თხუნელა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ՀՐԱՉ ԲԵԳԼԱՐՅԱՆ | Խլուրդը

ჰრაჩი ბეგლარიანი

თხუნელა

საღამოს პირს, როცა მთიდან სახლში ბრუნდებოდა, სასაფლაოსთან, თითქოს ვიღაცამ ყურში ჩასჩურჩულა, რომ საფლავები გავლით ჩამოევლო. რამდენი ხანია იმიზეზებ - გვიანია, არ გცალია, დაღლილი ხარ, სასაფლაოს გვერდს უვლი და მიდიხარ. მაგრამ ყველა გზა ხომ ბოლოს მაინც აქ მოვა? სადაც არ უნდა წახვიდე, ერთ დღეს, თავის დროზე, შენც, სხვებთან ერთად, აქ მოხვალ და ფეხებს ამ მიწაში გაჭიმავ. გაიფიქრა და ერთი წამით ნაბიჯს უკლო, მერე კვლავ გვერდის ავლა მოუნდა, მაგრამ აკვიატებული და დაჟინებული აზრი მის არსებას უკვე დაპატრონებოდა. ზურგზე მოკიდებული ბალახი დაბლა ჩამოიღო, გზიდან გადაუხვია და ქვათა ქალაქში შევიდა. ვალოდის საფლავს ჩაუარა, ვადოს მოცინარ სახეს შეხედა, კოლიას ჰალსტუხს გასცინა: სად მწყემსი და სად ჰალსტუხი? მარუსას საფლავის ქვაზე დაწერილ სახელზე ხმამაღლა გაიკვირვა:

_ ბი-უ-რე-ღი (ბროლი), - დამარცვლით ამოიკითხა, - ქალი და ასეთი სახელი? ბარემ ისეთი დაგერქმიათ, რომ წარმოთქმისას კაცს ენა მოსტეხოდა. თუ არა და - ბი-უ-რე-ღი, - თავისთვის ჩაიბუტბუტა და უცებ გაიფიქრა, რომ სოფლის ნახევარი, ან უფრო ზუსტად - მისი ნაცნობი ადამიანების ნახევარზე მეტი, ახლა აქ, ამ ქვების ქვეშ წვანან, სუნთქვაშეკრულნი აღმოსავლეთისკენ იყურებიან და მის მოსვლას ელიან - რომელიც აღმოსავლეთიდან მოვა, რომ ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ იხსნას, რომ თავისივე შექმნილი სამყაროს სანაცვლოდ ყველაზე ძვირფასი გაიღოს, რაც კი გააჩნია - სიცოცხლე. საფლავებს შორის გათელილი ბილიკით მთის ფერდიდან ქვევით ეშვებოდა და გონებაში ან ხმამაღლა ნაცნობ-ნათესავების საფლავის ქვებს ესაუბრებოდა. იმას ეუბნებოდა, რაც მათ სიცოცხლეში უფიქრია, მაგრამ არ უთქვამს, და კიდევ, იმასაც ხმამაღლა გამოთქვამდა, რაც არასდროს უფიქრია, მაგრამ ამდენი წელი ქვეცნობიერის სიღრმეებში ინახავდა და ახლა ერთბაშად პირზე მოსდგომია.

_ჰა, მამიკონ!.. - მაგ ქვაზე მახვილი თვალ-წარბითა და აკადემიკოსის შესახედაობით რომ გამოჭიმულხარ, კაცი იფიქრებს მთელი ცხოვრება წერა-კითხვის ტყვე იყოო, მაშტოცის ტკბილ ანბანს მოწყურებული. ერთადერთი, რაც კარგად იცოდი, არყის სმა იყო და მთელი ცხოვრება ვერ გაძეხი. ახლა მანდ როგორ არის? ჭიქის შემვსები თუ გყავს? თუ „პახმელიაზე“ ჩაქჩაქით დადიხარ უწყლოდ დარჩენილი უდაბნოს აქლემივით?

მამიკონი მდუმარედ იყო, ისევე, როგორც დანარჩენები. სანო (მამაკაცის სახელი) კი ბილიკით ქვევით ეშვებოდა, მწუხრში საფლავებს ათვალიერებდა, ესაუბრებოდა, იცინოდა, დასცინოდა - ხან ამას, ხან იმას. შიში არ ჰქონდა. ანდა რისი უნდა შინებოდა? გეშინოდეს სასაფლაოსი, ეს იგივეა, რაც - გეშინოდეს მთისა და ქვის, შემოსულ ყანაში ქარის ქროლვის ან ელვის მათრახის შხუილის...

თვისი წინაპრების საფლავთან მივიდა, გისოსებს შემოუარა. დედა თვალის დაუხამხამებლად უყურებდა. ზაფხულის საღამოში ქვას შუადღის მზის მცხუნვარება შეენარჩუნებინა და ახლა ქვეყანას ნაწილ-ნაწილ უბრუნებდა სითბოს. დედის სახე ხელის გულით გადაწმინდა, დაიხარა და აკოცა. იმავე ქვიდან მამაც უღიმოდა, მაგრამ იცოდა, რომ მამა იქ არ იყო - ბელორუსიის ჭაობებში დარჩა, ომში დაიღუპა, საძმო სასაფლაოზე დამარხეს. ჩასული იყო, საფლავი მონახა, მიწა ჩამოიტანა და დედის საფლავზე მოაბნია. ყოველთვის, როცა საკმეველს უკმევდა, მამასაც მოიხსენიებდა. მართალია, მამა იქ არ იყო, მაგრამ ღმერთმა ხომ კარგად იცის, რომ საკმევლის კვამლის ერთი ქულა მისი სულის სიმშვიდისთვის იყო.

ბებიას საფლავი მოშრებით იყო. იმ დროს, როცა ბებია გარდაიცვალა, თვითონ პატარა იყო. მერე, როცა ნახა, რომ მის გვერდით დედისთვის და დანარჩენებისთვის ადგილი აღარ დარჩა, ცალკე ადგილი აიღო. ბებიის საფლავს კი ძველი, დაბრეცილი ღობე მოურღვია, ახალი გალავანი შემოავლო, ქვაზე სურათიც დაახატვინა, მაგრამ რად გინდა? ამ ყველაფრის მერეც კი ბებია საცოდავად და მიტოვებულად გამოიყურებოდა, ქვაზე რაღაცნაირად მობუზული და შეშინებული ჩანდა. მოუნდა დახრილიყო და მისი სურათისთვისაც ეკოცნა, მაგრამ გადაიფიქრა.

_ქვისთვის კოცნა რა ხეირია? - უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა.

გაცლა დააპირა, როცა მზერა ბებიის სურათიდან საფლავზე გადაიტანა და ელდა ეცა, გაოცებისგან პირი გაუშრა. ეს რას მოუოხრებია? საფლავის მიწა თხუნელას გამოეთხარა და იქვე, გვერდიგვერდ პატარა მიწაყრილები ჩაემწკრივებინა.

გგონია, რომ სიკვდილის მერე ყველაფერი მთავრდება, მიწასთან სწორდება, რომ მიწა იყო და მიწადვე იქცევა, მაგრამ ასე არ არის. გარდაცვლილის ნამუსსაც მოფრთხილება სჭირდება, საფლავს კი - ცოცხლების მოვლა-პატრონობა. სულ უნამუსოც რომ იყოს ცოცხალი, სულ ერთია, გარდაცვლილი მაინც მიწიდან ახსენებს თავს და მოსვენებას უკარგავს. მოდი და მშვიდად იცხოვრე, როცა თხუნელა ბებიაშენის საფლავს თხრის და ქექავს.

_შე უპატრონო!.. - შეუტია თხუნელას, - შენ საიდანღა მოხვედი?                                                     

ოთხივე მხრიდან შემოუარა, შეათვალიერა: მახლობელი მინდვრიდან რომ ყოფილიყო მოსული, გარშემო სხვა მიწაყრილებსაც დატოვებდა, მაგრამ თხუნელას კვალი მარტო საფლავზე ჩანდა. თავის დროზე სანომ საფლავს ბეტონის გალავანი შემოავლო, გათლილი ბაზალტით, საფლავზე კი შავი მიწა გაშალა. იქნებ თხუნელა მინდვრიდან მოტანილ სწორედ იმ შავ მიწას მოჰყვა და მან ეს ვერ შენიშნა? გასაგები იყო, რომ საცოდავ ბებია ბავაკანს (ქალის სახელი) თხუნელა ვეღარაფერს დააკლებდა: ჯერ ერთი, ბებია ღრმად იყო დამარხული და მეორეც - გალავნის საძირკველი საფუძვლიანად იყო ჩაყრილი და თხუნელა იმ სიღრმემდე ვერ ჩავიდოდა, და კიდევ, ბებიასგან უკვე თითქმის აღარაფერი იქნებოდა დარჩენილი. მაგრამ ეს ნაკლებად აღელვებდა. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ადამიანები რას იტყოდნენ. ეს ხომ სანოს სირცხვილია? თხუნელას რაა რო? რბილი მიწა ნახა და თხრის, რაში ადარდებს, თუ ამის მნახველი სანოს სახეში შეაფურთხებს.

_იქნებ თხაროს, თხაროს, მობეზრდეს და წავიდეს? - ხმამაღლა გაიფიქრა სანომ.

თხუნელა რას ჭამს? მიწაში ფესვსა და ჭიაყელას ეძებს. ბებიას საფლავი ძლივს ოთხი კვადრატული მეტრი თუ იქნება. განა რამდენი ხანი დაკმაყოფილდება თხუნელა ამ პატარა სივრცით? გათხრის, კედელს მიადგება, ნახავს, რომ ქვაა და უკან გაბრუნდება. თუმცა ვინ იცის რას ფიქრობს თხუნელა? ან როგორ მოიქცევა? გარეული ცხოველია, ერთიც ვნახოთ და ამ სივრცეში მშვენივრად მოეწყოს, დაბინავდეს და დარჩეს. მაშინ რაღას იზამს სანო? სოფელში ხომ კიდევ ერთელ მოეჭრება თავი? ილაპარაკებენ, გაკილავენ, იტყვიან, რომ ბებიას საფლავზე თხუნელა განგებ მიიყვანა და გაუშვა.

განა მაშინაც ასე არ მოხდა? მეტსახელად „ტელევიზორი“ რომ შეარქვეს. გაგოს ვაზგენმა პირი მოაღო, „ტელევიზორიო“ თქვა და თავის ფარას ხვიხვინით უკან გაჰყვა, მას კი ეს სახელი მიეწება და შერჩა.

იმ წელს ქალაქ ვანაძორის მრგვალ უნივერმაღში ტელევიზორი ცხოვრებაში პირველად ნახა. იქამდე სმენოდა, რომ მსგავსი მოწყობილობა არსებობდა, მაგრამ ნახვით, არ ენახა. იდგა და ეკრანზე მომღერალ თეთრ, ქათქათა ქალს პირდაღებული შეჰყურებდა. უყურა, ტელევიზორს შემოუარა, ფიქრებში თავისი თავი ჩააქვავა: რატომ ცხოვრობს თავად სოფელში და ამ ქვეყნად რაც კი ახალი და კარგია პირველად ქალაქელებისთვის რატომ არის ხელისაწვდომი? ერთი ასეთი რატომ არ უნდა აიღოს და წაიღოს? სახლში, ზედა ოთახში

დადგამს, მთიდან ჩამოსული ჩართავს და ქალაქსა თუ ქვეყანას თვალს შეავლებს.

_რას უტრიალებ ამდენ ხანს? - შეუტია მსუქანმა გამყიდველმა ქალმა.

_რატომ, დაიკო, ყურება არ შეიძლება? - თავისი უხეში ენის მოტეხვით, ვითომდა თავაზიანად უპასუხა სანომ.

_ყურება კი შეიძლება, მაგრამ რამდენი უმაქნისია, ყველა რო აქ მოგროვდეს...

სანო უფრო მეტად იმან გაანაწყენა, რომ გამყიდველმა ქალმა ის უმაქნისად მიიჩნია. ცოტა მოითმინა, მრისხანება ჩაიცხრო და მშვიდად მიუგო:

_იქნებ ვყიდულობ, არ შევხედო?

_ერთი ამ მყიდველს დამიხედეთ!.. - ალმაცერი მზერით ქალმა თავიდან ფეხებამდე გადაზომა. ამან უფრო მეტად გაახელა სანო. როგორ თუ?.. მაშ, სანო მის თვალში კაცი არ არის? მაშ, სანოს იმდენი ფული არ აქვს, რომ ეს საოცარი მოწყობილობა იყიდოს და სახლში წაიღოს?

_რატომ, დაიკო? - ფართოდ გაუღიმა სანომ, - ჩემნაირ ბიჭს არ შეიძლება, რომ ფული ჰქონდეს?

_უფ, წადი რა შენს საქმეს მიხედე!.. - კამათის დასრულება სცადა გამყიდველმა, სანოს კი „თავისი საქმე“ უკვე ენახა და თავს არ ანებებდა.

_ფასს ვერ მეტყვით?

ქალი დემონსტრაციულად სდუმდა, სანო კი დაჟინებით ჩაცივებოდა:

_საქონლის ფასი მითხარით.

_ტელევიზორი 215 რუბლი ღირს, ამას კიდევ 17 რუბლი და 50 კაპიკი ემატება.

_ეგ რისთვის? - გააპროტესტა სანომ.

_ეგ უკვე ანტენის ფასია.

სანომ ვერ გაიგო - ანტენა რა იყო, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და უთხრა:

_ხვალ რომ მოვიდე, კიდევ გექნებათ, თუ ეს ერთი გაქვთ?

„ქეციანი, - გაიფიქრა ქალმა, - ვინ იცის, პურს მგონი კაკას ეძახის“, - გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა არ უთქვამს, მხოლოდ თავი დაუქნია. სანო ავტოსადგურში მივიდა, ავტობუსში ჩაჯდა და მთელი გზა ტელევიზორში ნანახ მომღერალი გოგოს სახეს თავიდან ვერ იცილებდა. „ეს რა კარგი რამეა, კაცო, ჩართავ და ქვეყანაზე რაც კი სასწაულია, მოაქვს და გივსებს სახლს“, - ფიქრობდა თავისთვის.

საღამოს მისი ცოლი წაღიკი (ქალის სახელი) ბავშვს უმღეროდა. სანო დიდ ოთახში იჯდა და გონებაში ისევ ტელევიზორი უტრიალებდა, ცალი ყურით კი ცოლის სიმღერას უსმენდა. სევდა იპყრობდა - მთელი არსებით ეუფლებოდა. მაშ ის, ტელევიზორში რომ მღეროდა, ისიც ქალია და ესეც? ისიც მღერის და ესეც? გული უკვნესოდა და ეს კვნესა, თითოეულ გულისცემასთან ერთად, საფეთქლებში უფეთქავდა. მათ სოფელში ტელევიზორი ჯერჯერობით არავის აქვს. მერე რა? დაე, ამ ერთ საკითხში მაინც პირველი სანო იყოს, ვისზე ნაკლებია? არც ფულის საკითხში გაუჭრდება. შემნახველ სალაროში დადებულ ხუთი ათას რუბლს ხელს არ ახლებს, სახლში ათასი რუბლი აქვთ და მის ნახევარს ტელევიზორს მოახმარს.

