სად გავატაროთ შემოდგომის დღეები საქართველოში - რეკომენდაციები და ფასები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოქროსფერი შემოდგომა მთელი თავისი არსით რომ შეიგრძნო, საქართველოს რომელიმე კუთხეში მაინც უნდა იმოგზაურო. ქვეყნის მრავალფეროვანი რელიეფი ყველა მხარეში ახალ, განსხვავებულ ემოციასა და შთაბეჭდილებას გვთავაზობს, თუმცა, ამ სეზონზე არის კონკრეტული ლოკაციები, რომლებიც დასვენების ან თავგადასავლების მოყვარულთათვის განსაკუთრებით მომხიბვლელია.  გართობისა და რეკრეაციისთვის უამრავი საშუალება ჩნდება ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში. სწორედ ამიტომ, „ვერსიაგიზიარებთ რჩევებს, თუ სად შეიძლება გაატაროთ სასიამოვნო დრო შემოდგომაზე საქართველოში და რა დაგიჯდება საოჯახო ან მაღალი კლასის სასტუმროში დასვენება.

კახეთი

კახეთი შემოდგომით ყველაზე მიმზიდველი და პოპულარული ლოკაციაა მთელ საქართველოში. ამ რეგიონის მიმზიდველობას, მისი უმშვენიერესი ბუნების გარდა, რთველი და ღვინის ტურიზმი განაპირობებს.  სიღნაღი, ლოპოტას ტბა,  ყვარლის ტბა, თელავი, თუ სხვა მრავალი ღირშესანიშნავი ადგილი, დამსვენებელს წლის ნებისმიერ დროს იზიდავს, მაგრამ ახლა აქ ნამდვილი საკურორტო სეზონია.

თუ კახეთს ესტუმრებით, საოჯახო სასტუმროებში ფასები 1 ადამიანზე 40 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გჭირდებათ იდეალური დასვენებისთვის. ორ ადამიანზე 150 ლარად საკმაოდ კარგ საშუალო კლასის სასტუმროში შეძლებთ ღამის გათენებას. შედარებით მაღალი კლასის სასტუმროებში, ერთი ღამის ფასი 250-300 ლარიდან იწყება, თუმცა, მსგავს ადგილებში ისეთ მომსახურებას და გასართობ სივრცეებს შეხვდებით, თუ განტვირთვა გსურთ, ამ თანხის გადახდა ნამდვილად ღირს.

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი უდიდესი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მხარეა და ბევრი ქრისტიანული თუ წინარექრისტიანული ძეგლი შემოგვინახა. ის ასევე მდიდარია მრავალფეროვანი ბუნების ძეგლებით, წიაღისეულითა და კურორტებით. ვინაიდან შემოდგომაა, მესხეთი მეღვინეობის კუთხითაც უნდა გამოვყოთ. იგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მევენახეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900-1700 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება. შეგიძლიათ ესტუმროთ ულამაზეს ტბებს, დატკბეთ ფერადი ხეობებითა და თვალი შეავლოთ უნიკალურ, მილიონობით წლის წინანდელ განამარხებულ ფლორას.

21 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში, „პურის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნებენ ადგილზე გამომცხვარ სხვადასხვა სახეობის ხორბლის პურს, ადგილობრივ პროდუქტებსა და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციულ კერძებს. ფესტივალზე გაიმართება ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

შემოდგომით ულამაზესია უფლისციხე და ვარძია, მიმდებარე პეიზაჟების ოქროსფერი ფერები ამ ადგილებს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

სასტუმროს ფასებს რაც შეეხება, მაგალითად ახალციხეში საოჯახო სასტუმროში ოთახის ქირაობა 1 ღამით, 1 ადამიანზე, 15-20 ლარიდან შეგეძლებათ. საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების ფასი კი, 50-80 ლარიდან იწყება.

