„არ გვაქვს ინფორმაცია, სად იმყოფება გატაცებული არასრულწლოვანი“- ბაია პატარაია ეთნიკურ უმცირესობაში ადრეული ქორწინების პრობლემებზე საუბრობს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 14 წლის გოგოს გატაცების საქმეზე გამოძიება სსკ-ს 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. შსს-ს განცხადებით, საქმეში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, სოციალური მუშაკი.

მედიის ინფორმაციით 14 წლის გოგო 23 დღეა, მეზობელ სოფელში, გამტაცებელი კაცის ბებიასთანაა.

გოგოს ბებია და მამიდა ყვებიან, რომ ბავშვს სამი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ გატაცებით და 11 წლის ასაკში იძულებით დანიშნეს. მათივე ინფორმაციით, გოგო ხუთმა პირმა გაიტაცა.

ასევე, ბოლო დროს მომხდარი ინფორმაციის მიხედვით, კასპში სოფელ ფერმაში 15-16 წლის მოზარდები, სავარაუდოდ, დანიშნეს. კადრები, სადაც, სავარაუდოდ, ნიშნობა ჩანს, სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკზე" გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, როგორ უკეთებს არასრულწლოვანი ბიჭი მეცხრე კლასელ გოგოს ხელზე ბეჭედს. ადგილობრივები და ოჯახის ახლობლები ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.

მოზარდი გოგოს ბაბუა, რომელიც ასევე სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორია, ამბობს, რომ ეს ნიშნობა არ ყოფილა, გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და ბეჭედი საჩუქარია.

"არაფერი ქორწილი არ ყოფილა, ცრუ ინფორმაციაა. ბავშვი ოჯახშია, სახლშია, ყველანი თავის ოჯახებში არიან და ყველაფერი ტყუილია. ვიღაცამ ვიღაცას საჩუქარი რომ მიუტანოს, ეგ რამეს ნიშნავს? ჩვენთან დაბადების დღეებს ეგრე იხდიან ხოლმე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ 18 წლის ზევით არის ქორწინება და არა 18 წლამდე," - ამბობს მოზარდის ბაბუა, სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხის შესწავლა დაწყებული აქვს. პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური და განათლების სამინისტროს რესურს ცენტრი.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ქალთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დამფუძნებელ ბაია პატარაიას ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ აღნიშნულ ორ სოფელში ძალიან ხშირია არასრულწლოვანთა იძულებით ქორწინება:

„სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გვქონია საშუალება, რომ ბავშვს შევხვედროდით იმის მიუხედავად, რომ წერილობითი სახით მოვითხოვეთ. ჩვენ ვართ ბებიის მხრიდან წარმომადგენლები, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან პასიურობს, ჯანდაცვის სამინისტროსაც მივწერეთ. გაუგებარია, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ იწელება ეს პროცესი, თუ ბავშვი მოძალადესთან არ იმყოფება და უსაფრთხოდ არის, მაშინ რატომ არ ორგანიზდება ჩვენი და ბებიის მასთან მიყვანა? რამდენადაც ვიცით, ზოგ ნათესავს ამ ეტაზპზე აკრძალული აქვთ ბავშვთან კომუნიკაცია, სავარაუდოდ - მშობლებსაც, რადგან გარიგებით ქორწინებაში მშობლები იყვნენ ჩართულნი. ბებიას არ აქვს სამართლებრივად შეზღუდული თავისი შვილიშვილის ნახვა. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, სად იმყოფება არასრულწლოვანი. იორმუღანლო, ადამიანების იძულებითი გათხოვების თვალსაზრისით, ნამდვილად ერთ-ერთი პრობლემური სოფელია“ - აცხადებს ბაია პატარაია.

ასევე კასპში მომხდარი ფაქტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სოფელ ფერმაში 15-16 წლის მოზარდები, სავარაუდოდ, დანიშნეს, უფლებადამცველისგან მოვიძიეთ ინფორმაცია. ბაია პატარაია ამბობს, რომ აღნიშნული სოფელი ძალიან მივიწყებულია და მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირად ხდება.

„ამ სოფელთან დაკავშირებით შემიძლია, გითხრათ, რომ ის ძალიან მივიწყებული და მიტოვებულია. რაიმე ტიპის პრევენციული შეხვედრები, ამ თემაზე, პრაქტიკულად, არ მიმდინარეობს. მაგალითად, მარნეულში, ქვემო ქართლსა და კახეთში, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, გაცილებით მეტი ღონისძიებაა ჩატარებული. ამ სოფელში ძალიან გავრცელებულია პატარა ასაკში ნიშნობა და ქორწილი. მოგეხსენებათ, ქართული კანონმდებლობით, 18 წლამდე ვერ დაქორწინდება ადამიანი, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაული მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ერთი პირი 16 წელს მიუღწეველია და მეორე პირი სრულწლოვანია. ამ წესს მეტ-ნაკლებად იცავენ ან უბრალოდ, მალავენ და გამოძიება ვერ ადგენს, იყო თუ არა სქესობრივი კავშირი 16 წლამდე პირისა და სრულწლოვანს შორის. აღნიშნულ ქეისში სკოლის დირექტორი დანიშნული გოგონას ბაბუაა. ამ საქმეში გარეულები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ევალებათ აღნიშნულ ქმედებებთან ბრძოლა, ისინი ჩართულები არიან რეფერალის მექანიზმში, რომელიც ადრეული ქორწინების პრევენციას გულისხმობს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო ქორწინება, ეს იყო ნიშნობა და რიტუალები სისხლის სამართლის კანონით აკრძალული არ არის. აკრძალულია სქესობრივი კავშირი სრულწლოვანსა და 16 წელს მიუღწეველ პირს შორის, ამიტომ რადგან ასეთი აკრძალვა არ არის ძირითადად, ამ დროს გამოძიება არ იწყება ხოლმე და თუ ჟურნალისტები დაინტერესდებიან, ამ საკითხს მოიძიებენ, მონაწილე პირები უბრალოდ, უარყოფენ ხოლმე ასეთ ფაქტს.

რეალურად არ ისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან არასრულწლოვნების მოტაცებაში, ქორწინებაში. დაუსჯელობა ახალისებს დანაშაულს. საპროცესო შეთანხმებები ამ თემში და საზოგადოებაში აღიქმება ჯარიმად და არ აღიქვამენ სისხლის სამართლის დანაშაულად. მსხვერპლი ზეწოლისგან დაუცველია და შეიძლება მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდეს ყველაფერი, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე დათრგუნულია არასრულწლოვანი ბავშვის ნება, ვინაიდან მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და ის აღარ თანამშრომლობს სამართალდამცავებთან,  ამ ბავშვების ეფექტური დაცვა ზეწოლისაგან არ ხდება.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყველა ასეთი არასრულწლოვანი იყოს განრიდებული როგორც საკუთარი, ისე მოძალადის ოჯახიდან და ბავშვთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშაოს სოციალურმა სამსახურმა, ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა, რომ სხვა ადამიანებს არ ჰქონდეთ საშუალება, ბავშვზე განახორციელონ ზეწოლა“

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი