„ბაიერნში“ ძველებმა რევოლუცია მოაწყვეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წლის 30 ივნისს, ლეგენდარულმა კარლ ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალური დირექტორის პოსტს ტოვებდა და მემკვიდრედ ოლივერ კანი გამოაცხადა. ამავდროულად, სპორტულ დირექტორად კლუბში კიდევ ერთი ვეტერანი, ჰასან სალიჰამიჯიჩი დაინიშნა. რუმენიგესთან ერთად, მოქმედი პრეზიდენტის სავარძლიდან, საპატიო პრეზიდენტის სავარძელში გადაინაცვლა ული ჰიონესმა ანუ ძველმა გვარდიამ თითქოს მშვიდი ცხოვრება არჩია, მაგრამ...

მიუნხენის „ბაიერნი“ ბუნდესლიგის ჩემპიონი, წელს, ზედიზედ მეთორმეტედ გახდა და ამის მიუხედავად, საჩემპიონო ზეიმი დასრულებულიც არ იყო, კანი და სალიჰამიჯიჩი თანამდებობიდან რომ გაუშვეს. რუმენიგე კვლავ დირექტორის პოსტს დაუბრუნდა, ბავარიული კლუბის დირექტორთა საბჭომ კი დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებებს მასთან ერთად... საპატიო პრეზიდენტი, ული ჰიონესი მიიღებს. და მაინც, რა არ მოეწონათ ძველი გვარდიის წარმომადგენლებს? პირველ რიგში, არ მოეწონათ ბოლო ტურში გამართლებით მოპოვებული ჩემპიონობა. დასკვნით ტურში „დორტმუნდს“ რომ ემარჯვა, „ბაიერნი“ ჩემპიონი ვერ ხდებოდა. ამასთან ერთად, გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოვარდა. ადგილობრივი მედია წერს, „ბებერი მგლები“ ახალ გერმანულ მანქანას აკეთებენ და მომავალ წელს, მიუნხენური კლუბი ძველი მონსტრის სახით დაგვიბრუნდებაო. მანამდე კი ძალიან საინტერესო ციფრები:

„ბაიერნმა“ ისტორიაში 32-ედ მოიგო ჩემპიონატი, წლევანდელი ტრიუმფი კი ზედიზედ მეთერთმეტეა;

თომას მიულერი გერმანიის 12-გზის ჩემპიონია, რაც მიუნხენურ კლუბში აქამდე არავის მოუხერხებია;

გუნდმა მესამედ შეძლო ჩემპიონობის მოპოვება მაშინ, როცა ბოლო წრის წინ, მეორე ადგილზე იმყოფებოდა.

საოცარი ამბავი - „ბაიერნის“ ფრანგი ლეგიონერი, კინგსლი კომანი მეთერთმეტედ გახდა ჩემპიონი, თუმცა ეს მან მხოლოდ „ბაიერნში“ არ მოახერხა. მან ორი ტიტული „პსჟ“-ში მოიგო (2013, 2014 წ.), ორი - „იუვენტუსში“ (2015, 2016), ხოლო ბოლო 7 ტიტული გერმანულ გრანდში. კარიერის განმავლობაში, კომანს არასოდეს უთამაშია კლუბში, რომელიც პირველ ადგილზე ვერ გავიდა;

ბოლო 22 წლის განმავლობაში, ბუნდესლიგის ჩემპიონი ხდებოდა გუნდი, რომელიც ბოლო ტურის წინ, პირველ ადგილზე იმყოფებოდა. ბოლო გუნდი, რომელმაც ეს ვერ მოახერხა, „ლევერკუზენი“ გახლდათ. 1999-2000 წლების სეზონში, ბოლო ტურში „ლევერკუზენელებმა“ ჩემპიონობა... „ბაიერნს“ დაუთმეს;

ზედიზედ მოგებული 11 ოქროს მედლის პირობებში, „დორტმუნდმა მეორე ადგილი შვიდჯერ დაიკავა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ეს და სხვა საინტერესო სტატიები ნახეთ გაზეთში “ვერსია”