თბილისში საქველმოქმედო გამოფენა „ეპოქა“ დასრულდა - ორგანიზატორები ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, ქართველი მხატვრების საქველმოქმედო გამოფენა - „ეპოქა“ გაიმართა. ეს ღონისძიება, 1993 წელს, ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ პერიოდის კურატორთა ჯგუფის - ნინო ბაჯელიძე, თამარ სარაჯიშვილი და ნანა გვარამია - მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონის ერთგვარი გამოძახილი იყო, სადაც ცნობილი მხატვრები იყვნენ წარმოდგენილნი: დავით და ემირ კაკაბაძეები, ზურაბ ნიჟარაძე, ედმუნდ კალანდაძე, ირაკლი ფარჯიანი, თამაზ კაკაბაძე, მამუკა ცეცხლაძე, ქეთი მატაბელი... მაშინ აუქციონიდან შემოსული თანხით სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარნენ. წლების შემდეგ, გამოფენა იგივე მიზნით განმეორდა - ექსპოზიციაში, სხვადასხვა ტილოების ავტორებმა ისევ ქველმოქმედების მიზნით გამოფინეს საკუთარი ნამუშევრები.

,,არტპონტისჯგუფის - ნინო ბაჯელიძე, მაია მჟავანაძე, ნიკორა გელეყვა, ირინა ცერცვაძე, ნინო ახვლედიანი - ორგანიზებით, თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ, ახალი საქველმოქმედო გამოფენა ეპოქა მოეწყო, მხოლოდ მხატვართა სპექტრი გაიზარდა და ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვრებით შეივსო. ამჯერად, გამოფენიდან შემოსული თანხით, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბენეფიციარებს დაეხმარებიან, რომლებიც  სიმსივნით დაავადებული ბავშვები არიან.

„ვერსია“, საქველმოქმედო გამოფენასა და სამომავლო გეგმებზე, ორგანიზატორებს ესაუბრა:

- 30  წლის წინ, როდესაც მსგავსი საქველმოქმედო გამოფენა მოვაწყვეთ, ასეთივე არეულობა, გაჭირვება, დაძაბული მდგომარეობა და ატმოსფერო იყო. ამიტომაც გავმართეთ იგივენაირი საქველმოქმედო გამოფენა. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ამდენი ხალხი გამოფენაზე, დიდი ხანია, არ გვინახავს. არ მეგონა, თუ ამდენი გაბედავდა და მოვიდოდა, თუმცა გასაკვირიც არაა - ხალხს მონატრებული აქვს მსგავსი ღონისძიებები... მაშინაც ყველა სახლში იჯდა, თუმცა გამოიპრანჭნენ, მოვიდნენ და ძალიან ბევრი ნახატი გაიყიდა. ახლაც ასე მოხდა.

გამოფენის ორგანიზატორები ბავშვობის მეგობრები ვართ. აქედან სამნი - მე, ნინო ბაჯელიძე და მაია მჟავანაძე თვითნასწავლი მხატვრები ვართ. დაახლოებით, 10 წლის წინ დავიწყეთ ხატვა და დღემდე ვაგრძელებთ. ახლა იტალიაში გვაქვს გამოფენა, აპრილში, ვატიკანში ვგეგმავთ, ასევე, გერმანიაშიც. საბერძნეთში ხშირად ვაწყობ გამოფენებს, თითქმის ყველა ჩემი პროექტი სოციალურია. ახლა ცოტა ხნით ვაპირებთ წასვლას საბერძნეთში, მაია - რუსეთში, მაგრამ მალე დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მოღვაწეობას. გვინდა, ეს პროექტები გავაკეთოთ თბილისისთვის, მისი კულტურული ცხოვრებისთვის, რომ ცოტა სიხარული და სილაღე დავუბრუნოთ ქალაქს. პანდემიამ გაანადგურა ხალხი და ორი წლით ჩაკეტა ისინი, ეს ძალიან ცუდია, ამიტომ გვსურს, გავაცოცხლოთ თბილისი.

- რამდენს ხანს ამზადებდით და ეს გამოფენა სხვებისგან რითი გამოირჩევა?

