კალანდის ხე - დავით მურადიანი

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ԴԱՎԻԹ ՄՈՒՐԱԴՅԱՆ | Կաղանդի ծառ

დავით მურადიანი

 

კალანდის ხე

(ეძღვნება სედას)

ჯერ კიდევ გუშინ მეტროსთან საახალწლო ნაძვის ხეს ჰყიდდნენ და კარომ (კაცის სახელი) ჯიბეებში დარჩენილი ფული გადათვალა, გული დაწყდა, რომ ვერ შეძლო ყიდვა. სახლი შორს არ იყო - ბევრი-ბევრი რამდენიმე წუთის სავალ გზაზე, მაგრამ წასვლა-მოსვლის, და მერე ისევ სახლში დაბრუნების სურვილი საერთოდ არ ჰქონდა, მითუმეტეს, რომ უკვე ბინდდებოდა და დღის მატყუარა მზის შემდეგ ერთბაშად აცივებულიყო.

ახლაც ციოდა. შუადღე იყო, მაგრამ - მოქუშული. მეტროსთან კვლავ თევზის, ლიმნის, სიგარეტისა და სათამაშოების გამყიდველები ჩამწკრივებულიყვნენ, საახალწლო ნაძვის ხის კვალიც კი არსად ჩანდა. კაროს არ გაჰკვირვებია. უბრალოდ გუშინდელი მწვანე, მიმზიდველი სიმრავლე გაახსენდა და გადაწყვიტა ცოტა დაღონებულიყო. რაზეა საუბარი, კარგი იქნებოდა, წინა საღამოს, თუნდაც ერთი პატარა, მაგრამ საუცხოო საახალწლო ნაძვის ხით ხელში რომ შესულიყო სახლში - თავისიანებისგან მოულოდნელად. მეუღლე და ქალიშვილი ნამდვილად გაიხარებდნენ, რადგან ეს მათთვის დიდი ხნის დავიწყებული ტრადიცია იყო. ერთი-მეორის მიყოლებით უშუქო ზამთრის წლები დაგროვილიყვნენ და შავ კედლად აღმართულიყვნენ ძველ და ახალ ცხოვრებას შორის, კალანდის მოციმციმე ხე კი სამუდამოდ, თითქოს, სხვა დროში დარჩენილიყო.

  • ორმოცდაათ დრამს ვერ მომცემ, ძმაო?

სქელ თავშალში გახვეული ვიღაც ქალი მასთან შეუმჩნევლად მისულიყო და მთხოვნელის მომლოდინე მზერით უყურებდა. კარომ ამჯერადაც ვერ შეძლო ღიმილის შეკავება. დის გამოგზავნილი ამერიკული პალტო, უდავოდ, შთაბეჭდილებას ახდენდა. ერთი თვეც არ არის, რაც ამ ძვირფას საჩუქარს იცვამს და აღმოაჩინა, რომ მისგან მოწყალების მთხოვნელთა რაოდენობა ზღაპრული სისწრაფით გაიზარდა.

  • შენ კარგად იყავი, ძმაო, - თავშალიანმა ქალმა უკან დახევა სცადა, - თუ არა გაქვს, არა უშავს.

კარომ ორმოცდაათდრამიანი ვერ მონახა. იძულებული გახდა ასდრამიანი მიეცა. ქალმა საჩქაროდ დალოცა და მოკლე ნაბიჯებით გაშორდა. ღმერთმა ქნას, სხვა კარგი პალტოც შენიშნოს, გაიფიქრა კარომ.

შეეძლო, რა თქმა უნდა, ბაზრისკენ გაევლო და საახალწლო ნაძვის ხე ეყიდა. ახალ წლამდე ორი დღე რჩებოდა. თოვლი არ მოდიოდა. „და არც გვინდა, - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა კარომ, - დავიღალეთ“. და იქვე აღიარა, რომ თავის ნათქვამს სერიოზულად არ უდგებოდა, რადგან ის ახალი წელი, რა ახალი წელია - ნაზი და მსხვილი თოვლის ფანტელების გარეშე? როცა შუაღამეს ეზოში აღტაცებული დარბიხარ, ბენგალურ შუშხუნებს ანთებ, შამპანიურს ხსნი, მღერი და ბიძია მიჰრანის „ფედ“-ი (ფოტოკამერა) კი სინათლის დამაბრმავებელი აფეთქებებით შენს ბედნიერ და გულწრფელ ღიმილს უკვდავყოფს.

კარომ სიგარეტს მოუკიდა. ფეხები ეყინებოდა, წინა წლების სამარისებური ზამთრის მოგონებებს აღუძრავდა, როცა ფეხსაცმელები განუწყვეტლივ ნესტიანი ჰქონდა და მარცხენა თირკმელი კი - შეთქმულივით უკვნესოდა. ფეხით უნდა ევლო ან მეტროში შესულიყო. მეტროსადგურ „მეგობრობიდან“ მატარებელი „სარდალ ანდრანიკის“ სადგურამდე ჩქარა მიიყვანდა, იქიდან კი ბაზრამდე მისასვლელად რაღა რჩებოდა? ხეირიანი საახალწლო ნაძვის ხე ბევრი-ბევრი ორი ათას ხუთასი დრამი თუ ეღირებოდა. მსგავსი ფუფუნების უფლება მშვიდი ნამუსით შეეძლო მიეცა საკუთარი თავისთვის, ვინაიდან დას მხოლოდ პალტო არ გამოუგზავნია მისთვის, არამედ - ფულიც, და ახლა, იანვრის ბოლომდე მაინც, საზრუნავი ნაკლები ჰქონდა.

ერთი კვირის წინ გრძელ და გაბმულ ზარებს ჰქონდა ადგილი - საქალაქთაშორისოს. ღამის საათებში. კარო იწვა, სანახევროდ ეძინა კიდეც, ნვარდიკს, მის ქალიშვილს წყალი გაეცხელებინა და აბაზანაში იყო შესული, ასე რომ, ყურმილი მისმა ცოლმა, ანაჰიტმა აიღო. რა თქმა უნდა, ატლანტიკის სანაპიროებიდან რეკავდნენ. ნიუ-იორკი, თავისუფლების ქანდაკება, მანჰეტენის ბოჰემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მისი და იყო. ვიდრე გულაჩუყებული ანაჰიტი შეკითხვებს უსვამდა და თავადაც იმავე ემოციით პასუხობდა ოკეანისგაღმელის კითხვებს, კარო, დიდი ძალისხმევით გამოძვრა საბნის ქვეშიდან, შარვალი ჩაიცვა, მხრებზე ხელით ნაქსოვი ჯემპრი მოიგდო და შემოსასვლელში გავიდა. ერთ ტელეფონი შემოსასვლელში იდგა, დიდ სარკესთან, მეორე - სასტუმრო ოთახში, მაგრამ ანაჰიტი შემოსასვლელიდან ესაუბრებოდა და იქ კი, როგორც ყოველთვის, შედარებით უფრო ციოდა. „მოვიდა, - უთხრა ანაჰიტმა, - ეხლა გადავცემ და მას უთხარი“.

კარომ კარგად იცოდა, თუ რაზე იყო საუბარი. მაგრამ დამ სხვა რაღაცით დაიწყო. ჯერ ძმის ჯანმრთელობით დაინტერესდა, ჰკითხა, ამ ზამთარში თავს როგორ გრძნობდა, ისევ ხომ არ ახველებდა? „არა, - უთხრა კარომ, - ამ ზამთარს შუქი გვაქვს, ვახერხებთ, რომ მეტ-ნაკლებად სახლი გავათბოთ“. მერე დამ ჰკითხა, თუ დღეში რამდენ ღერს ეწევა. „ძველებურად, - გაიცინა კარომ, - ეგ ერთი რამ მიხდება, შენზე მომიყევი“. „ანაჰიტს მოვუყევი, გაიგებ, - მოკლედ მოუჭრა დამ, და კაროს არ ეწყინა, ვინაიდან კარგად ესმოდა, რომ წუთები ფული ღირდა. - რა გადაწყვიტე?“.

