რა უნდა ვიცოდეთ „ომიკრონის“ ახალი შტამის BA.5-ის და „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ - ინტერვიუ ლადო კახაძესთან

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში ძირითადად COVID19-ის ბოლო შტამის, "ომიკრონის" BA.2 ქვევარიანტი ცირკულირებს, დადასტურებული შემთხვევების ნახევარი "ომიკრონის" ახალი ქვე-ვარიანტი BA.5-ია. რა უნდა ვიცოდეთ ახალი შტამის შესახებ და როგორ დავიცვათ თავი - ამ თემასთან დაკავშირებით „ვერსიას“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო კახაძე ესაუბრა:

 -ბატონო ლადო, რა  სიმპტომებით ხასიათდება „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი BA.5 და განსხვავდება თუ არა წინა ვარიანტისგან?
- ვეყრდნობი ეპიდემიოლოგებს და ვირუსოლოგებს, როგორც მაქვს ურთიერთობა და კონტაქტები, კლინიკური ნიშნები აქვთ საერთო, ესენია: თავის ტკივილი, ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ზოგ შემთხვევაში  დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის. განსხვავებული თავისებურებით არ გამოირჩევა, რაც მთავარია, სივერაგით არ გამოირჩევა, მაგრამ 2-3 დღე მწყობრიდან ხომ მაინც გამოგიყვანს ადამიანს?!

-ამბობენ, რომ 2-3 დღე რთულად მიმდინარეობს ვირუსი...
-რა შტამებიც გავიარეთ, იმ შტამების მაგვარი არ არის, მაგრამ სამუშაო  გარემოს წყდები, თავი უნდა დაიცვა და სხვაც დაიცვა. ადამიანი სტაციონარში და რეანიმაციაში რომ მოხვდეს, ასეთი გართულებები არ ახასიათებს. ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს საერთაშორისო გამოცდილება, სხვადასხვა ინფორმაცია, ექიმების რჩევები. საუკეთესო საშუალებად დარჩა ისევ პირბადე და აცრა, აცრა შინაგანი საკუთარი იმუნური სისტემის მობილიზაციას ახდებს, ამაში არაფერია ცუდი.

-არის თუ არა ამ ვარიანტის მიმართ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტური?
-ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ამ ვირუსის ერთიანი საწყისი არის ერთი ბაზა - იმუნური სისტემის ჯარისკაცები, როცა მობილიზებულები არიან ისინი ადვილად გადაიტანენ და მოერევიან. ჩვენი მთავარი მიზანი რა არის? - ლეტალური შედეგი არ დადგეს და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა.

-ბატონო ლადო, აჩვენებს თუ არა ამჟამინდელი ტესტები კორონავირუსის ამ ვარიანტს?
- ტესტი, რასაკვირველია, ავლენს, რომელი ჯგუფის არის  და რომელ ჯგუფს მიეკუთვნება. როდესაც ადამიანს ტემპერატურა მაღალი აქვს და კლინიკური  გამოვლენაა, აუცილებელია საკუთარი თავის და გარშემომყოფების დაცვა, ამიტომ ტესტის ჩატარება ცუდი არ იქნება. 

-ხასიათდება თუ არა სწრაფად გავრცელების უნარით?
-გადადება და გავრცელება ნაკლები სიჩქარის აქვს, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ. კოვიდს ახასიათებს უამრავი შტამი, ამიტომ ყველაზე დიდი მზაობა ჩვენი არის იმუნიზაცია იმიტომ, რომ ვირუსი თუ იპოვის ნიადაგს გასამრავლებლად, ის აუცილებლად გამრავლდება.

- როგორ ფიქრობთ, როდის იქნება ამ შტამის გავრცელების პიკი?
-ეს უფრო ვირუსოლოგებს და ეპიდემიოლოგებს ეცოდინებათ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მაღალ პიკს არ პროგნოზირებენ. 

-ბატონო ლადო,  „მაიმუნის ყვავილზეც“ გკითხავთ - არის თუ არა გავრცელების რისკი და რა პრევენციული ზომები ტარდება ამისთვის საქათველოში?
-პირველ რიგში, განათლება, ეს არის ნაწილი იმის, რომ ადამიანი მოამზადო. საშინელი პანდემია გავიარეთ, გამოცდილება დაგვიგროვდა. ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება, ამიტომ სიჩქარის კუთხით დიდი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ, რასაკვირველია, ჰიგიენა და ცხოვრების წესი უნდა იყოს შესაბამისობაში, რადგან შევეცადოთ ამ ვირუსის შეკავებას. ჩვენთან, როგორც ვიცი, ერთი იყო დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ სრულად განიკურნა. ჯანმო-ს დირექტორის განცახდება მოვუსმინე, რომელმაც საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა. ძირითადად ჯანმო-ს მოწოდება იყო, რომ თითოეულმა ადამიანმა  ეს ინფორმაცია არ ჩავკეტოთ, რომ სხვისთვის ეს იყოს  დაცვის იარაღი.

-ბატონო ლადო, რას ურჩევდით მოსახლეობას, როგორ დავიცვათ თავი ვირუსების გავრცელებისგან?

-ისეთი ჭკვიანი მოსახლეობა გვყავს, აქეთ მასწავლიან, როგორ მოვიქცეთ, მაგრამ შევახსენებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ტრანსპორტში პირბადის მოხმარება ნამდვილად არ იქნება ცუდი. მეც მიწევს ტრანსპორტით გადაადგილება და ყოველთვის მიკეთია, ამას რომ ხედავენ შეიშმუშნებიან, ამოიღებენ და თვითონაც იკეთებენ. ნიღაბი არ დაგვიშავებს არაფერს. ახლა უკვე, როცა ზამთრის სეზონი მოვა, ვირუსმა შეიძლება თავისი კლანჭები გამოავლინოს, ამიტომ სეზონთან მიმართებაში უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება, მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა, რადგან ყველაფერს ხელით ვაკეთებს, ამიტომ ხელის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია.