამაში იცის, ისიც ეცოდინება, რას ნიშნავს All in. ეს მაშინ ხდება, როცა მოთამაშე მთელ თანხას ჩადის, ანუ ვა-ბანკზე მიდის. ჰოდა, ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი, მაიკ კიგანი წერს, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ All in-ს ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთებს და მის შესაძენად სალაროს დაცარიელებისაც კი არ შეეშინდება.

საქმე ის გახლავთ, რომ ახალი სეზონი მანჩესტერელებმა დამაჯერებლად ვერ დაიწყეს, საწყის ოთხ ტურში, ორი მოგების წილ, ამდენივე მარცხი აქვთ და რაც მთავარია, ოთხ ტურში მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხეს. ამასთან, კლუბის ორი შემტევის, ანტონისა და სანჩოს მომავალი გაურკვეველია, თავად ფეხბურთელებმაც კი არ იციან, სურთ თუ არა გუნდში დარჩენა, კვარაცხელია კი ის მოთამაშეა, რომელსაც არა მარტო ლიდერობა შეუძლია, არამედ, სტადიონზე გულშემატკივართა მიყვანაც. მით უმეტეს, დისციპლინის დარღვევის გამო, კლუბს სანჩო დასჯილი ჰყავს, ის მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე წერს, რომ უსამართლოდ ექცევიან და განტევების ვაცად აქციეს.

როგორც ინგლისური მედია ამტკიცებს, ერთ-ერთ მთავარ როლს, მანჩესტერელთა ფინანსური შეთავაზება ითამაშებს. ბრიტანელები მზად არიან, კვარაცხელიას წლიურად 10 მილიონი გადაუხადონ, რაც მის ამჟამინდელ ჯამაგირზე ლამის ათჯერ მეტია და ამასათან ერთად, თუ ინგლისელები აურელიო დე ლაურენტისის მადას დააკმაყოფილებენ და ფულს არც ტრანსფერში დაინანებენ, გარიგება აუცილებლად შედგება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე