რა სიმპტომები ახასიათებს შაქრიან დიაბეტს ბავშვებში და როგორ უნდა ვმართოთ დაავადება?

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიაბეტი ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მომატება. შაქრიანმა დიაბეტმა ასაკი არ იცის, ამიტომაა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს დაავადება ბავშვებშიც ხშირად ვლინდება. ბევრი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზს გენეტიკური ხაზი წარმოადგენს, მაგრამ ეს მხოლოდ მემკვიდრეობაზე არ არის დამოკიდებული, სხვადასხვა გარემო პირობებიდან გამომდინარე ადამიანის ორგანიზმში შესაძლებელია დიაბეტი განვითარდეს. შაქრიანი დიაბეტის განკურნება ვერ ხერხდება, ამიტომ ადამიანი ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას იწყებს. სხვადასხვა სახის გართულებების თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა ადამიანმა სწორად მართოს ეს დაავადება. როგორ ვითარდება შაქრიანი დიაბეტი და როგორ უნდა მივხვდეთ , რომ რისკის ჯგუფის ქვეშ ვართ? „ვერსია“ ამ თემასთან დაკავშირებით ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა.

 

_ ბატონო ლაშა, როგორ ვითარდება შაქრიანი დიაბეტი და რამდენად გავრცელებული დაავადებაა იგი ბავშვებში?

_ შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მომატებით, ის შეიძლება იყოს გენეტიკური და ასევე სხვადასხვა გარემო პირობებისგან გამოწვეული.

არსებობს ორი ტიპის შაქრიანი დიაბეტი. ბავშვთა ასაკზე, როდესაც ვსაუბრობთ ტიპი ერთი ბევრად უფრო გავრცელებულია და ის ძირითადად ბავშვებში ვითარდება, ასეთ დროს გენეტიკური ფაქტორი ძალიან დიდ როლს ასრულებს მის განვითარებაში, ოჯახური ანამნეზის თვალსაზრისით. ბავშვთა ასაკში ტიპი ერთი დიაბეტი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ვირუსი, მაღალი ტემპერატურა და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ხდება უეცრად შაქრის ციფრების მატება, რომელსაც დიდი ხნის შემდეგ ამჩნევს მშობელი.

რაც შეეხება, შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორს, ეს უფრო მეტად ზრდასრულთა დაავადებაა, თუმცა სიმსუქნის განვითარების სტატისტიკური მონაცემების ზრდასთან ერთად, ასევე გაიზარდა ბავშვთა ასაკშიც, რომელიც შეჭიდულია ჭარბ წონასთან და კვების ქცევის დარღვევასთან.

_ რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს შესაძლოა შაქრიანი დიაბეტი განუვითარდეს?

- ამ დაავადებას კლასიკური ჩივილები ახასიათებს, ორივე ტიპის შემთხვევაში შეინიშენაბა: სისუსტე, ძილიანობისკენ მიდრეკილება, წონაში უეცარი კლება, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა და ტიპი ერთის შემთხვევაში ხშირად შეიძლება იყოს პირის ღრუდან აცეტონის სუნი.

ტიპი ორ დიაბეტს, ბავშვთა ასაკში საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მისი განვითარება, განსხვავებით პირველი ტიპის დიაბეტისგან. არსებობს გარკვეული რისკ ფაქტორები, ეს არის კვებითი დარღვევა, ჭარბი წონის განვითარება, რომელიც ხელს უწყობს შაქრის ციფრების გაზრდას ორგანიზმში. გარდა კვების დარღვევისა, ფიზიკური აქტივობა არის საკმაოდ დაქვეითებული ბავშვთა ასაკში, ამიტომ აუცილებელია მშობლებმა მიაქციონ ყურადღება და აკონტროლონ საკუთარი შვილის ცხოვრების წესი, რათა თავიდან აიცილონ სხვადასხვა სახის დაავადებები, ამ შემთხვევაში შაქრიანი დიაბეტი.

_ რითი განსხვავდება მოზარდებში განვითარებული შაქრიანი დიაბეტი ბავშვებთა ასაკის დიაბეტისაგან?

_  ორივე მათგანს აქვს საერთო ნიშან-თვისება – შაქრის დონის მომატება სისხლში, თუმცა,  ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადებაა.ეს ორი ტიპი ერთმანეთისგან იმით განსხვავდხება, რომ ტიპი ერთის დიაგნოზის დასმის დროს საციცოცხლო ჩვენებას წარმოადგებს მაშინვე ინსულინის ინექციების დაწყება, განსხვავებით ტიპი ორისგან, სადაც უპირველეს ყოვლისა უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, რომელშიც იგულისხმება ჯანსაღი კვება.

პირველი ეტაპისთვის შესაძლებელია მოხდეს კვებითი რეგულაციებით შაქრიანი დიაბეტის ციფრების მოწესრიგება ან დამატება გახდეს მედიკამენტების. ტიპი ერთი დიაბეტის დროს, აუცილებელია ინსულინო თერაპიის დაწყება, რადგან ეს არის ინსულინის სრული უკმარისობა, რომელიც გენეტიკური ფაქტორით განისაზღვრება და ავტოიმუნური პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში. ტიპი ორის დროს შესაძლოა ინსულინი გამომუშავდეს ორგანიზმში, მაგრამ ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებდეს, რის გამოც ხდება კვებითი რეგულაცია და მედიკამენტური თერაპიის აუცილებლობა.


_ ბატონო ლაშა, როგორ უნდა ვმართოთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ დაავადებასთან ერთად?

_ სამწუხაროდ, დაავადების დამარცხება ვერ ხერხდება, იქიდან გამომდიანრე , რომ არის ქრონიკული, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ და ვისწავლოთ მისი მართვა, ორივე ტიპის დიაბეტის დროს მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების დაცვას, სადაც იგულისხმება სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, გამართული ძილი, წყლის საკმარისი რაოდენობის მიღება ორგანიზისთვის.

თუმცა აღნიშნულ ფაქტორებს, რაც ჩამოვთვალე ტიპი ორი დიაბეტის დროს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ტიპი ერთი დიაბეტის დროს კი ძალიან მნიშვნელოვანია ინსულინის ადეკვატური დოზების შერჩევა პაციენტისათვის, მან უნდა ისწავლოს თითოეული პროდუქტი რამდენ ნახშირწყალს შეიცავს, რომ ამის შემდგომ ცხოვრების მანძილზე შეძლოს ინსულინის დოზების კორექტირება ექიმისგან დამოუკიდებლად.

ხშირ შემთხვევაში ტიპი ერთი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა თავისი ორგანიზმი იმდენად კარგად იციან, რომ შეიძლება, როგორც დიაგნოსტიკაში, ისე მკურნალობაში დაეხმარონ კიდეც ექიმს, რომელთანაც პირველად მივიდნენ, ამიტომ ორივე შემთხვევა გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და იმ წესების დაცვას, რაც არის აუცილებელი ამ დაავადების დროს, რომ არ მოყვეს სხვადასხვა გართულებები.

ავტორი: ანი სარდლიშვილი