„სამედიცინო კანაბინოიდები მსოფლიოში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება“- შემოვა თუ არა საქართველოში კანაფის შემცველი მედიკამენტები

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

კანაბინოიდების გამოყენება მედიცინაში – პირველ  ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გაიმართა, სადაც საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს. დისკუსიაზე მომხსენებელად მოწვეული იყო გერმანელი მედიცინის დოქტორი კირსტენ მიულერ-ვალი, რომელიც ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორი და გერმანიის კანაბინოიდური მედიკამენტების ეროვნული ასოციაციის (ACM) და კანაბინოიდური მედიკამენტების საერთაშორისო ასოციაციის (IACM) პირველი თავმჯდომარეა. ის პირად პრაქტიკაში აქტიურად იყენებს კანაბინოიდებს ეპილეფსიის რთული ფორმების, ADHD-ის და სხვა ტიპის სამედიცინო დიაგნოზის მქონე პაციენტებში.

დღეისათვის სამედიცინო კანაბინოიდებს ბევრი ქვეყანა წარმატებით იყენებს თერაპიული მიზნებისათვის. სამედიცინო კანაბინოიდები მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და პირღებინების შესამცირებლად, ასევე ტკივილის  გასაყუჩებლად. სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენება ხდება სხვადასხვა ფორმის ეპილეფსიის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ტრადიციული მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულ პაციენტებში. აგრეთვე, ასტიმულირებს შიდსის მქონე პაციენტებში მადას”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

რა განსხვავებაა სამედიცინო კანაფსა და მარიხუანას შორის და იგეგმება თუ არა სამედიცინო კანაბინოიდების შემოტანა ქართულ ბაზარზე? - ამის შესახებვერსიაშეხვედრის ერთ-ერთ ორგანიზატორს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ირმა კირთაძეს ესაუბრა.

_რატომ და როდის გადაწყვიტეთ საქართველოში მოგეწყოთ სამედიცინო კანაფის შესახებ საინფორმაცია შეხვედრა და რა იყო მთავარი მიზანი?

_პირველი და მთავარი მიზეზია ის, რომ  ამ დარგში ვმოღვაწეობ. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, ქცევა და ა.შ არის ჩემი პროფესიის ნაწილი, ჩემი კვლევის ობიექტი, თუმცა უფრო ფოკუსირებული ვარ მძიმე ნარკოტიკების ინექციურ მოხმარებაზე. რამდენიმე წლის წინ, სანამ კოვიდ-19 დაიწყებოდა, ჩემმა ერთ-ერთმა პროფესორმა, რომელთანაც ამსტერდამის უნივერსიტეტში ვსწავლობდი 2008 წელს, შემომთავაზა ხომ არ შევუერთდებოდი მკვლევართა ჯგუფს, მსოფლიო კონსორციუმს, რომლებიც კანაფის შინ გაზრდის შესახებ ატარებენ კვლევას. მათ ერთხელ უკვე ჰქონდა მსგავსი კვლევა ჩატარებული 2015 წელს და ახლა სურდათ, გაეფართოვებინათ არეალი, მოეცვათ თუნდაც განვითარებადი ქვეყნები და გაეგოთ, თუ რა ხდება მსგავს ქვეყნებში ამ მიმართულებით. კვლევას 10 000-ზე მეტი რესპონდენტი ჰყავდა, სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით, 18-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ერთ-ერთი იყო საქართველო.

მე, როგორც ამ დარგში ჩართულმა მკვლევარმა, წინასწარი შედეგების ანალიზის შედეგად აბსოლიტურად სხვა სურათი დავინახე. ადამიანებს სახლის პირობებში მოჰყავთ კანაფი, ზოგ შემთხვევაში რეკრეაციული მიზნით, ზოგჯერ თვითმედიკაციისთვის, როცა რაღაც ტკივილის ან შფოთვის გასაქარწყლებლად იღებენ და ა.შ. სამედიცინო მიზნით, კანაფის გამოყენებაზე ჩვენთან საუბარი არასდროს ყოფილა, თუ უსაუბრიათ და რამე გვესმის, მხოლოდ ცუდი. ამ მომენტში ვიფიქრე, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა, შეგვესწავლა და მიგვეღო ის გამოცდილება, რაც მსოფლიოს აქვს დღეს და რასაც მეცნიერება გვეუბნება.

ბევრი კოლეგა ჩავრთეთ საქმეში: ჩეხები, ავსტრალიელები, ამერიკელები და ა.შ. საბოლოოდ მოვედით დღევანდელ სიტუაციამდე, როცა უკვე პირველი შეხვედრა გავმართეთ ქართველ აუდიტორიასთან და მოვიწვიეთ სამედიცინო კანაფის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც არის ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორიც და მოქმედი პრაქტიკოს სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენების მიმართულებით. გვინდოდა, უშუალოდ მისგან, მოქმედი ექიმისგან მოგვესმინა, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებენ პრაქტიკაში სამედიცინო კანაფის პროდუქტებს და რა შედეგს იღებენ.

_არის თუ არა კანაბიდოინი ჩვეულებრივი მარიხუანას იდენტური?

_რა თქმა უნდა, არა, ჩვენ ტოლობის ნიშანი არ უნდა დავსვათ ჩვეულებრივ მარიხუანასა და სამედიცინო კანაფს შორის. ეს ორი აბსოლიტურად სხვადასხვა რამაა იმიტომ, რომ სამედიცინო კანაფში იგულისხმება გაკონტროლებული შემადგენლობა, როდესაც დომინანტია სბდ ანუ კანაბიდიოლი, რომელიც არ არის ფსიქოაქტიური კომპონენტი. ზოგ მედიკამენტში არის შემდეგი შემადგენლობაც, როდესაც თანაბარი წილით არის წარმოდგენილი სიბიდი და ტეტრაჰიდროკანაბიდიოლი და მესამე, როდესაც დომინანტია აღნიშნული ტეტრაჰიდროკანაბიდოილი, რომელიც ფსიქოაქტიურია. ამ სამი ტიპის მედიკამენტებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს, ის არ გამოიყენება ჯანმრთელ ადამიანებზე. გამოიყენება მაშინ, როდესაც არის რაიმე დაავადება/პათოლოგია, რომელსაც მოერგება აღნიშნული მედიკამენტები. აქ არ არის საუბარი მარიხუანაზე, რომელიც რეკრეაციული მიზნით გამოიყენება და არ კონტროლდება შემადგენლობა. ამიტომ ეს ერთმნიშვნელოვნად ხაზგასასმელია, რომ სამედიცინო კანაბიდიოლი და მარიხუანა არ არის ერთი და იგივე. ეს არის ორი განსხვავებული მცენარე. საქართველოში ახლაც არის ბაზარზე ზეთის სახით. არ ვიცი, რამდენად ხშირად გამოიყენება, მაგრამ ხალხმა ამის შესახებ არც იცის.

_როგორც მოვისმინეთ, სამედიცინო კანაფი ეფექტურია ბევრი დაავადების შემთხვევაში, თუმცა აქვს თუ არა მას სერიოზული გვერდითი მოვლენები და შესაძლოა თუ არა ერთი პრობლემის აღმოფხვრით მეორე წარმოშვას?

_ნებისმიერ წამალს, რომელსაც თქვენ ექიმი გამოგიწერთ, აქვს თავისი უკუჩვენებები და სხვა მედიკამენტთან ურთიერთქმედება. ამიტომ როდესაც ვახსენებთ სამედიცინო მიზნით მოხმარებას, აქ საუბარია საბოლოო ფარმაცევტულ პროდუქტზე, ჩვეულებრივ სამკურნალო მედიკამენტზე. ასე რომ, მასაც ახლავს თავისი გვერდითი მოვლენები. თუმცა, ეს არის ძალიან მცირედი, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა მედიკამენტის თანმხლებით მიღების შემთხვევაში. სხვა მნიშნვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული. ზოგადად, თუ პაციენტი რამდენიმე მედიკამენტს იღებს ერთად, ამ შემთხვევაში დამატებით სამედიცინო კანაფის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.

_როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა საქართველოს სამედიცინო ბაზარზე მისი დამკვიდრება?

_ეს ძალიან რთული იქნება. დიდი დისკუსიები უნდა შედგეს, სადაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვინაიდან ეს ცდება სამედიცინო რეგულირების მხარეს და ჩართულია ლეგალური ასპექტები, კანაფის იმ სამედიცინო პროდუქტების შემთხვევაში, სადაც შედის ფსიქოაქტიური კომპონენტი.

_რა განვითარება ექნება ამ შეხვედრას? გააგრძელებთ თუ არა თანამშრომლობას პროფესორ ირსტენ მიულერ-ვალთან?

_სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით, კიდევ კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, რა სარგებელი მოაქვს სამედიცინო კანაფის გამოყენებას მედიცინაში, გვჭირდება თუ არა საქართველოში მისი შემოტანა, როგორც მედიკამენტის. ეს საკმაოდ ვრცელი თემა და შესწავლის ობიექტია. ამისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს, რადგან უნდა იყოს ალტერნატივები პაციენტებისთვის, მათი ცხოვრების და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ამაში თუ ვინმეს ხელს შეუწყობს სამედიცინო კანაფი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის.