“ასპარტამი” კიბოს იწვევს?! - ჯანმოს სკანდალური გადაწყვეტილება

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ივლისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოაცხადებს, რომ "ასპარტამი", მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხელოვნური დამატკბობელი, "ადამიანისთვის შესაძლოა კანცეროგენული", ანუ - პოტენციურად კიბოს გამომწვევი იყოს. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "როიტერს", ანონიმურობის პირობის დაცვით, საქმეში ჩახედულმა ორმა სხვადასხვა ადამიანმა მიაწოდა.

ეს კვების ინდუსტრიისთვის სერიოზული პრობლემა იქნება და მარეგულირებლებს დამატებით თავსატეხს გაუჩენს. "ასპარტამს" უამრავი პროდუქტისთვის იყენებენ, დიეტური "კოკა-კოლით" დაწყებული, საღეჭი რეზინით დამთავრებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კიდევ ერთხელ შეხვდებიან კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC). შეხვედრაზე გადაწყდება, არის თუ არა საკმარისი აქამდე გამოქვეყნებული მტკიცებულება იმისთვის, რომ "ასპარტამი" პოტენციურად კიბოს გამომწვევ ნივთიერებად გამოცხადდეს.

საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებულ რჩევებზე და რეკომენდაციებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ექსპერტთა ცალკე კომიტეტი მუშაობს. ეს არის ჯანმოს და სურსათის და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის ექსპერტთა ერთობლივი კომიტეტი, რომელიც საკვებ დანამატებზე მსჯელობს. შემოკლებით - JECFA.

განხილვა ამ საკითხებზე ივნისში დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განცხადებას JECFA იმავე დღეს, 14 ივლისს გააკეთებს. ის 1981 წლიდან მოყოლებული ამბობდა, რომ "ასპარტამი", მისაღები დღიური ოდენობით, უსაფრთხო იყო. მაგალითად, ადამიანს, რომელიც 60 კილოგრამს იწონის, უპრობლემოდ შეეძლო რამდენიმე ქილა დიეტური სასმელის მიღება და რისკებს მხოლოდ დღეში 12-36 ქილა შეუქმნიდა. ამ ინფორმაციას შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები და ბევრი ეროვნული მარეგულირებელი ეყრდნობოდა.

როცა IARC-ის პრესსპიკერს "ასპარტამზე" ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ სხდომებზე მიმდინარე განხილვა კონფიდენციალურია. თუმცა, მან ისიც თქვა, რომ საბოლოო დასკვნა, სავარაუდოდ, "კანცეროგენულობის აღქმის მიმართულებით გადადგმული ფუნდამენტური ნაბიჯი" იქნება. პრესსპიკერის განცხადებით, კომიტეტი "აფასებს რისკებს, რაც განსაზღვრავს სპეციფიკური ზიანის (მაგალითად კიბოს) ტიპს, რაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეულ მდგომარეობაში და გარკვეულ დონეზე მიღებამ".

 

წყარო:ამერიკის ხმა