როგორ ვებრძოლოთ კვებით და ალკოჰოლით მიღებულ ინტოქსიკაციას ახალი წლის დღეებში - ექიმის რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი წლის დღეებში საგრძნობლად იმატა კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებმა. საკვებით მოწამვლის შემთხვევათა რაოდენობა შეიძლება იყოს მსუბუქი, მაგრამ ზოგიერთი საკვებისმიერი დაავადება და მდგომარეობა საგანგაშოა. განსაკუთრებით ეს პრობლემა საქართველოში ახალი წლის დღეებში იჩენს თავს ზღვარგადასული კვებითა და ალკოჰოლით თრობის გამო. რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლის დღეებში და როგორ ავირიდოთ კვებითი მოწამვლა? - ამ საკითხთან დაკავშირებით ენდოკრინოლოგ, ნათია ჩაჩავას ვესაუბრეთ:

-ქალბატონო ნათია, ახალი წლის შემდეგ კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები გახშირდა, რა არის ამის მიზეზი - უხარისხო პროდუქტი, პროდუქტის არასათანადო შენახვის პირობები თუ გადაჭარბებით მიღება?


-ახალი წლის პერიოდში, განსაკუთრებით, როდესაც ეს ხდება საქართველოში, ჩვენს მრავალფეროვან სუფრას თუ გავითვალისწინებთ, სადაც საკმაოდ არის მარილიანი, ცხიმიანი, ნიგვზიანი სანელებლებით შეზავებული და ასევე ცხიმიანი ხორცის პროდუქტები, შეიძლება საქმე არც იყოს შენახვის პირობებთან, მალფუჭებად პროდუქტებთან. ეს შეიძლება, გამოიწვიოს გადამეტებულმა მიღებამ, არა ინტოქსიკაცია, არამედ გარკვეული დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა. განსაკუთრებით თუ უკვე არის ადამიანში რაიმე ქრონიკული პრობლემა ამ კუთხით. ეს შეიძლება, გამოიხატოს მუცლის არეში ტკივილით. ასევე, გულის რევის შეგრძნება, შებერილობა გარკვეულწილად არარეგულარული კუჭის მოქმედება, ნაღვლის ბუშტის გარკვეული პათოლოგიების გამწვავება, მაგალითად, თუ ეს ეხება კენჭოვან დაავადებას თუ ნაღვლის ბუშტის ანთებას, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, რომელიც მწვავდება გადამეტებული რაოდენობის საკვების მიღების შედეგად. ამან შეიძლება განაპირობოს დისკომფორტი, რაც განსაკუთრებულად იმატებს ახალი წლის პერიოდში.
რაც ყველაზე მთავარია, საქმე არ გვაქვს მხოლოდ ერთ დღეში მიღებულ დიდი რაოდენობის საკვებთან. როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში ეს საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება, შესაბამისად, გადამუშავებაც და მომნელებელი ფერმენტების რაოდენობაც, რომელმაც ცხიმი, ნახშირწყალი და სხვადასხვა სანელებლები უნდა მოინელოს, არასაკმარისია ჩვენს ორგანიზმში. შესაბამისად, გადაუმუშავებელი საკვები შემდგომში იწვევს ინტოქსიკაციას, რომელიც სხვადასხვანაირი ნიშნებით გამოიხატება.


- რამდენ ხანში ვლინდება და რამდენი ხანი მიმდინარეობს ორგანიზმში ინტოქსიკაცია?


-2-3 დღის შემდეგ ვლინდება, განსაკუთრებით თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა და ერთბაშად ხდება არასასარგებლო საკვებზე გადასვლა. აქ შესაძლებელია, მაშინვე იჩინოს თავი, მაგრამ თუ საუბარია კონკრეტულად არავადიან, შენახვის პირობების დარღვევით მიღებულ საკვებზე, აქაც მაშინვე იჩენს თავს მწვავე ფორმით, როგორიც არის-შეუჩერებელი ღებინება, ფაღარათი, მაღალი ტემპერატურა.


- ინტოქსიკაციის შემთხვევაში რა რეკომენდაციბი უნდა დავიცვათ?
- თუ გამოვლენილია სიმპტომები ეს უკვე მკურნალობას საჭიროებს. დიდი რაოდენობით სითხე უნდა მივიღოთ, აუცილებელია სწორ და დიეტურ საკვებზე გადასვლა. მთლიანად უნდა იქნას ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები, რომელმაც გამოიწვია ინტოქსიკაცია, ასევე ცხიმიანი საკვები, მაღალ მარილიანი, ცხარე და მწარე სანელებლები, ხილსა და ბოსტნეულზეც თავშეკავება გვმართებს.


-როგორ დავიცვათ თავი კვებითი ინტოქსიკაციისგან?
-ჯანმრთელ ადამიანზეა აქ საუბარი და არა მათზე, ვინც ჭარბწონას ებრძვის, სიმსუქნეს ან რომელიმე ენდოკრინულ დაავადებას. შესაბამისად, საახალწლო დღეებში, რომლებზეც ისინი აუცილებლად ხვდებიან და ეს სუფრა მრავალფეროვანია, ზომიერების დაცვა იქნება ამ შემთხვევაში თავის დაცვა. დაგემოვნების, ზომიერების ხარჯზე შეგვიძლია, გართულებების თავიდან არიდება.


-ასევე პრობლემას ქმნის ნაბახუსევი. ამ მხრივ რა რჩევებს მისცემდით მოსახლეობას?
-იგივე ეფექტები ახასიათებს ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებასაც. იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა გარკვეული პრობლემები, ალკოჰოლის მიღების რაოდენობას და ასევე დღის იმ მონაკვეთს, როდესაც მას მიიღებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს. ალკოჰოლის 100-დან 200 გრ-მდე მიღება არის დასაშვები, აქაც იგულისხმება ჯანმრთელი ადამიანი. თუ ადამიანს ჯანმრთლეობის პრობლემა აქვს, შეიძლება 100-მა 200-მა გრამმაც პრობლემა გამოიწვიოს, ამიტომ აქაც აუცილებელია ზომიერების დაცვა.

ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი