რა რეგულაციები მოქმედებს კინოთეატრებსა და თეატრებში

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველაფერი, რაც სპექტაკლსა და კინოსეანსზე დასასწრებად უნდა იცოდეთ!

2019 წლის მიწურულს, ჩინეთის პროვინცია ვუჰანში გაჩენილი ვირუსი, სულ რამდენიმე თვეში, პანდემიად იქცა. ეს პანდემია ჩვენი დროის გლობალური ჯანმრთელობის კრიზისია. გასული წლის ბოლოს, მისი გამოჩენის შემდეგ, ანტარქტიდის გარდა, კორონავირუსი ყველა კონტინენტზე გავრცელდა. ეს იყო ერთგვარი ტალღა, რომელმაც შთანთქა ყველა და ყველაფერი, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც მასთან გამკლავება გაუჭირდათ.

პანდემიას მთელი მსოფლიოს პარალიზება მოჰყვა და  სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც დიდი ზიანი მიაყენა. კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში დაწესდა უმკაცრესი შეზღუდვები, რაც ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, კულტურასაც - COVID-19-ის გავრცელების გამო, სახელოვნებო სივრცეში კრიზისული პერიოდი დადგა.

 

დაახლოებით, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წლის 1 აპრილს, საქართველოს კინოთეატრები და თეატრები შეზღუდვებით გაიხსნა. კინოჩვენებები კოვიდუსაფრთხოების სრული დაცვით მიმდინარეობს - ყოველი სეანსის შემდეგ, დარბაზს ასუფთავებენ და დეზინფექციას ატარებენ; სეანსის დროს, მაყურებელს უკეთია პირბადე და მხოლოდ პოპკორნის ჭამის დროს იხსნის; რაც მთავარია, დაცულია დისტანცია და მაყურებელი დარბაზში, ერთი სკამის გამოტოვებით ზის.

„კონოაფიშა გე“-ს მარკეტინგის დირექტორმა, გვანცა გარმელიამ „ვერსიას“ აუხსნა, რომ ყველა დარბაზი სპეციალურად კონტროლდება:

„პირბადის ტარება კინოს სივრცეში სავალდებულოა, თუმცა დასაშვებია პოპკორნის შეტანა და, რაღა თქმა უნდა, მირთმევის დროს, პირბადის მოხსნა. რეგულაციებიდან გამომდინარე, ასევე, გამკაცრებულია დისტანცია ბილეთის შეძენის დროს - ბილეთის შეძენა ხდება ერთი ადგილის გამოტოვებით და ასევე, ონლაინ“.

მართალია, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კინოთეატრები და თეატრები 1 აპრილს გაიხსნა, თუმცა როგორც გვანცა გარმელიამ „ვერსიას“ განუცხადა, კინოსეანსები ოფიციალურად, 8 აპრილიდან განახლდა.

„ჩვენ გავიხსენით 8 აპრილს. თავიდან, ნორმალური აქტიურობა იყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ საღამოს სეანსები არ გვქონდა, მაყურებელთა აქტივობას ამცირებდა, შემდეგ კომენდატის საათმაც გადაიწია, რის გამოც ერთი სეანსი დავამატეთ და დასწრებაც გააქტიურდა. ნელ-ნელა, ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით, თუმცა  იმის გამო, რომ რეგულაციებიდან გამომდინარე, ადგილების რაოდენობა განახევრებულია (დარბაზში, მაყურებლები ერთი ადგილის გამოტოვებით სხედან, -ავტ.), ცხადია, სავარაუდო შემოსავლების ოდენობას ესეც ანახევრებს. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდებით ძველ პანდემიამდელ მდგომარეობას, მაგრამ ამისთვის, როგორც მინიმუმ, სამი წელი მაინც დაგვჭირდება. ყველაფრის მიუხედავად, იმედი გვაქვს, ნელ-ნელა დავსტაბილურდებით“.

ამის შემდეგ, „ვერსია“ დაინტერესდა, რა ხდება თეატრებში და გაარკვია, რომ კინოთეატრების მსგავსად, სპექტაკლებიც რეგულაციების თანხლებით მიმდინარეობს. თეატრებშიც განსაკუთრებული სიმკაცრით იცავენ კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს. ასე, მაგალითად, სპექტაკლზე მისულ ადამიანს დეზობარიერი ხვდება და თერმოსკრინინგსაც იქვე გადის. თეატრების დარბაზებშიც, მაყურებლები ერთი ადგილის გამოტოვებით სხედან. რაც შეეხება პირბადის ტარებას, ამას ადმინისტრაცია აკონტროლებს.

„ვერსიამ“ გაარკვია, რომ თეატრების დარბაზებში, მაყურებლებს მთელი სპექტაკლის განმავლობაში უკეთიათ პირბადე. რაც შეეხებათ მსახიობებს, მათ რეგულაციების დაცვა კულისებშიც კი უწევთ:

„კულისებში რეგულაცია გამკაცრებულია, მსახიობებს უკეთიათ პირბადე და საგრიმიოროშიც სათითაოდ შედიან. არც ისე ხშირად, მაგრამ მსახიობების დაინფიცირების გამო, ხანდახან, სპექტაკლივარდება“ კიდეც“, - აცხადებენ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ადმინისტრაციაში.

 

***

კოვიდრეგულაციების მიუხედავად, ადამიანთა ისეთი კატეგორიაც არსებობს, რომლებსაც ძალიან უნდათ კინოსა და თეატრში სიარული, მაგრამ რეგულაციების დაცვას სკეპტიკურად უყურებენ. მათი განწყობის გარკვევეისა და გარკვეულწილად, სრული სურათის შექმნის მიზნით, „ვერსიამ“ სხვადასხვა ასაკის რამდენიმე ადამიანი გამოკითხა.

გიორგი, 23 წლის: კინოში სიარული ჩემი ჰობია. ერთი წელია, არ ვყოფილვარ, მაგრამ ერთი სული მქონდა, როდის გაიხსნებოდა კინოთეატრები. ვფიქრობ, თუ ყველა დავიცავთ იმ წესებს, რაც დაგვიწესდა, კინოში სიარული საშიში საერთოდ არ არის“.

ნინო, 28 წლის: „თეატრში ბავშობიდან დავდივარ, მიყვარს იქაური გარემო, ახლაც დიდი სიამოვნებით წავიდოდი, სახლში ასაკოვანი მშობლები რომ არ მეგულებოდნენ. კი არის რეგულაციები, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ კარგად იცავენ“.

სოფო, 38 წლის: „კინოსა და თეატრში წასვლის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ გარკვეულწილად, მეშინია კიდეც. არ ვიცი, რა სიტუაცია დამხვდება, დისტანცია კარგია, მაგრამ არ ვიცი, პირბადეს ატარებენ, თუ არა, ამიტომ თავს ვიკავებ“.

მარიამი, 18 წლის: „რაც კინოთეატრები გაიხსნა, მას შემდეგ სულ დავდივარ. არ ვიცი, შიშის ფაქტორი საერთოდ არ მაქვს“.

კოვიდპანდემიამ მთელი დედამიწა დააპაუზა და ყველაფერი გააჩერა. ახლა, პანდემიის დასასრულს ნელ-ნელა ვუახლოვდებით და პრეპანდემიურ მდგომარეობას ვუბრუნდებით, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ნორმალურ ცხოვრებას შიშის თვალით უყურებს. პანდემიამ ყველა სფეროს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, ეკონომიკური კრიზისი შექმნა და თითქმის ყველა სფერო დააზარალა, მაგრამ  სამყარო გამოღვიძებას იწყებს და ცდილობს, პანდემიასთან ერთად დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას.

 

ავტორი - სალომე ნოზაძე