კვარაცხელია 100 მილიონი, მამარდაშვილი - 40, მიქაუტაძე - 20

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც კი, არაერთი მსურველი ჰყავთ და რა გასაკვირია, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ხვიჩა კვარაცხელიაზე, გიორგი მამარდაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეზეა. მეტიც, სამივე ფეხბურთელის შეძენისმსურველებმა კლუბებს უკვე ოფიციალურად მიმართეს და მოლაპარაკებებიც დაწყებულია. კვარაცხელიათი დავიწყოთ.

„ნაპოლის“ შემტევის შეძენის სურვილი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ აქვს. ფრანგებს კვარაცხელია მადრიდის „რეალში“ წასული კილიან მბაპეს შემცვლელად სურთ და მზად არიან, მის სანაცვლოდ, 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. როგორც ფრანგული მედია იუწყება, იტალიელთა ჭირვეული პრეზიდენტი თანხის გაზრდას შეეცდება, რამაც შესაძლოა ტრანსფერის განხორციელებაშეაფერხოს, რეალურად კი, აურელიო დე ლაურენტისი იმას შეეცდება, ხვიჩა ევროპის ჩემპიონატამდე არ გაყიდოს და თუ კონტინენტის პირველობაზე კვარა კარგად ითამაშებს, მისი ფასი აუცილებლად მოიმატებს.

ინგლისური „ნიუკასლი“ მზად არის, გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. „ვალენსიას“ კიპერის გადაბირება მადრიდის „ატლეტიკოსაც“ სურს, მაგრამ ესპანელები ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ. მოლაპარაკებები ჩვენს მეკარესთან დაკავშირებითაც დაწყებულია და 40 მილიონი ის თანხაა, რომელზეც „ვალენსია“ უარს უბრალოდ ვერ იტყვის.

გიორგი მიქაუტაძის შეძენა კი, ფრანგულ „მონაკოს“ სურს და თუ მხარეები შეთანხმდებიან, ჟორჟი მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. მოგეხსენებათ, მიქაუტაძე „აიაქსის“ კუთვნილებაა, ამსტერდამელებს მისი შეძენა 16 მილიონი ევრო დაუჯდათ და ახლა მზად არიან, მას 15-20 მილიონის ფარგლებში შეელიონ. ამ თანხის გადახდა კი, „მონაკოს“ აშკარად არ გაუჭირდება.