მოქანდაკე, რომელიც რიყის ქვაზე მუშაობს - „ამ საქმის გარეშე ცხოვრება, უბრალოდ, არ შემიძლია!“

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დავით  კაბზინაძე უცნობი ქართველი მოქანდაკეა, რომელიც უკვე 11 წელია, ხელოვნების ნიმუშებს ქმნის და ამით ირჩენს თავს. დავითი ამ პროფესიით მამამ დააინტერესა - ამბობს, რომ წლების განმავლობაში, „მშრალ ხიდზე“, მამის მიერ შექმნილ ქანდაკებებს ყიდდა და სწორედ იმ დროიდან დაინტერესდა ამ პროფესიით. წლების განმავლობაში, მუშაობდა სხვადასხვა ეკლესიის, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე. 

დავითის შემოქმედების განსაკუთრებულობა იმ ქვის სახეობით  შეიძლება აიხსნას, რითაც ქმნის ქანდაკებებს - ესაა რიყის ქვა. როგორც თვითონ ამბობს, რიყის ქვაზე მუშაობა მამამ დაიწყო, თვითონ კი ამ საქმეს აგრძელებს. დავით კაბზინაძის ბევრი ნამუშევარი გაყიდულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - მყიდველები, ძირითადად, ემიგრაციაში წასული ქართველები არიან.

 

- პირველად როდის დაინტერესდით ქანდაკებით?

- სანამ ქანდაკებების კეთებას დავიწყებდი, 12 წლის მანძილზე, მამა მშრალ ხიდზე იდგა და ყიდდა თავის ნამუშევრებს, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ამიტომ, მამა მე შევცვალე. სწორედ მაშინ დავინტერესდი ქანდაკებებით.  უკვე 11 წელი გავიდა, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული.

- საინტერესოა, რა ასაკში შექმენით პირველი ქანდაკება?

- 27 წლის გახლდით. ეს იყო ტორსის ქანდაკება, რომელიც „მშრალ ხიდზე“ გავყიდე. როგორც ვიცი, მყიდველმა ჩემი ქანდაკება რუსეთში წაიღო.

- რა მასალით ქმნით ქანდაკებებს?

- რამდენიმე სახეობის ქვაზე ვმუშაობ, მაგრამ, ძირითადად, რიყის ქვით. ამ ქვით მუშაობის ისტორია მამაჩემისგან მოდის - სწორედ ის ამუშავებდა რიყის ქვისგან ქანდაკებებს. პატარა ასაკიდანვე დავინტერესდი და მამის დაწყებული საქმე გავაგრძელე. ეს ქვა, სხვა ქვებთან შედარებით, ბევრად რთული დასამუშავებელია, მაგრამ შედეგი მართლა საოცარია. მდინარეებზე ხშირად ვეძებ ლამაზ ქვებს, მერე ზედვე იძერწება დეტალები,  ჩამოისხმება, დამუშავდება და ეწყობა…

- რა არის თქვნი ინსპირაციის წყარო ქანდაკებების შექმნისას?

- ეს ჩემი საყვარელი საქმეა, რისგანაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ, ამიტომ რაიმეს შესაქმნელად, ინსპირაციის წყარო არ მჭირდება -  ვიცი, ძნელია ამით ოჯახი არჩინო,მაგრამ როცა ამ საქმისთვის ხარ შექმნილი, უარს ვეღარ იტყვი.

- როგორ ფიქროთ, რა არის თქვენი ნამუშევრების სახასიათო ელემენტი, რაც თქვენს ინდივიდუალიზმს ქმნის?

- ალბათ, ბრინჯაოსა და ქვის სინთეზი. ეს ის დეტალია, რომელიც ჩემს შემოქმედებას ინდივიდუალიზმს ანიჭებს, დანარჩენი კი საზოგადოების შესაფასებელია.

- მოგვიყევით სამუშაო პროცესის შესახებ, როდესაც მუშაობას იწყებთ, წინასწარ იცით, რას მიიღებთ საბოლოოდ?

- დიახ. როდესაც მასალას შევხედავ, უკვე ვიცი, მისგან რა უნდა გამოვიდეს.

- რთულია, საქართველოში იყო ხელოვანი?

- ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანია, მაგრამ ნაკლებად აფასებენ ამ პროფესიის ადამიანებს. საქართველოში ხელოვანის ცხოვრება რთულია, ძალიან ბევრს უთქვამს ჩემთვის, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, წადი ევროპაშიო, მაგრამ არ წავედი. ალბათ, ბოლომდე აქ დავრჩები, ჩემს საქართველოში და აქ ვეცდები წარმატების მიღწევას.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- სამომავლოდ, პერსონალური გამოფენის გაკეთება მინდა. თუ პანდემია მალე დასრულდება, სავარაუდოდ, გაისად დავგეგმავ. ჩემი შეუცვლელი გეგმა კი ბევრი ქანდაკების შექმნაა.