ახალი კანონით, 1 აგვისტოდან კლინიკების მოულოდნელი ინსპექტირება იწყება

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პირველი აგვისტოდან ამოქმედდა რეგულირების ახალი კანონი, პირველ შემთხვევაში ეს არის ინსპექტირების ნაწილი, რომელიც გულისხმობს მოულოდნელ ინსპექტირებას კლინიკებში. ეს კანონი, რომელიც ახლა მანდატს სძენს რეგულირების სააგენტოს, არის იმ რეფორმების შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში უკვე აქტიურად ხორციელდება ბოლო ორი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი მხეიძემ განაცხადა.

მხეიძის თქმით, ახალი კანონი არის პასუხისმგებლობის ნაწილი რეგულირების სააგენტოსთვის.

„ეს არ არის რაღაც გარკვეული მექანიზმი იმისა, რომ ჩვენ ზედმეტი ძალაუფლება გაგვაჩნია დღეიდან. პირიქით, ჩვენ პასუხისმგებლობა გაგვეზარდა, რომ ყველა კონკრეტულ საჩივარს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით და ამისთვის რეგულირების სააგენტო არის მზად. ეს არის მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი. რა ხდებოდა ადრე – ჩვენი ვალდებულება იყო, რომ შუამდგომლობით მიგვემართა სასამართლოსთვის და 72 საათის განმავლობაში სასამართლო აკმაყოფილებდა ჩვენს შუამდგომლობას, მაგრამ სასამართლო მხარეს, კონკრეტულ კლინიკას უგზავნიდა ამ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, გვხვდებოდა ისეთი მაგალითები, როცა ინსპექტორები შედიოდნენ და გარკვეული პაციენტების გარკვეული სამედიცინო ბარათი გვხვდებოდა არა იმდაგვარი, როგორიც უნდა ყოფილიყო, არამედ განსხვავებული​ და ამისთვის არის სწორედ მოულოდნელი შემოწმება გათვალისწინებული. ყველა შემთხვევა, რომელიც იქნება ჩვენ მიერ შემოწმებული და ინსპექტირებული, იქნება აბსოლუტურად ობიექტურად. ამისთვის არსებობს პროფესიული საბჭო, სადაც ნებისმიერი საკითხი იქნება განხილული. ინსპექტორების სამსახურის ფუნქცია-მოვალეობა ის არის, რომ ამოიღოს კონკრეტული სამედიცინო ბარათები კონკრეტული პაციენტებისა, რომელსაც დაამუშავებს, წარუდგენს პროფესიულ საბჭოს. გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში იღებს პროფესიული საბჭო ხმათა უმრავლესობით. ეს არის ამის გადაზღვევის მექანიზმი. ჩვენ უკვე სამჯერ შეგვიძლია, გეგმურად შევიდეთ კლინიკებში. ჩვენ უფლებამოსილება გვაქვს, სამჯერ გეგმურად შევამოწმოთ წლის განმავლობაში, ინფექციებს და სანებართვო პირობებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში“, – განაცხადა მხეიძემ.