კარო ფეხშიშველი იყო, ფლოსტებით. ანაჰიტი კედელს მიყრდნობოდა მხრებით და სარკეში მისი ლამაზი პროფილი ირეკლებოდა. კაროს მოეჩვენა, რომ მეუღლეს თმაში ჭაღარა მომატებოდა, იქნებ განათების ბრალია? „არ გადამიწყვეტია, - უთხრა მან, - ვფიქრობ“.

სიგარეტი გვერდზე მოისროლა და მეტროში ჩავიდა. მჭექარე მუსიკა თავს დაატყდა. თანამედროვე სიმღერებიდან ერთ-ერთი იყო, კარგად ნაცნობი: ერთი ქალი პტეროდაქტილივით ჭყიოდა, რომ ის სომეხია, აღტაცებული მამაკაცი კი მსუყე ხმით ეხმიანებოდა, რომ ისიც - ასევე. „არა, რა, - თქვა გონებაში კარომ, - ამ შემთხვევაში მე ჩემს ეროვნებას შევიცვლი“.

ვაგონი ხალხმრავალი არ იყო. დაჯდომა მოახერხა. მთელს ქალაქს ფეხდაფეხ შემოვივლი და საახალწლო ნაძვის ხეს მაინც ვიშოვნი - გადაწყვიტა. დაე, ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ ჩვენი გამყინვარების ეპოქა დასრულდა. ერთი რამ არის მხოლოდ ცუდი: მორთულ ნაძვის ხესთან სურათის გადაღება ვერ მოხერხდება. ბიძია მიჰრანი და მისი ერთგული „ფედ“-ი დიდი ხანია აღარ არიან, კაროს „ზორკ“-ი (ფოტოკამერა) კი ჩალის ფასად გაყიდეს ჯერ კიდევ ორი წლის წინ, დის გამგზავრებიდან მალევე.

ამ შემოდგომაზე დამ რამდენჯერმე დარეკა, უთხრა - ჩამოდიო. ანაჰიტი კაროს უყურებს და უსიტყვოდ უცდის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. კარო კი, ჩვეულებრივ, ხუმრობაში ატარებს და დიდხანს სდუმს. მისი და მშვიდად წავიდა, ან თავის განცდებს, ალბათ, არ ამხელდა. „სადაც ჩემი მეუღლეა, მეც იქ უნდა ვიყო, - იმეორებდა და ყოველ დილას ინგლისურის გაკვეთილზე გარბოდა“. „საშინელი არაფერია, - ეუბნებოდა ანაჰიტს, - ორმოცდაერთი წლის ასაკშიც შესაძლებელია უცხო ენის სწავლა, სკოლაში ნასწავლიც დაგეხმარება“. მისი წინდახედული დედამთილი შეიძლებოდა უკვე ძირძველ ამერიკელად ჩაგეთვალა. ათი წელია საცხოვრებლად უფროს ვაჟიშვილთან გადავიდა, რომელმაც, თავის მხრივ, სწორი გათვლებით, ემიგრანტის ქალიშვილი შეირთო ცოლად. დედამთილი თავისი შვილის მოსანახულებლად წავიდა და დარჩა. მერე უმცროსი ვაჟიშვილი და რძალიც სტუმრად მიიწვია. თავიდანვე ნათელი იყო, რომ მიწვეულები უკან აღარ დაბრუნდებოდნენ.

მატარებელი მეტროსადგურ „ახალგაზრდულზე“ გაჩერდა და მგზავრებმა ვაგონი ერთბაშად გაავსეს. კარო გვერდზე მიიწია, რომ ჩასუქებული ქალბატონისთვის და მისი შვილიშვილისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. ქალბატონი თავაზიანი აღმოჩნდა, მადლობა გადაუხადა. მერე შვილიშვილს უთხრა, რომ პირიდან თითი გამოეღო. „თუ არა, თოვლის ბაბუა საჩუქარს არ მოგცემს, ხომ არ დაგავიწყდა ცოტა ხანში რომ უნდა ნახო?“. შვილიშვილი დაემორჩილა.

...შოკოლადის დიდ ყუთში ძველი ფოტოები იდო. ერთი განსაკუთრებით გამორჩეული: კარო დასთან ერთად, აიგესტანის (სოფლის დასახელება) მამისეულ სახლში, ბუნებრივია - საახალწლო ნაძვის ხესთან. დას თავისი ღიპიანი დათუნია ჰყავს ჩახუტებული, კაროს კი - და. ორივეს თვალები უბრწყინავს - ბენგალური ცეცხლივით. ბიძია მიჰრანს ოსტატურად აღუბეჭდავს ფოტოზე ცხოვრების ცოცხალი გაელვება, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, ფართო „პლანით“. სხვა ფოტოებიც არის, შორეული წარსულიდან, მამასთან და დედასთან ერთად გადაღებული. ამ სურათებში კარო და მისი და წლიდან-წლამდე იზრდებიან, მამა და დედა კი გარკვეულ დრომდე უცვლელნი რჩებიან. მერე არტაკი ევლინება ქვეყანას - მისი უმცროსი ძმა, მაგრამ ამის გახსენება საჭირო არ არის, ფრთხილად! მძიმე ქვაა, მაშინვე გაგჭყლეტს. უმჯობესია, თავის ქალიშვილზე გადავიდეს: სულის ბალზამი, შუბლზე კულულებჩამოყრილი, დედამისის - ანაჰიტის კალთაში ზის. ამ პერიოდში მამამისი უკვე ფოტოებიდან ქრება. საახალწლო ნაძვის ხე კი მუდმივად იგივეა - ბრწყინვალე მომავლის დაპირებებით შემკული, და ახლა, კაციშვილი არ არის, რომ გაბედოს და ანგარიში მოსთხოვოს მას იმ გულუხვი დაპირებებისთვის.

  • „სარდალი ანდრანიკი“, - გამოაცხადა უხილავმა სპიკერმა.

კარო ვაგონიდან გამოვიდა. სადგურის ბაქანზე, ლატარიის ფერად-ფერადი ბილეთებით, გახსნილი მარაოსავით ხელში, ვიღაც მოხუცი იდგა და შეძლებისდაგვარად ხმამაღლა გაჰყვიროდა: „ახალი წლის უპრეცედენტო გათამაშებები“. ოთხივე მხარეს, ირგვლივ, ადამიანები დიდი და სავსე პარკებით იყვნენ - საახალწლო სუფრის სიკეთეებით დატვირთულნი, საჭმელ-სასმელით, კარო კი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიაბიჯებდა, მასასთან სრულიად შეუსაბამო. „საახალწლო ნაძვის ხით მაინც შემხვედროდა ვინმე, გავიგებდი, ტყუილად ხომ არ მივდივარ“.

„ტყუილად არ მივდივარ, - ამბობდა და, - ადრე თუ გვიან, თქვენც წაგიყვანთ. პირველი კარო წამოვა. მისნაირი ვირტუოზი მხაზველი საქმეს აუცილებლად იშოვის. რა ვუყოთ მერე, რომ ორმოცდახუთი წლისაა? მამაკაცისთვის ძალიან კარგი ასაკია, ჯერ კიდევ შესაძლებელია ახალი ცხოვრების დაწყება. წამოვა, ფეხს მოიკიდებს, მოეწყობა, ცოტა ფულს მოაგროვებს და თქვენი ჯერიც დადგება. ნვარდიკი ამასობაში სასწავლებელს დაამთავრებს, პიანისტის დიპლომს აიღებს, მუსიკოსებს თავისი წილი ლუკმა ყველგან აქვთ. სამაგიეროდ - ბოლოს და ბოლოს ადამიანურად იცხოვრებთ. კიდევ როდის მოგვცემს ღმერთი სიცოცხლეს, და ვინ იცის, მოგვცემს კი?“.

