„ბავშვი ცოლი არ არის!“ — 15 ოქტომბერს პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კვირას, 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანი საგარეჯოში მოკლული 14 წლის მოზარდის, აითაჯ შახმაროვას მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და იმ ქალებისა და ბავშვების მხარდაჭრაა, ვინც ახლაც არიან ძალადობის ქვეშ.

“მიუხედავად იმისა, რომ პედოფილია, ნაადრევი ქორწინება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სექსუალური ძალადობა დანაშაულია, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამაზე არ საუბრობენ, მსხვერპლები დუმილს ამჯობინებენ, კანონის აღსრულება კი სათანადოდ არ ხდება. გელოდებით პარლამენტთან, მდუმარე აქციაზე, სადაც სიმბოლურად, აქციის მონაწილეებს თან ექნებათ თოჯინები და სხვადასხვა სათამაშო”, — ვკითხულობთ ორგანიზატორთა განცხადებაში.

6 ოქტომბერს, საგარეჯოში, 14 წლის აითაჯ შახმარობა მოკლეს. გამოძიების ვერსიით, გოგო მოკლა კაცმა, რომელზეც 2 თვის წინ, იძულებით გაათხოვეს. მკვლელობაში ბრალდებული კაცი მხოლოდ მეოთხე დღეს, 10 ოქტომბერს დააკავეს. გოგოს დედამ მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას მოითხოვა. მეორე დღეს დააკავეს როგორც მოკლული გოგოს დედა და ბიძა. პროკურატურამ მათ ბრალი ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა, რუსთავის საქალაქო სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით ორივეს პატიმრობა შეუფარდა.