_დედა, - დიდი ხნის ფიქრისა და ოხვრა-კვნესის მერე დედას გასძახა, - სახლში ფული არის?

იცოდა, რომ იყო, მაგრამ არ უნდოდა ერთბაშად ეთქვა - ის ფული მოიტანეო.

_არის, რისთვის გინდა? - ჰკითხა დედამ, იფიქრა, რომ შვილს ჯიბის ფული სჭირდებოდა. ვინ იცის? მაღაზიაში, ალბათ ვისმესთან ერთად თითო ჭიქა დალია და ახლა... მამაკაცია, ხომ?

_ხუთასი რუბლი მჭირდება, - მიახალა სანომ.

_ვაიმე! - მუხლებზე ხელი დაირტყა დედამ, - ამდენი ფული რისთვის გინდა, შვილო?

_ტელევიზორი უნდა ვიყიდო.

_ეგ რა არის? - თვალები დაახამხამა დედამ.

_სახლში დასადგმელი ავეჯია. ყიდულობ, ზედა ოთახში დგამ, ჩართავ და უყურებ - რაც კი ქვეყანაზე ახალი და კარგი ხდება.

დედამ, მართალია, მისი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ ლეიბის ქვეშიდან ცხვირსახოცში გახვეული ფული გამოიღო და შვილს მისცა. სანომ ორმოცდაათი ცალი ათმანეთიანი გადათვალა, გადაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და დილას დაელოდა.

ავტობუსით წავიდა და ტაქსით დაბრუნდა. მთელი გზა უხაროდა, როცა გაკვირვებისგან გამყიდველის შუბლზე ასულ თვალებს იხსენებდა. სანომ დიდკაცური ხელგაშლილობაც გამოიჩინა და ხუთი რუბლი მასაც აჩუქა:

_დაიკო, ესეც შენ, შენი ტანჯვა-წვალებისთვის, - თუმცა კი კარგად იცოდა, რომ „დაიკოს ტანჯვა-წვალება“ მხოლოდ ფულის თვლა და საქონლის ჩვენება იყო.

ტაქსის მძღოლთან ერთად ტელევიზორი სახლში მიიტანა, ყუთიდან ამოიღო, ოთახში დადგა, მძღოლი გაისტუმრა, ანტენა სახლის სახურავზე დაამაგრა და ტელევზორი ჩართო. ეკრანი აინთო, მაგრამ გამოსახულებების ნაცვლად თოვლის მსხვილი ფანტელები ცვიოდა, ხმის ნაცვლად კი - შხრიალებდა. იცოდა, რომ ტელევზორი გაფუჭებული არ იყო - მაღაზიაში გასინჯეს და მშვენივრად უჩვენებდა. „იქნებ გზაში გაფუჭდა?“, - გაიფიქრა, მაგრამ ეს აზრიც უარყო. ის და ტაქსის მძღოლი ყურადღებით და ფრთხილად იყვნენ. ისევ შეხედა, ღილაკები მარჯვნივ და მარცხნივ გადაატრიალა, არაფერი გამოვიდა.

_უმჯობესია ხელოსანი მოიყვანო, - ფრთხილად უთხრა ცოლმა.

ათი რუბლიც ტაქსში წავიდა, რაიონული ცენტრიდან ხელოსანი რომ მოეყვანა და წაეყვანა, ხელოსნის ქირაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ხელოსანი სახურავზე ავიდა, ანტენა მიაბრუნ-მოაბრუნა, დახარა, ღილაკები ატრიალა, უჩხიკინა, რაღაც მოწყობილობით ანტენა გააძლიერა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. სუფრასთან დასხდნენ, ხელოსანმა არაყი დალია, დედამისის გაკეთებული ერბოკვერცხი მადიანად მიირთვა, სანოს მიცემული ოცდახუთმანეთიანი ჯიბეში ჩაიდო და განაცხადა:

_მიზეზი, შენი სახლის ადგილმდებარეობაა.

_როგორ? - ვერ გაიგო სანომ.

_შენი სახლი რომ სოფელში იყოს, ტელევიზორი დაიჭერდა, მაგრამ ასე, მთა ეფარება, ხელს უშლის.

სანოს რა უნდა ექნა? ხომ არ შეეძლო, რომ მთა მოენგრია და ტელეტალღებისთვის ზგა გაეხსნა? აზრადაც არ მოსვლია, რომ ტელევიზორი წაეღო და თუნდაც ცოტა იაფად მაღაზიისთვის უკანვე დაებრუნებინა, ამიტომაც ჰკითხა:

_რა შეიძლება გაკეთდეს?

_აი, მთის თავზე ანტენის დადგმა რომ შეგძლებოდა... - ამოილუღლუღა ხელოსანმა და წავიდა.

ხელოსანი წავიდა, მაგრამ მისი ნათქვამი სანოს თავიდან არ ამოსდიოდა. თავის მიზანზე უარს თქმას არ აპირებდა: თუ გადაწყვიტა, მაშასადამე, სასურველს მიაღწევს კიდეც!..

„ამდენი ხარჯის გამღები, დანარჩენსაც გააკეთებს, - ფიქრობდა ღამით, - წმინდა მთის წვერამდე, დავუშვათ, 100-120 მეტრი იყოს. თუ რკინის ბოძებს ჩაყრის, ესც შენი - 10-15 ცალი. რამდენი მავთული წავა? დავუშვათ, 120 მეტრიც ალუმინის მავთული წავიდეს...“.

დაიანგარიშა, მიუმატა-გამოაკლო და დარწმუნდა, რომ საქმეს თავს დიდი დანახარჯების გარეშე გაართმევდა. ვირზე შეჯდომა ერთია და დაბლა ჩამოსვლა - მეორე. ტელევიზორის ყურება თუ გადაწყვიტა, მაშასადამე, უყურებს კიდეც. პრობლემა არ არის. სახლის კედელთან დაწყობილი რკინის მილები თავისივე შედუღების აპარატით დაჭრა, მოძებად აქცია. ერთი შეკვრა ალუმინის მავთული იყიდა და ბოძების ჩაყრა დაიწყო. ამ საქმეში მისი თანამონაწილე, თანამოაზრე და დამხმარე უბნის ბავშვები იყვნენ.

რამდენიმე დღეში ბოძებს ჩავყრით, მავთულს გავჭიმავთ, - მათ და თავის თავს ამხნევებდა სანო, - და თქვენი თვალები სიკეთეს იხილავს. ფეხბურთის

_ყურება გინდათ? მოდით, თქვენს გულს კონცერტის ხილვა მოუნდება? აბა, ბიძია სანოს ტელევიზორი რისი მაქნისია? აბა, ბიძია სანომ ტელევიზორი ვისთვის იყიდა?..

საქმე წინ მოსალოდნელზე უფრო ჩქარა წავიდა. ორ დღეში ბოძები ჩაყარეს, მავთულები გაჭიმეს და ხელოსანმა რომიკმა ბოლო, ზედა ბოძის თავზე ანტენა დაამაგრა. ბავშვები და სანო სუნთქვაშეკრულნი ელოდებოდნენ, თუ რომიკი ტელოვიზორს როდის ჩართავდა. ბავშვებიდან არც ერთმა არ იცოდა ტელევიზორი რა იყო და რა უნდა ენახათ, მაგრამ სანოს იმდენად ფერადად და რეალურად მოეყოლა მათთვის ყველაფერი, რომ თითოეული მათგანის წარმოსახვაში რაღაც არნახული და საოცარი გამოსახულებები გიზგიზებდა.

რომიკმა ანტენა შეუერთა, ღილაკებს დააწვა, გაწია, გამოწია, გადამრთველი ატრიალა, მაგრამ ეკრანზე უწინდელივით თოვდა, მოწყობილობა შხრიალებდა და ყველას იმედს უცრუებდა, გარდა სანოსი.

სხვა ხელოსნებიც მოიყვანა, დედისგან აღებული 500 რუბლი დიდი ხანია შემოხარჯოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა. რა არ გააკეთა, მაგრამ მის სახლში ტელოვიზორმა არაფერი უჩვენა. სოფლის შუაგულში, მაღაზიაში უჩვენებდა, მისი დის სახლშიც - ასევე, მის სახლში კი ყრუ-მუნჯი ხდებოდა. და არავინ ეუბნებოდა სანოს, რომ უბრალო ალუმინის მავთულს მთის წვერიდან ტელევიზორამდე გამოსახულების მოტანა არ შეეძლო. ამისთვის სხვა სახის მავთული იყო საჭირო. მათ, სპეციალისტებად რომ თავი მოჰქონდათ, ამდენი არ იცოდნენ, არც სანომ იცოდა და... სწორედ იმ დღეებში იყო, რომ გაგოს ვაზგენმა სოფლის შუაგულში დასცინა და:

_ნეტავ ტელევიზორში რას დაეძებს სანო? ბევრი-ბევრი პაპამისის გახვრეტილი ქალამნები და მამამისის გაქუცული „ტელეგრეიკა“ უჩვენონ...