ამ მონოლოგის ადრესატი ანაჰიტი იყო, მაგრამ უპირველეს ყოვლისა კაროსთვის იყო განკუთვნილი. კარო დას მდუმარედ უსმენდა, მორიგ სიგარეტს უკიდებდა და ნახევრად ხუმრობით, ნახევრად მწარე ღიმილით ამბობდა: „ყველა წავა და მე დავრჩები ერევნის მცველად“.

ყოფილი ოქტომბრის, ამჟამად - ტიგრან დიდის პროსპექტი, საიდან სადაო, ცივი, მჩხვლეტავი ქარით შეეგება. დღე უფრო მეტად იქუფრებოდა. ერევანი რაღაცნაირად რუხი გამხდარიყო და სქელი ღრუბლების ქვეშ მობუზული ჩანდა. იქნებ ჩვენს გამოა ასე? გაიფიქრა კარომ, და ამინდი არაფერ შუაშია? იქნებ ჩვენ ვიცვლებით, შინაგან სინათლეს ვკარგავთ და ვერ ვახერხებთ ამ ქალაქის ჩვენით განათებას. გაიფიქრა და ინანა. ნაბიჯს უმატა. არ ღირდა მოსამართლედ ყოფნა. არ ღირდა საჭიროზე ადრე დაბერება, მხრებზე ცხოვრების მქადაგებლის გრძელკალთიანი მოსასხამის მოგდება ან თავჩაქინდრული უკან დახევა - საკუთარ ჩრდილს ჩაბღაუჭებული. შეძელი თავისუფალ ადამიანად ყოფნა. დიდი სამყაროს ადამიანად. ერთ დროს გამოგდიოდა, ყოველგვარი გაჭირვების გარეშე, სუნთქვასავით თავისთავად. ლურჯ, მაგარყდიან ატლასს მუხლებზე იდებდი და - აიგესტანის პრეისტორიული ეზო, ფართოდ გაშლილი ტოტებით თუთის ხე, გრძელი და გაჭიმული საზაფხულო არდადეგები, - და უშიშარი ნაოსნობა მდინარე ჰუდსონის შესართავიდან ინდიელთა ყველაზე შორეულ დასახლებამდე, მაროკოს კლდოვანი ნაპირებიდან პირენეის ნახევარკუნძულამდე ან მსოფლიოს მეორე მხარემდე, შენი მრავალტანჯული და სასოწარკვეთილი თანამგზავრების გასაგონად კი მთელი ძალით შეძახილი: „მონტევიდეო, ვხედავ მთას...“.

ასე რომ, სადან დროა, დატოვე და წადი. ეს პროსპექტი მედისონ ავენიუზე გაცვალე, ახლა ხომ თვითონ ხარ დაღლილი და იმედგაცრუებული. თუ არადა, შენი ყველა მოგზაურობები უწინდელივით მარტო ატლასში დარჩება. შეხედე, შენმა დამ რა კარგად აითვისა ცხოვრების გაკვეთილები. ნიუ-ორკი, ბრუკლინი, ბროდვეი, რუსული წიგნების მაღაზია. რა სწრაფად და წარმატებულად მოეწყო, ახლა აკსიონოვისა და დოვლათოვის ტომებს ჰყიდის. ყოჩაღ! ღმერთმა ქნას, სამსახური არ დაკარგოს, ჯანმრთელი იყოს, თვეში ერთხელ დარეკოს. კარგი გოგოა, გასაჭირში დგომა ყოველთვის იცოდა, ახლაც ეხმარება, შესაძლებლობა ექნება - უფრო მეტს გააკეთებს. მაგრამ ყველა ისევ რატომ გავიფანტეთ? ასეა, ახლა ვის სახლშიც არ უნდა შეხვიდე, ერთ ან ორი ოჯახის წევრი მაინ ჰყავს გარეთ, ქვეყნიდან წასული, ერთ დროს კი, პირიქით, ნელ-ნელა სახლში ვბურნდებოდით, თავს ვიყრიდით.