- ორგანიზება 3 თვე გაგრძელდა. 40 მხატვარი იყო ჩართული, ზოგი მათგანი ქალაქგარეთ ცხოვრობს, ზოგს სად მივაკითხეთ, ზოგს - სად. ექსპოზიციისთვის წარმოდგენილი გვქონდა არაჩვეულებრივი ნამუშევრები. ასევე, ისეთი ნახატები, რომლებიც საქართელოში არ იყიდება. ყველაფერი ხარაჩოზე იყო განთავსებული, ეს არის იმის სიმბოლო, რომ სულ ვვითარდებით.

30 წლის წინ, როდესაც პირველი გამოფენა გავაკეთეთ, ადამიანებს ძალიან უჭირდათ და ახლაც ასეა, თუმცა მაშინდელივით, ახლაც ვვითარდებით და ვიბრძვით. ყველა მხატვარი გვირეკავს და  მადლობას გვიხდის, მნიშვნელობა არ აქვს, გაიყიდა თუ არა მისი ნამუშევარი, მაინც კმაყოფილია, რომ ხალხს ვაჩვენეთ შემოქმედება.

ბევრი მხატვარი არაა ცნობილი და ხალხმაც არაფერი ისიც მათ შესახებ, არადა, ისინი გენიოსები არიან, წავლენ და მათი ნამუშევრები ისტორიას დარჩება. ორმაგ საქმეს ვაკეთებთ, ბავშვებს ხომ ვეხმარებით და ასევე, ამ მხატვრებსაც ვაცნობთ საზოგადოებას.

ეს იყო ქალაქის სოციალური პროექტი, ბევრი მხატვარი გავაცოცხლეთ, თბილისი ძალიან პატარაა და სულ ერთი და იგივე სახეები არიან წარმოდგენილნი ყველგან, თითქოს სხვები არ არსებობენ. თუნდაც მხატვრები ავიღოთ, შესაძლოა, საზოგადოება მხოლოდ ხუთ მათგანს იცნობს, რეალურად კი უამრავი გენიოსი გვყავს!

წინ უნდა წამოვწიოთ არცთუ ცნობილი მხატვრები, მათ იმისთვის არ სცალიათ, რომ საკუთარ თავს დიდი წარდგენა გაუკეთონ. ჩვენ ახალგაზრდა მხატვრებიც გვყავდა, თვითნასწავლებიც.

მოკლედ, ძალიან საინტერესო გამოფენა იყო. შეიძლება, ახალ თობას ამით დიდი სტიმული მიეცეს. ამდენი მხატვრის ერთად შეკრება მარტივი არ არის, ზოგიერთი აღარც ხატავდა და ჩვენი თხოვნით დახატეს.

ნამუშევრები ყოველ დღე იყიდებოდა, ისეთი კარგი ატმოსფერო იყო შექმნილი, რომ ხალხს სიამოვნებდა მოსვლა.

- საგამოფენოდ მუზეუმი როგორ შეარჩიეთ, როგორც ვიცი, თბილისის მერია გეხმარებოდათ...

- თავიდან გამოფენის მოწყობა მაიას ბაბუას ეზოში გვინდოდა, დიდი და ულამაზესი ეზოა, თუმცა კოვიდის გამო, 4 ოქტომბრამდე არ შეიძლებოდა თავშეყრა. შემდეგ უკვე აცივდა და ეზოს ვეღარ გამოვიყენებდით. ამიტომ, მერიამ დაგვაფინანსა და მისი  მხარდაჭერით მოვაწყეთ გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

- ახლო მომავალში კიდევ ხომ არ აპირებთ მსგავსი გამოფენის მოწყობას?

- სამწუხაროდ, კულტურის სფერო საქართველოში არცთუ კარგად შუქდება, ჩვენ მაინც უნდა შევუწყოთ ხელი მხატვრებს და ხელოვან ადამიანებს, ისინი ამით ცხოვრობენ და მათი შემოსავლის წყარო ესაა.

თუ არ ჩაგვკეტავენ კოვიდის გამო, კიდევ გვინდა, ერთი საჩუქარი გავუკეთოთ თბილისს. მოფიქრებული გვაქვს, როგორი იქნება, თუმცა წინასწარ დეტალებს ვერ გაგიმხელთ. როგორც კი დაზუსტებით გვეცოდინება თარიღი, აუცილებლად შეგატყობინებთ.

ავტორი: ია გრიგალაშვილი