და იმ დღიდან მოყოლებული სანოს მეტსახელად „ტელევიზორი“ შერჩა, სოფელს კი - წმინდა მთის წვერზე ქარის ქროლვაზე მსტვინავი ანტენა... ტელევიზორი არ გაყიდა, არავის აჩუქა, ზედა ოთახში დადგა და შეინახა, როგორც საოცარი მორთულობა. კომოდის თავზე იდგა, ეკრანზე საიათნოვას სურათით - ქამანჩით ხელში. მართალია, ერთი-ორი წლის მერე სოფელში ტელევიზორი ბევრმა შეიძინა, ბევრმა შეიყვარა და ბევრსაც იმედი გაუცრუვდა, მაგრამ მთელმა სოფელმა სანოს მაინც „ტელევიზორი“ დაუძახა. თავიდან, ერთხელ ეწყინა სანოს, ორჯერ... ვიდრე ამ სახელს არ მიეჩვია. მერე, როცა სომხეთი დამოუკიდებელი გახდა და მსოფლიოს გზები გაიხსნა, მისმა ვაჟიშვილმა ერთი დიდი თეფში-ანტენა მოიტანა, ვაშლის ხე მოჭრა და ანტენისთვის შესაფერისი ადგილი შეარჩია. სანოს ნაყიდი შავ-თეთრი ტელევიზორი კი უმუშევრად დაბერდა და გამოუსადეგარი გახდა. ჯერ სახლის პირველ სართულზე ჩამობარგდა, ცოტა ხანი იმუშავა და გაფუჭდა. შიდა მოწყობილობები შვილიშვილმა გამოაცალა, ცოლმა კი ცარიელ ყუთად ქცეული გამოშიგნული ტელევიზორი ბოსელში წაიღო და ქათმების ბუდედ აქცია.

და იმ „ტელევიზორის“ დროიდან მოყოლებული სანო მშვიდ და მყუდრო ცხოვრებას ცდილობდა. „ჩვენი სისხლი მლაშეა, რაღაცას ისეთს ვიზამთ და სოფლის ყბაში ჩავვარდებით“, - ყოველ ჯერზე თავის თავს აფრთხილებდა. ახლა კიდევ ეს თხუნელა. განა, ამხელა სასაფლაოზე სხვა საფლავი არ იყო, რომ მოხვედი და ბებიაჩემის საფლავს ქექავ? ამ ქალს სიკეთის მეტი ქვეყანაზე არაფერი უკეთებია. რამდენი ქურდი და მექრთამეა სასაფლაოზე, რამდენი ხარბი და გაუმაძღარი, რამდენი უხეირო და უნამუსო? არა რა, ამ ქვეყნად სამართალი არ არსებობს. რომ ყოფილიყო, თხუნელა მათ არ დატოვებდა და საცოდავი ბებია ბავაკანის საფლავს თხრას არ დაუწყებდა. თუმცა ვინ იცის? ამ ქვეყნად მზაკვრობით ნაცხოვრები, იმ ქეყანადაც რაიმე გამოსავალს რომ არ მონახავს?

_ჩვენი სისხლი მლაშეა, - მთელი ღამე ბუტბუტებდა სანო, - რაღაც უნდა ვიღონო. ერთიც ვნახოთ და - ისევ რაღაც მომაკერონ.

კარგად ესმოდა, რომ ეს „რაღაც უნდა ვიღონო“, თხუნელას დაჭერა იყო, მაგრამ ეს საქმე დღე რომ გაეკეთებინა, ხალხს შეიძლება დაენახა და... მერე მიდი და ყველას აუხსენი, ვინც გკითხავს, რომ:

_თხუნელა ბებიის საფლავს ძირს უთხრის...

და გადაწყვიტა, რომ სასაფლაოზე დილაუთენია წასულიყო. არავის არაფერი უთხრა, ცოლსაც კი. დილის ხუთ საათზე ადგა, ბარი აიღო და სასაფლაოს მხარეს გაუყვა.

საფლავთან მივიდა და ყურადღებით დააკვირდა. გუშინდელის მერე თხუნელას ორი მიწაყრილი კიდევ მიემატებინა.
_ამ უპატრონოს უყურე ერთი, ტრაქტორია თუ მეშახტე? - გაიკვირვა.

იდგა და ელოდა ცხოველი როდის გაინძრეოდა - მიწის თხრას როდის დაიწყებდა. ირგვლივ სიწყნარე იყო. სასაფლაოზე სანო ყოველთვის განსაკუთრებულ სიმშვიდეს გრძნობდა. იცოდა, რომ ერთ დღესაც ისიც იქ მივიდოდა და თავისი ახლობლების გვერდით დაწვებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ იჯერებდა. სჯეროდა, რომ სიკვდილის იქით ცხოვრება არსებობს და ინტერესის გულისთვის მზად იყო, თუნდაც განსაზღვრულზე რამდენიმე წლით ადრე მისულიყო ქვათა ქალაქში. ხან უნდოდა სიკვდილი და ხან კიდევ იმედოვნებდა, რომ თავის ახლობელ ადამიანებზე უფრო დღეგრძელი იქნებოდა და ცოტა უფრო მეტ ხანს დასტკბებოდა მისთვის ბოძებული ამქვეყნიური ცხოვრებით - ცოტა სიხარულით, ბევრი საქმითა და ტანჯვით აღსავსე ცხოვრებით.