გასაკვირი იყო, ამხელა გზა გამოიარა და ამერიკული პალტოსთვის ფულის მთხოვნელი არ შეხვედრია. ალბათ, ძალიან სწრაფად და მოღუშული მივაბიჯებ, დაასკვნა კარომ. შენობის თაღქვეშ გავლისას მოულოდნელად თეთრი „მერსედესი“ გამოჩნდა, სწრაფად მოძრაობდა, კარომ ძლივს მოასწრო ადგილზე დალურსმვა. მანქანამ სიჩქარე მოთოკა, საჭესთან და მის გვერდით მჯდომმა კაროს ალმაცერად გადახედეს, აშკარად უკმაყოფილოდ, რომ ამ ტროტუარით გავლა მას თავში მოსვლია. კარომც შეხედა მათ მრგვალ, დიდ, უკისრო თავებს - ხორციან მხრებზე მჭიდროდ დასმულ. უკვე ჩვეულებრივად ქცეული სანახაობა იყო, ასეთები ახლა უფრო და უფრო ხშირად გხვდებიან, მძიმედ, მედიდურად მოძრაობენ, მისალმებისას ერთმანეთს მადიანად კოცნიან, ჯიბეში აწკრიალებულ ტელეფონს ჩახლეჩილი ხმით პასუხობენ, ჯგუფურად დგანან თავისივე ახალგახსნილი მაღაზიებისა და კაზინოების წინ - ერევნის ძველი და ლამაზი შენობების პირველ სართულებთან, რომლებსაც, ვითომდა ნიშანდობლივი ფუფუნების გამოსახატად, ლაპლაპა, მკვეთრი მწვანე ფილებით აპირკეთებენ.

„არტაკს რომ ისინი ენახა, მეორეჯერ მოკვდებოდა“, - გაიფიქრა კარომ. მაგრამ ის ადრე დაიღუპა, პირველივე შეტაკებების დროს. ვის შეეძლო მისი სახლში გაჩერება? დედა უკვე აღარ იყო ცოცხალი. რომც ყოფილიყო, სულ ერთია, გადამწყვეტი ჟამი იდგა. უჩუმრად წავიდა, მოხალისედ ჩაეწერა, კაროსთან მივიდა, დაკბილულძირიანი ჩექმები სთხოვა: ჩეხური იყო, თითქმის სულ ახალი, კაროს მოსკოვში ჰქონდა ნაყიდი, ძალიან მოსახერხებელი იყო იმით ზამთარში მივლინებაში წასვლა, უთხრა - „ვაი და ვიში არ გავიგო, ახლა რომ არ ვიომოთ, მერე გვექნება ვაი და ვიში საძახებელი“. რამდენი წელი გავიდა? მის დაკარგვას ვერ შეურიგდა. მაგრამ როგორ აუხსნას დას, რომ არტაკი აქედან წასვლის ნებას არ რთავს? არც დღეს, არც ხვალ, და არც არასდროს. რადგან, კარო თუ ადგება და წავა, ეს ნიშნავს - არტაკი ტყუილად დაიღუპა. ნიშნავს, რომ შენი თავგანწირვა ზედმეტია, თუ შენს მოდგმას ამ მიწაზე ცხოვრება არ უნდა.

ნამდვილად, „გუმ“-ის სავაჭრო ცენტრის წინ საახალწლო ნაძვის ხეები ჩაემწკრივებინათ. დიდი გროვა იყო, მყიდველი კი - ცოტა. მათ შორის თავისი ქალიშვილი - ნვარდიკი შენიშნა. კარო გაჩერდა. გოგო ზურგით იდგა, მამას ვერ ხედავდა. გვერდით მდგომ ახალგაზრდას რაღაცას ეუბნებოდა, რომელსაც მხარზე სპორტული ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. მერე მათ შერჩევა დაიწყეს. ახალგაზრდა ხელს ყველაზე მსხვილ ხეებს ჰკიდებდა, ნვარდიკი კი ეუბნებოდა: „არა, სჯობს პატარა და კოხტა იყოს, ჩვენს ოთახებს დიდი არ უხდება“.

მათ ძლივს ორი ნაბიჯი თუ აშორებდათ. ღმერთო ჩემო, რიდის გაიზარდა? გაიფიქრა კარომ. შიგნით ჩაღვრილმა თბილმა დინებამ ზამთრის სიცივე დაავიწყა. ნვარდიკი შემობრუნდა. კარო თვალის მოუცილებლად უყურებდა. გოგოს სახეზე გაკვირვება, მერე ღიმილი, მერე კი დაბნეულობა შეეტყო. უცნობი ახალგაზრდაც შემობრუნდა. კარო ადგილზე დარჩა. ნვარდიკი მივიდა.

  • საახალწლო ნაძვის ხეს ვყიდულობთ, - თქვა მან, - აზატს (ბიჭის სახელი) ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ჩემთვის ნამდვილი ნაძვის ხე ეჩუქებინა. შენ ბაზარში მოხვედი?
  • დაახლოებით, - უპასუხა კარომ და რაც შეიძლება მშვიდად და სხვათაშორის ჰკითხა, - აზატი ვინ არის, ერთად სწავლობთ?
  • მომავალი ცნობილი რეჟისორი, - მხიარულად გაიცინა ნვარდიკმა, - ერთად არ ვსწავლობთ. ის თეატრალურშია, ჩვენი სასწავლებლის გვერდით.
  • გასაგებია, - თავი დაუქნია კარომ.

აზატიც მივიდა. ნვარდიკმა უთხრა: „გაიცანი, ეს მამაჩემია“. კარომ აზატს ხელი ჩამოართვა. უცნაური ახალგაზრდა იყო: სუფთად გაპარსული, კევს არ ღეჭავდა, შუბლი ვიწრო არ ჰქონდა და ტუჩებზე - მრუდე, იქედნური ღიმილი.

  • ნვარდიკმა ერთხელ მითხრა, რომ საახალწლო ნაძვის ხესთან სურათის გადაღება უყვარს, - აზატი გაჩუმდა, ალბათ დაფიქრდა, სწორად დაიწყო თუ არა საუბარი? მერე კი დაამატა, - დამდეგ ახალ წელს გილოცავთ.
  • მადლობელი ვარ, - უპასუხა კარომ, - ასევე.
  • ჩვენ პირდაპირ სახლში წავალთ, - უთხრა ნვარდიკმა, - შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ?
  • თქვენ წადით, - არ შეეწინააღმდეგა კარო, - დედაშენი სახლშია. მე ჯერ საყიდლებზე უნდა შევიარო - ხილი და სხვა რამეები.

აზატს დაემშვიდობა და ბაზრის მხარეს გადაუხვია, თუმცა კი არაფრის ყიდვის საჭიროება არ არსებობდა. თავისი ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. უნდოდა მოულოდნელი საჩუქარი გაეკეთებინა ცოლისთვის და ქალიშვილისთვის - არ გამოვიდა.

ბევრი რამ არ გამოვიდა და ისე არ მოხდა. თუნდაც ერთი მთელი, აწ უკვე განვლილი ცხოვრება, ზამთრის დღესავით სწრაფწარმავალი, გავიდა და მოგონებად იქცა. „მაგრამ, განა სხვანაირად ხდება?“, - ფიქრებში იკითხა კარომ. ალბათ - არა. მაგრამ, იქნებ ნვარდიკისთვის მაინც მოიძებნოს რაიმე გამონაკლისი.

1999 წელი.

 

სომხურიდან ექსკლუზიურად თარგმნა გელა გელაშვილმა.

ფოტო - ირმა კუხიანიძე "ნაძვის ხე"