კახა კალაძე და მისი პირადი ცხოვრება - ის რაც აქამდე არ იცოდით

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსიამ“ გადაწყვიტა საზოგადოებას გააცნოს ქართველი პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები სხვა კუთხით. ჩვენ შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც ცნობილი ადამიანების შესახებ უცნობ და ნაცნობ ამბებს გაიგებთ.

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ, პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილის ისტორია, ახლა კი გთავაზობთ, ფეხბურთელი და პოლიტიკოსი კახა კალაძის ბიოგრაფიას.

ბიოგრაფია

კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, 1978 წლის 27 თებერვალს.

ქართველი პოლიტიკოსი, ვეტერანი სპორტსმენი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან — 2016 წლის 9 სექტემბრამდე და 2016 წლის 26 ნოემბრიდან 2017 წლის 10 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან თბილისის მერი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. „მილანში“ ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993–1997) და კიევის „დინამოში“ (1998–2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.

2003 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

კახა კალაძე და პირადი ცხოვრება

კახა კალაძის ცოლი ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძეა.

ქართველი დიზაინერი, ანუკი არეშიძე 1989 წლის პირველ ივლისს დაიბადა. ანუკი „Istituto Marangoni“-სა და „Accademia del Lusso“-ში, მილანში სწავლობდა. ჰქონდა სამოდელო კარიერა, თუმცა დაოჯახების შემდეგ ის აქტიურად დაკავდა საკუთარი ბრენდის შექმნითა და განვითარებით. ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა. როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.

2013 წელსვე ანუკი არშეიძემ ფეხბურთელ კახა კალაძეზე იქორწინა. მათ უკვე ოთხი ვაჟი ჰყავთ  : ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი.

 

ბიზნესი და პირადი ცხოვრება

კალაძე მილანში მდებარე რესტორან „ჯიანინოს“ მფლობელია. ეს რესტორანი დაარსებულია 1899 წელს. იტალიის გარდა მას ბიზნესი აქვს საქართველოში, უკრაინასა და ყაზახეთში.კახა კალაძემ 2007 წელს ჰოლდინგი „კალა კაპიტალი“ დააფუძნა და ინვესტირება სამი მიმართულებით - საბანკო, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში განახორციელა. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნოდა 45 პროცენტიანი წილი სს „საქჰიდრომშენში“, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჰოლდინგ „GMC ჯგუფზე“ გასხვისდა.

დღეისათვის კახა კალაძე საქველმოქმედო ფონდ „კალა ფონდისა“და „კალა კაპიტალის“ დამფუძნებელია.

პოლიტიკური საქმიანობა

2011 წლიდან კალაძე არის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.

 ამავდროულად იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი. არჩევნებში მან 53,63%-ით გაიმარჯვა.

25 ოქტომბერს პარლამენტმა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.

2013 წლის 20 ნოემბერს, ქართული ოცნების მეორე კაბინეტის დამტკიცებასთან ერთად, კალაძე აირჩიეს საქართველოს ვიცე-პრემიერად. მან ეს თანამდებობა შეუთავსა ენერგეტიკის სამინისტროს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით (მე-2 ნომერი) მონაწილეობის გამო 9 სექტემბერს მინისტრის თანამდებობა დატოვა.

 2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 26 ნოემბერს პარლამენტმა ახალი მთავრობა (გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით) დაამტკიცა, კახა კალაძე კი კვლავ ენერგეტიკის მინისტრი (და ვიცე-პრემიერი) გახდა.

2017 წლის 10 ივლისს მან თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის კენჭისყრის გამო ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან თვითმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და 13 ნოემბერს გახდა თბილისის მერი.