ბორჯომი

აქვე, შეგიძლიათ მოინახულოთ საოცარი ბუნების და ჰაერის მქონე ბორჯომი, რომელიც თბილისიდან არც ისე შორს მდებარეობს. თუ უბრალო საოჯახო სასტუმროში გაჩერებას გადაწყვეტთ, ერთი ღამის ფასი, ერთ ადამიანზე, 25-30 ლარიდან იწყება. საშუალო კლასის სასტუმროების ერთი ღამის ფასი, 70-100 ლარამდე მერყეობს, მაღალი კლასის კი 100-150 ლარიდან იწყება.

თუ გიყვართ ლაშქრობა, ბორჯომ-ხარაგაულის  ეროვნული პარკი შესანიშნავი ადგილია. პარკის მრავალფეროვან ტყეებში შემოდგომის ფოთლები განსაცვიფრებელია და შეგიძლიათ შეისწავლოთ სხვადასხვა ბილიკები შემოდგომის სუფთა ჰაერით ტკბობისას.

მცხეთა

თუ დედაქალაქში ცხოვრობთ და ბევრი დრო არ გაქვთ მოგზაურობისთვის ან უბრალოდ შორს წასვლა გეზარებათ, მცხეთა ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაციაა წლის ნებისმიერ სეზონზე, განსაკუთრებით კი ზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ ოქროსფერ, ღირშესანიშნაობებით და ისტორიით სავსე პატარა, ლამაზ ქალაქში, შეძლებთ მშვიდ დაისვენოთ.  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  ძეგლები განსაკუთრებით თვალწარმტაცია შემოდგომაზე, როდესაც მიმდებარე პეიზაჟები შემოდგომის ფერებით არის მორთული. მცხეთაში სასტუმროების ფასი ორ ადამიანზე 1 ღამით 70-100 ლარიდან იწყება, შედარებით იაფად შესაძლებელია საოჯახო ტიპის სასტუმროებშიც ნახოთ ოთახი.

რაჭა და სვანეთი

თუ დედაქალიდან შორს წასვლას და დასვენებას ამჯობინებთ, რაჭა და სვანეთი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, შემოდგომის ლამაზი დღეების გასატარებლად. რაჭაში საოჯახო სასტუმროებში 1 ღამით, 1 ადამიანის ფასი 30 ლარიდან იწყება, ხოლო საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში 100-150 ლარიდან. რაჭასთან შედარებით სვანეთში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში დასვენება შედარებით ძვირი დაგიჯდებათ, რადგან, აქ უფრო მრავლად შეხვდებით თანამედროვე, შესაბამისი სერვისის და მომსახურების სასტუმროებს.  თუმცა, საოჯახო სასტუმროებში ოთახის ქირაობა სვანეთში უფრო იაფი დაგიჯდებათ, მაგალითად, ერთ-ერთ ცნობილ საიტზე, სვანეთის საოჯახო სასტუმროებში 1 ღამის ფასი 15-20 ლარიდან იწყება.

ყაზბეგი

ყაზბეგი ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით უამრავ ტურისტს იზიდავს. მთის წვერზე აგებული შუასაუკუნეების ტაძრები შესანიშნავი ხედებით, მყინვარის ფონზე, ყაზბეგში შემოდგომა განსაკუთრებით მისტიურია.  ბუნების სილამაზისა და კულტურის ჰარმონიული შერწყმა ერთ-ერთია, რაც ამ მხარეს განსაკუთრებულობას ანიჭებს. გრანდიოზული მთები, ჩანჩქერები, ტბები და ხეობები ყაზბეგს ძალიან საინტერესოს ხდის მოლაშქრეებისა და მთაში დასვენების მოყვარულთათვის.

აქ შეგიძლიათ, როგორც კარვით მოგზაურობა, ასევე მაღალი კლასის სასტუმროებში დასვენება.  ყაზბეგში საოჯახო ტიპის სასტუმროებში ოთახის ფასი ერთი ღამით, 40 ლარიდან იწყება, საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში კი 70-150 ლარიდან.