თხუნელას დაჭერის საიდუმლო იცოდა. მოთმინებით უნდა დალოდებოდა, ვიდრე ცხოველი მოქმედებას დაიწყებდა, მომენტი უნდა შეერჩია და სწორედ იმ ადგილას დაეჭირა, სადაც თხრიდა, თუ არა თხუნელას ათასი ხვრელი აქვს, გასაძრომ-გამოსაძრომი. დაახლოებით ერთი საათი უყურა. თენდებოდა. ყველაფერი უძრავად იყო. რას გაიგებ, თხუნელას როდის მოუნდება გაღვიძება და როდის დაიწყებს თხრას? სოფელს უკვე გაღვიძებოდა, ხმები სასაფლაომდე აღწევდა, ცისკრის იდუმალება ნელ-ნელა ქრებოდა და საფლავის ქვებს ეფინებოდა. სანომ განთიადს მზერა მოსწყვიტა და ირგვლივ მიმოიხედა. ბებიას საფლავის ცოტა ზემოთ დერენიკის საფლავი იყო. დერენიკი ქვაზე ზედმეტად სერიოზულად და სევდიანად გამოიყურებოდა. შეხედა და გაეღიმა:

_დერო, მანდაც არის ნახირში წასვლა-მოსვლის საათები, თუ მანდ საათი და დრო არ არსებობს? ვისაც როდის უნდა მაშინ იძინებს და იღვიძებს - თავიანთ ქეიფზე.

სურათი დუმდა, სასაფლაოს სიჩუმე კი გრძელდებოდა. საფლავთან მისი ხელით დარგულ მტირალა ტირიფის რტოებს მშვიდი სიო დასთამაშებდა, ეფერებოდა. ხე ნაზად ირხეოდა. „საინტერესოა მისმა ფესვებმა თუ ჩააღწიეს ბებიამდე?“ - თავისდა უნებურად გაიფიქრა სანომ და მზერა ისევ თხუნელას მიწაყრილისკენ გადაიტანა. მიწა მსუბუქად იძრა.

_ჰა, - გაუხარდა, - გაიღვიძე?

ფრთხილად, თხუნელა მისი ფეხის ხმაზე რომ არ დამფრთხალიყო, მივიდა და საფლავის ღობის კიდეზე ისე დადგა, რომ ფეხებით ბებიის საფლავს არ შეხებოდა. დაელოდა. თხუნელამ მორიგი მიწის ბელტი გამოიტანა და სწორედ იმ დროს სანომ ბარის პრი მიწაში ღრმად ჩაარჭო, იმ გათვლით, რომ მისთვის უკან დასაბრუნებელი გზა მოეჭრა. ცხოველმა მეტალის გემო იგრძნო და რამდენიმე წამით გაირინდა. შემდეგ გაქცევას ეცადა - უსიამოვნო, მწკლარტე მეტალის გემოსგან რომ გათავისუფლებულიყო. სანომ ბარის პირით მოთხრილი მიწა სწრაფად გადმოატრიალა და კედლისკენ მოისროლა. დაინახა, თხუნელამ მიწასთან ერთად ჰაერში ნახევარწრე როგორ მოხაზა და ბრაგვანით ძირს როგორ დაეხეთქა.

_ესეც, ასე! - ხმას კმაყოფილმა წაუწვრილა სანომ და ღობიდან დაბლა ჩამოხტა.

თხუნელას ძირს დახეთქებისგან გონება დაეკარგა, ან თავს იმკვდარუნებდა. სანო კი იდგა და თვალებდაჭყეტილი უყურებდა. ბარის წვერით შეეხო. თხუნელა გაინძრა.

ჰა, ცოცხალი ხარ? - გაუხარდა, - შენი ცხოვრებაც, ცხოვრება არ არის!.. თავისუფალი ცხოველი ამ

_ჩაკეტილ სივრცეში რომ მოსულხარ და... განა რამდენ ხანს უნდა თხარო ეს რამდენიმე კვადრატული მეტრი, რომ იცხოვრო? ღმერთმა შენც ხომ თავისუფალი გაგაჩინა?..

ბარის წვერით, მიწასთან ერთად თხუნელა გადააგორა და ტომარაში მოათავსა.

_ამბობენ, თხუნელას ხორცი სტომაქისთვის სასარგებლოაო, ქონი კი რადიკულიტს კურნავსო, - ცხვირის ქვეშ ჩაიბუტბუტა.

შემდეგ საფლავის გადათხრილი ადგილები სწრაფად გადაასწორა და მხარზე ტომარაგადაკიდებული სოფლისკენ გაუყვა. ნახირი უკვე მთისკენ დაძრულიყო, უკან მტვერსა და შარდის სუნს ტოვებდა. შარშანდელი ჯეელი მოზვერი, რომელსაც თავი ბუღად წარმოედგინა, ნახირს ჩამორჩენილი ზმუოდა და ფეხით მიწას უკუ ჰყრიდა.

_ნუ ჩქარობ, - სანოს, მის შემხედვარეს გაეღიმა, გეგონება მის წინ ადამიანი ყოფილიყო, - ცხოვრება ხანმოკლეა და ერთი დღესავით სწრაფად გადის. შენნაირების ცხოვრება კი შემოდგომით სასაკლაოზე მთავრდება. შენი მხოლოდ ამ დღის დილაა, ნესტოებში მოღიტინე მდედრების სუნი და მსუყე საძოვრის პოვნის იმედი.

სანომ ფეხს აუჩქარა. სასაფლაოზე გაჩენილი ბუნდოვანი აზრი უკვე რეალურად მოეჩვენა და თხუნელასგან სარგებლის მიღება გადაწყვიტა. ხორცს შეჭამს, დაე, მუცლის ტკივილები დაუამდეს, რადიკულიტს კი... მაგრამ სანამ სახლამდე მიაღწევდა, აღლეზის ხეობაში აზრი შეიცვალა.

უცებ იგრძნო, თუ თხუნელასადმი მისი მტრობა როგორ გალღვა და გაქრა. სოფლიდან სასაფლაომდე, ისევე, როგორც სიცოცხლიდან სიკვდილამდე, ერთი ნაბიჯიც არ არის, თხუნელას სიცოცხლე კი მის სიცოცხლეს ერთ წამსაც ვერ შემატებს. მაშასადამე, ღმერთის ქმნილებას სიცოცხლე რატომ უნდა წაართვას? მისი სტომაქი თხუნელას სიცოცხლესთან რა მოსატანია?

თანაც, თხუნელა რა არის, რომ მისი ქონის ხარჯზე განიკურნოს? ქვეყნის მთელმა ექიმობამ, ზედ დამატებული რაიონული ცენტრის საავადმყოფოს ნევროლოგი ანოც, ვერ შეძლეს მისი რადიკულიტის ოდნავ მაინც შემსუბუქება და ერთი თხუნელა რას უშველის?.. ყველა ადამიანს ხომ თავისი საზიდი ჯვარი აქვს? ანდა, ტკივილის გარეშე ხომ ვერ იცხოვრებს? ამ ტკივილებს განკურნავ, სხვა ტკივილები მოვა. უცნობი ტკივილი ხომ უფრო უარესია? ნაცნობი ტკივილთან ბრძოლა ხომ უფრო ადვილია, არა?..

_თანაც, განვიკურნოთ, რომ რა? განვიკურნოთ, რომ ჯანმრთელი მოვკვდეთ?.. - ბუტბუტებდა თავისთვის.

ხეობის ფერდზე გაჩერდა, ბარი მიწაში ჩაარჭო და მზერა მთის კალთას ააყოლა. უკაცრიელი ადგილი იყო. დაე, რამდენიც უნდა, იმდენი თხაროს ახლა თხუნელამ, რამდენსაც მისი ბასრი ბრჭყალები გასწვდება და რამდენ ხანსაც მისი სიცოცხლე გასტანს.

_მგონი ცოცხალი იყო, ხო? - თხუნელას უძრავი სხეულის შემყურემ თავის თავს ჰკითხა სანომ.

უცებ შენიშნა, რომ გვერდში მეზობლის, ზავენის ხუთი წლის ბენო ამოსდგომია და მიწაზე გართხმულ თხუნელას ინტერესით დაჰყურებს:

_ეს რა არის, ძია?

სანომ არ ჰკითხა - ბენო საიდან მოვიდა. იცოდა, რომ საძოვარზე ხბოები ჰყავდა მოყვანილი. გაეღიმა, ისე უპასუხა, მისთვის არ შეუხედავს:

_თხუნელაა.

_თხუნელა რა არის? - ისევ იკითხა ბენომ, მაგრამ სანომ აღარაფერი უთხრა.

თხუნელამ მიწის სუნი იგრძნო და გაინძრა. აქამდე პლასტიკური ტომრის სუნისგან გონწასული იყო. სანომ ბარით მიწა მოთხარა და თხუნელა ორმოში ჩასვა. ცხოველი მაშინვე გამოცოცხლდა და თხრა დაიწყო. მიწას სწრაფად ჰყრიდა უკან და ბენოს გაოცებული მზერის თანხლებით ნელ-ნელა სიღრმეში ძვრებოდა.

...შემოდგომის ბოლომდე თხუნელამ აღლეზის ხეობის ფერდის აყოლებაზე 48 ხვრელი გათხარა. სანო გაჩერდა, გადათვალა და გაოცდა: „ვინ იცის? იქნებ უცხოობის ბრალია, რომ ვერ ისვენებს? - დაღონებულმა გაიფიქრა, - ან იქნებ კარგი ადგილია და თავს კარგად გრძნობს?“. ძალიან უნდოდა, რომ თხუნელას თავი კარგად ეგრძნო და დარდის გამო სამყაროზე გაბოროტებული არ ყოფილიყო.

გაგოს ვაზგენი კი, რომლმაც თხუნელას ამბავი ვინ იცის საიდან გაიგო, უკვე მოხუცის წყლიანი თვალების ხამხამით, კვლავ ენამახვილობას მოჰყვა:

_ხალხო, ეგ თხუნელა კი არა, სანოს გაწვრთნილი აგენტია. დაიჭირა, მოამზადა და გაუშვა, რომ თურქეთში გადავიდეს. ვანის მიწისძვრაც სანოსა და მისი აგენტის საქმეა.

         

 სომხურიდან თარგმნა: გელა გელაშვილმა